ევროპის ფონდისა და CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევით, ინსტიტუტებიდან ყველაზე დაბალი ნდობა პოლიტიკურ პარტიებსა და სასამართლოს აქვს. გამოკითხულთა 43% სასამართლოს არ ენდობა. პოლიტიკუი პარტიების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 40%-ია.
რაც შეეხება სხვა ინსტიტუტებს, კვლევის თანახმად, პარლამენტს გამოკითხულთა მხოლოდ 19% ენდობა.
პრემიერ-მინისტრს გამოკითხულთა 24% ენდობა, 37% კი – არა. უნდობლობის იგივე მაჩვენებელი 37% აქვს პრეზიდენტსაც.
ნდობის დონე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მიმართ იდენტურია და 27%-ს შეადგენს. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებს 24% უცხადებს უნდობლობას, ხოლო მედიას – 19%. გამოკითხულთა 37% პასუხობს, რომ სახალხო დამცველს ენდობა, 13% კი აცხადებს, რომ მას არ ენდობა.
მეთოდოლოგია
ევროპის ფონდის გამოკითხვის მეექვსე ტალღა ჩატარდა 2019 წლის პირველი მარტიდან 20 მარტამდე. ავტორების თქმით, სხვადასხვა ტალღის შედეგები მაქსიმალურად შედარებითი რომ იყოს, 2013 წლის შემდეგ ფაქტობრივად არ შეცვლილა კითხვარი და შერჩევის დიზაინი. გამოკითხვების შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს ზრდასრული მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის გარდა. ზოგადად, საქართველოს მოსახლეობის მასშტაბით წარმომადგენლობითობასთან ერთად, გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია აგრეთვე ოთხი ძირითადი სტრატის მოსახლეობისთვის: დედაქალაქის, სხვა ქალაქების, სოფლებისა და იმ დასახლებული პუნქტების, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები(აზერბაიჯანელები და სომხები). შედეგების საშუალო ცდომილება +/-2.0%-ია.
ავტორების განცხადებით, თითოეულ სტრატაში პირველადი შერჩევის წერტილები შეირჩა ალბათურად, დარეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობის პროპორციულად, შინამეურნეობები- სამარშრუტო შერჩევის მეთოდით, ხოლო რესპონდენტები – ამ შინამეურნეობებში კიშის ცხრილის საშუალებით.
2019 წელს 2,746 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა პლანშეტური კომპიუტერების მეშვეობით (CAPI მეთოდი). გამოპასუხება საქართველოს მასშტაბით 49% იყო. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ პირველადი შერჩევის წერტილებში ინტერვიუების ენა შეიძლება ყოფილიყო ქართული, აზერბაიჯანული ან სომხური, რესპონდენტების არჩევანის მიხედვით. კვლევა CRRC-ის მიერ არის ჩატარებეული.