“საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაულს ულოცავს, სიკეთეს, სიხარულსა და ჯანმრთელობას უსურვებს საქართველოში მცხოვრებ ყველა აზერბაიჯანელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღესასწაულის სიხარულს იზიარებს. საქართველოში ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნა ტრადიციად იქცა. ის გაზაფხულის შემოსვლასა და სიცოცხლის განახლებას უკავშირდება”,- ნათქვამია მილოცვის ტექსტში.
2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა, ხოლო 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2010 წელს 21 მარტი ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. დღესასწაული, რომელიც 20 -დან 24 მარტამდე გრძელდება, კულმინაციას 21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დროს აღწევს. მიჩნეულია, რომ ამ დღესასწაულის შემდეგ ბუნება გამოფხიზლებას და გამოცოცხლებას იწყებს.
ნოვრუზი – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი “ნოვ”- ახალს, ხოლო მეორე – “რუზ” დღეს ნიშნავს. ოდითგანვე 21 მარტს დღისა და ღამის გათანასწორების, ჰაერის გათბობის, თოვლის დნობის დაწყების, ხეებზე ყლორტის გამოსვლისა და დედამიწის გამოცოცხლების, ანუ სიცოცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ და, შესაბამისად, ნოვრუზ ბაირამიც გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია.
“ნოვრუზის დღესასწაული, როგორც წესი, სამ დღეს გრძელდება. ნოვრუზის დადგომამდე თვის ოთხივე კვირის ოთხშაბათიც მნიშვნელოვანია. მას “უსკუსაც” უწოდებენ. ბოლო ოთხშაბათის წინა დღეს (სამშაბათს) სასაფლაოზე გადიან. მამაკაცები სურა “ფათიჰას” კითხულობენ, ხოლო ქალებს ხალვა, ფლავი და სხვადასხვა საჭმელი გააქვთ საფლავებზე. ნოვრუზის დღეს კი საჭიროდ თვლიან, იმ წელს გარდაცვლილი ადამიანის ოჯახები მოინახულონ, თუმცა ნოვრუზის დღესასწაულზე დამწუხრება ცოდვად ითვლება. ამ დღეს შაქარს, ბრინჯს, კვერცხსა და სხვადასხვა საკვებს ხელმოკლე ოჯახებს უნაწილებენ; ამავდროულად, ავადმყოფებსა და ნათესავებსაც მოინახულებენ. გავრცელებული წარმოდგენების მიუხედავად, ეს დღე არა ისლამური, არამედ აღმოსავლური ერების დიდი ნაწილის ტრადიციული, ეთნიკური ხასიათის დღესასწაულია”,-ნათქვამია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ გავრცელებულ მასალაში.