“მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნატოს და ევროკავშირის მიმართულებით ნაბიჯების წინ გადადგმა. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ტემპი ჩვენი ნაბიჯების და მიახლოების ვერ არის ისეთი, როგორიც გვინდა იყოს. დიდწილად არა იმიტომ, რომ საქართველომ შეანელა ნაბიჯები, ან საქართველო ვეღარ მიდის ისე რაღაც სწორი მიმართულებით. უფრო იმიტომ, რომ, აი, მინდა ჭიქა ავიღო და ცივი წყალი დავლიო, არა იმიტომ, რომ გაგიბრაზდით რამეზე, უბრალოდ ჭიქამ გაიწია ცოტა იქით. ნატომ გადაწყვიტა გარკვეული მანევრების ჩატარება, არა სამხედრო მანევრების, არამედ პოლიტიკურის, ამ პროცესში,”– განაცხადა მან.
უსუფაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ნატოსთან ურთიერთიბის პროცესის გაგრძელება:
“ჩვენი ამოცანაა სწორედ, გავაგრძელოთ ნატოს კარში შესვლა და გამოსვლა და ის კარი ჩვენთვის ღიაა იმ აზრით, რომ ჩვენ იქ შევდივართ, ვსაუბრობთ, ვმსჯელობთ, გამოვდივართ. მერე ვიწყებთ ახალ პროექტებს, ვიწყებთ ახლა ნატოს საწვრთნელი ცენტრის მშენებლობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს წევრი პრაქტიკულად ყველა ქვეყანა იქნება უკვე ჩართული საქართველოსთან ინტეგრაციის პროცესში, იმიტომ, რომ მათი წარმომადგენლები ფიზიკურად საქართველოში იქნებიან და პირდაპირი კონტაქტები გაჩნდება ნატოს წევრ სახელმწიფოებთან და ასე შემდეგ. ჩვენ ეს პროცესი უნდა გავაგრძელოთ აუცილებლად. სხვა ალტერნატივა ამ პროცესს, სამწუხაროდ, არ აქვს. ეს კარგი კი არ არის. ქვეყანას ჯობია ქონდეს 2–3 ალტერნატივა და მერე ჩვენ გადავწყვიტავთ ხოლმე, ეს ვქნათ თუ ის ვქნათ.”
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველომ ნატოში გაწევრიანებამდე უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეძლოს:
“სანამ ნატომდე მივალთ, როგორი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, ვის უნდა ველაპარაკოთ, ვის არ უნდა ველაპარაკოთ, ვისთან დიალოგში ვიყოთ, ვისთან დიალოგის იმიტაციაში ვიყოთ, ვისთან რა ტემპებით ვიმოძრაოთ, – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განსასაზღვრი ამბავი იმიტომ, რომ ვხედავთ და ვიცით, რომ ხვალ ან ზეგ რომ დაგვჭირდეს, უცებ ნატო არ გვეტყვის, რომ კი, თქვენ ჩვენი წევრები ხართ,”– განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა 2 მარტს განაცხადა, რომ საფრანგეთი ამ ეტაპზე ნატოს გაფართოებას მხარს არ დაუჭერს.