ირაკლი ოქრუაშვილის პარტია “გამარჯვებული საქართველოს” წევრი გურამ ჩალაგაშვილი მიიჩნევს, რომ მას ჰქონდა ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლების იმედი. ამის შესახებ მან ტვ “პირველის” ეთერში ისაუბრა დღეს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა მათი შეწყალების შესახებ.
“არ დაგიმალავთ, გულის სიღრმეში მჯეროდა და ველოდი, რომ გიგი უგლავა და ირაკლი ოქრუაშვილიც იქნებოდნენ თავისუფლები. რომ გითხრათ, დღეს მქონდა ამის მოლოდინი, არ ვიქნები მართალი. ეს არის ერთადერთი სწორი და პოზიტიური გადაწყვეტილება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო. მან საკმაოდ კარგად ახსნა და გააკეთა განმარტება, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს.
ის უმნიშვნელოვანესი ცვლილება, რომელიც ჩვენ გვჭირდება და უნდა შევიდეს კონსტიტუციაში, რომელიც ქართველმა ხალხმა მოიპოვა 20 ივნისის ღამის შედეგად, ეს ყველაფერი გადატანილი უნდა იქნეს ფურცელზე. მე შემიძლია ვთქვა, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყნის პრეზიდენტმა, 8 მარტის შეთანხმებას მიანიჭა იურიდიული ძალა და, შესაბამისად, უკვე ველოდებით გიორგი რურუას გათავისუფლებას და ამის შემდეგ ოპოზიციის 27 ხმა ექნება გარანტირებული ხელისუფლებას, რათა კონსტიტუციაში შევიდეს ის ცვლილებები, რაც იქნა მიღწეული შეთანხმების შედეგად”, – თქვა გურამ ჩალაგაშვილმა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აცხადებდნენ, რომ “პოლიტიკური პატიმრების” – ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და გიგი უგულავას – გათავისუფლების გარეშე ისინი მხარს არ დაუჭერდნენ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამ ცვლილებებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულ არჩევნებთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს, რაც გულისხმობს 120 დეპუტატის პროპორციული, 30-ის კი მაჟორიტარული სისტემით არჩევას.
“ქართული ოცნება” აცხადებდა, რომ 8 მარტის შეთანხმება ვინმეს ციხიდან გათავისუფლებას არ გულისხმობდა და ამას არ აპირებდნენ, რასაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა. მათ ხელისუფლებას ღიად მოუწოდეს “პოლიტიკური პატიმრების” გათავისუფლებისკენ.