ახალი ამბები

თუ კოალიციის სათავეში იქნება ევროპული საქართველო, ენმ მხარს დაუჭერს – ვაშაძე

24 სექტემბერი, 2019 • 2363
თუ კოალიციის სათავეში იქნება ევროპული საქართველო, ენმ მხარს დაუჭერს – ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძის თქმით, გამორიცხულია, ევროპულმა საქართველომ” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ენმ-ზე მეტი მანდატის მიღება შეძლოს, თუმცა, თუ ასე მოხდა, ისინი კოალიციაში შევლენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ მოხდა ისე, რომ პარლამენტში ამ პარტიამ ენმ-ზე მეტი დეპუტატი გაიყვანა, აპირებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა ამ პარტიასთან კოალიცია შექმნას.

“საქართველოში პროდასავლური პარტიებისგან შექმნილი კოალიცია გარდაუვალი იქნება. კოალიციის სათავეში “ევროპული საქართველო” არ იქნება. თუ ჩვენ აღმოვჩნდით პარალელურ რეალობაში, და იქაც არიან ეს პარტიები, და მოხდა სასწაული და მათ ენმ-ზე მეტი მანდატი აიღეს… მეცინება.. მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ აუცილებლად შევქმნით პროდასავლურ კოალიციას”,-ამბობს ვაშაძე.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ და ენმ-ის წევრმა რომან გოცირიძემ კოალიციის საკითხზე რამდენიმე დღის წინ “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრეს.

ბოკერიას განცხადებით, თუ “ევროპული საქართველო” პარლამენტში უმრავლესობის მობილიზებას ვერ მოახერხებდა და ამას ენმ გააკეთებდა, მისი პარტია “ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ პოლიტიკურ ბლოკს შეკრავდა ენმ-თან. ბოკერია დაინტერესდა, იგივეს გააკეთებდა თუ არა ენმ, თუ “ევროპული საქართველო” პარლამენტში მასზე მეტი დეპუტატის მობილიზებას მოახერხებდა. გოცირიძემ განაცხადა, რომ ენმ ამაზე თანახმა იყო, თუმცა, მისი თქმით, სრულიად არარეალისტური იყო იმის მოლოდინი, რომ “ევროპული საქართველო” ენმ-ს აჯობებდა 2020-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი