გამარჯვებული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერ გურამ ჩალაგაშვილს პოლიცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ წვრილმან ხულიგნობას ედავება.
როგორც ნეტგაზეთს სასამართლოში განუცხადეს, საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სწორედ წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
გურამ ჩალაგაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელია.
“გურამ ჩალგაშვილისგან ხულიგანი უნდა გამოიყვანონ, რაც კიდევ ერთი ნონსენსია. ის პოლიტიკოსია, ჩვენი პარტიის აღმასრულებელ მიმართულებას ხელმძღვანელობს”, – ამბობს მთავართან საუბარში ჩალგაშვილის თანაპარტიელი კოტე კემულარია.
“წუხელ დააკავეს, ღამის 2-დან 3 საათამდე. იყო მეგობართან, მოდიოდა სახლში, საჭესთან იჯდა მძღოლი. მას რამდენიმე პატრულის მანქანამ გადაუჭრა გზა, გადმოიყვანეს მანქანიდან, იყო უხეში მოპყრობა და შემდეგ ეს ყველაფერი გააფორმეს, რომ თითქოს ჩალაგაშვილმა იხულიგნა”, – აღნიშნავს კემულარია.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შსს:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 1977 წელს დაბადებული გ.ჩ. თბილისში დააკავეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა – 1977 წელს დაბადებულმა გ.ჩ-მ სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს”, – აცხადებენ შსს-ში.