ახალი ამბები

„აიპლიუსი“ ვიდეოთვალთვალს კანონის დარღვევით ახორციელებდა – სახელმწიფო ინსპექტორი

30 სექტემბერი, 2019 •
„აიპლიუსი“ ვიდეოთვალთვალს კანონის დარღვევით ახორციელებდა – სახელმწიფო ინსპექტორი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, პეკინის გამზირზე ტექნიკის მაღაზია “აიპლიუსი“ გარეპერიმეტრის ვიდეოთვალთვალსა და აუდიოჩაწერას კანონით დადგენილი წესების დარღვევით ახორციელებდა.

შემოწმება უწყებამ 27 აგვისტოს საქმეზე დაიწყო, მას შემდეგ, რაც მაღაზიის ვიდეოკამერების მიერ გადაღებული ვიდეო ფეისბუკზე გავრცელდა.

ამ დღეს 4 წლის ბავშვი სახეში დაჭრეს, რაც “აიპლიუსის“ ვიდეოზე იყო ასახული.

უწყება ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა შემოწმების მიმდინარეობისას ჩანაწერის გასაჯაროების სამართლებრივი საფუძველი და მიზანი ვერ დაასახელეს.

“აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, მაღაზია „აიპლიუსი“ ​ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად.

შესაბამისად, კომპანიას ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი – გაფრთხილება“, – ნათქვამია ინსპექტორის განცხადებაში.

27 აგვისტოს თბილისში, პეკინის გამზირზე, პირმა 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ამავე თემაზე:

პოლიციამ დააკავა ქუჩაში 4 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი

მასალების გადაბეჭდვის წესი