მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ცენტრის გახსნა საფრთხის შემცველი არ არის:
“რაც შეეხება საფრთხეს, თუ რამდენად საფრთხის შემცველია, ვინაიდან მედიაში ჩნდება მოსაზრებები და ექსპერტების მხრიდანაც ჩნდება მოსაზრებები, რომ ეს ცენტრი შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს ვინმესთვის, ამასთან დაკავშირებუთ გაგცემთ პასუხს, რომ ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ცენტრის დაარსება არ არის საფრთხის შემცველი, ვინაიდან ეს არ გახლავთ სამხედრო ბაზა,”– განაცხადა მან “რუსთავი 2–ის” ეთერით.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 18 თებერვალს განაცხადა, რომ თუ ნატო პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს ალიანსში ჩასათრევად, მაშინ რუსეთი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. ამ განცხადებას მალევე უპასუხა ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ და განაცხადა, რომ ნატო ალიანსის წევრობაში არავის ჩათრევას არ გეგმავს.
ლევან ღირსიაშვილის თქმით, ცენტრის ადგილმდებარეობა და პროექტის ღირებულების პირველი მონახაზი მას შემდეგ განისაზღვრება, რაც ნატოს შემფასებელთა ჯგუფი რეკომენდაციებს წარმოადგენს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნატოს შემფასებელთა ჯგუფის დელეგაციის ვიზიტის მიზანი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურის შეფასებაა.
“შეფასების შედეგად, ნატოს ექსპერტები კონკრეტულ მოთხოვნებს განსაზღვრავენ და პროექტის წარმატებით განსახორციელებლად დეტალურ ღონისძიებებს გაწერენ. ნატოს შემფასებელთა ჯგუფს ნორვეგიის წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ლატვიელი, ლიტველი, დანიელი და გერმანელი ოფიცრები. პროექტის ინტენსიურ მხარდაჭერას ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატები,”– ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ცენტრის შექმნის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს შეიარაღებული ძალების, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების წვრთნა და შეფასებაა. ცენტრი ასევე განახორციელებს გადასროლისწინა წვრთნებს და ნატოსა და სხვა საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობისათვის გაწვრთნილი ძალების სერტიფიცირებას მოახდენს. ცენტრს შესაძლებლობა ექნება ნატოს შეკავშირებული ძალების ინიციატივის (CFI) მხარდასაჭერად მრავალეროვნულ, ერთობლივ და გაერთიანებულ წვრთნებს უმასპინძლოს.