ახალი ამბები

საგამოძიებო მექანიზმის ამუშავებისთვის სახელმწიფო ინსპექტორს დამატებით 1.6 მლნ ლარი გამოეყოფა

24 სექტემბერი, 2019 •
საგამოძიებო მექანიზმის ამუშავებისთვის სახელმწიფო ინსპექტორს დამატებით 1.6 მლნ ლარი გამოეყოფა

სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაფინანსება 1.6 მილიონი ლარით იზრდება და 4.4 მილიონ ლარს შეადგენს.

2019 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, სამსახურის დაემატა მთელი რიგი ახალი ფუნქციები, მათ შორის საგამოძიებო ნაწილი, და უწყების შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით ხდება საჭირო რესურსების დამატება, ასევე იზრდება უწყების საშტატო რიცხოვნობა 63 ერთეულით”.

საგამოძიებო მექანიზმის შექმნა რამდენჯერმე გადავადდა იმ მიზეზით, რომ მთავრობამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შესაბამისი ფინანსები დროულად არ გამოუყო. “ნეტგაზეთი” დაინტერესდა, საკმარისია თუ არა საბიუჯეტო ცვლილებებით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსება.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უკვე გამოეყო 600 000 ლარი. გარდა ამისა, სამსახურს საგამოძიებო მექანიზმის ამუშავების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოეყოფა კიდევ 1.6 მილიონი ლარი. საგამოძიებო სამსახურის პირველადი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის 2.2 მილიონი ლარი პირველ ეტაპზე საკმარისია. მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირებაზე მუშაობა გრძელდება”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” კანონი, რომლითაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო − სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სრულად 2019 წლის 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდება. ეს გულისხმობს სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მექანიზმის შექმნას.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” კანონი თავდაპირველად ითვალისწინებდა, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა წამება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ან ბოროტად გამოყენება ჩადენილი ძალადობით, იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით და სხვა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილება 2019 წლის პირველი იანვრიდან უნდა გავრცელებულიყო, თუმცა პარლამენტმა ეს ვადა 6 თვით გადასწია. ინსპექტორის აპარატი ამ ფუნქციების განსახორციელებლად 2019 წლის პირველი ივლისიდანაც არ აღმოჩნდა მზად, ვინაიდან მთავრობას საჭირო ფინანსური რესურსი არ გამოუყვია.

საგამოძიებო სამსახურის ამოქმედება 1-ელ ნოემბრამდე გადავადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი