ახალი ამბები

ერთი თვე ჩემ ნაცვლად ჩემს ცოლს უსმენდნენ — ვახტანგ მეგრელიშვილი „გირჩიდან“

2 ოქტომბერი, 2019 • 1584
ერთი თვე ჩემ ნაცვლად ჩემს ცოლს უსმენდნენ — ვახტანგ მეგრელიშვილი „გირჩიდან“

„გირჩის“ წევრების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ რამდენიმე მათგანს ფარულად უსმენდნენ.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახო მეგრელიშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ 2 ოქტომბერს შსს-ში მისულებმა გაიგეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში უსმენდა.

თუმცა, როგორც მეგრელიშვილი ამბობს, პირადად მის შემთხვევაში, სუსი შეცდომით უსმენდა არა მას, არამედ მის ცოლს. მისივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში დაახლოებით 7-8 ადამიანს უსმენდნენ.

პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, მირიან ბეჟიტაშვილმა ტვ პირველს უთხრა: „უშუალოდ ჩემზე რა ტიპის მოსმენა განხორციელდა არ ვიცი, მაგრამ კონკრეტულად ის ადამიანები, ვინც იმ მომენტში ორგანიზაციულ საკითხებში იყვნენ ჩართულნი, მათი ჩანაწერები არსებობდა და გამაცნეს მათი ჩანაწერები“.

„გირჩის“ კიდევ ერთმა წევრმა, იაგო ხვიჩიამ დაწერა, რომ 2 ოქტომბერს შსს-ში დაბარებას და თქმას, რომ უსმენდნენ, „ტლანქ გაფრთხილებად“ აღიქვამს.

პარტიის თანადამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე შსს-ში დაბარებას „გირჩის“ ბოლო აქტივობას უკავშირებს – ტაქსების ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით.

პირველ ოქტომბერს ტაქსის მძღოლებს თეთრის გარდა სხვა ფერის მანქანით მგზავრების გადაყვანა აეკრძალათ. იმავე დღეს ჯაფარიძე საკუთარი მუქი ნაცრისფერი მანქანითა და ტაქსის ტრაფარეტით მოძრაობდა ქუჩაში, რის გამოც 200 ლარით დააჯარიმეს კიდეც.

„გირჩის“ მიერ ორგანიზებული „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯამში, 11 ადამიანი დააკავა მათ შორის, თავად ზურა ჯაფარიძეც. უწყებაში განმარტავდნენ, რომ ამის მიზეზი ფესტივალის ორგანიზება და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა იყო.

ფესტივალთან დაკავშრებით გამოძიება სსკ-ს 273-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც მარიხუანის უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი