ევროპის ფონდისა და CRRC-ის კვლევით 2019 წელს გამოკითხულთა 16% ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრია.
აღნიშნული კვლევა, რომელიც საქართველოს მოსახლეობაში ევროკავშირისადმი განწყობებსა და ინფორმაციულობის ხარისხს ამოწმებს, 2009 წლის შემდეგ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელსაც 16 პროცენტს ეგონა საქართველო ევროკავშირის წევრი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება: საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითაა მხოლოდ დაკავშირებული.
“თვალშისაცემია პასუხების დინამიკა კითხვაზე, არის თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი. 2009 წლიდან 2015 წლამდე იზრდებოდა სწორი პასუხების წილი. თუმცა, 2017 და 2019 წლების ტალღებში არასწორი პასუხების ყველაზე მაღალი წილი დაფიქსირდა – ორივე შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობის 16% საქართველოს ევროკავშირის წევრად მიიჩნევს. ეს შედეგი არ განსხვავდება დასახლებული პუნქტის ტიპის ან ეთნიკური ჯგუფის მიხედვით. საინტერესოა კიდევ ორი დაკვირვება: 2019 წელს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით თანაბარმა წილმა უპასუხა სწორად, რომ არც საქართველო და არც რუსეთი არ არიან ევროკავშირის წევრები (შესაბამისად, 75% და 73%). მეორე დაკვირვების თანახმად, შედარებით მყარდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ცოდნა იმის შესახებ, რომ რუსეთი არ არის ევროკავშირის წევრი: თუ 2013 წელს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა 19%-მა უპასუხა, რომ რუსეთი ევროკავშირის წევრია, 2019 წელს შესაბამისი წილი 7%-მდე შემცირდა”, – ნათქვამია კვლევის ანგარიშში.
ევროპის ფონდის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ევროკავშირის, მისი სტრუქტურებისა და ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცოდნის დონე საკმაოდ სტაბილურია. კვლევის ავტორების თანახმად, ამის ერთ-ერთი მაგალითია ცოდნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი 2014 წლის ივნისში მოეწერა. შეთანხმება 2016 წლის პირველ ივლისს სრულად შევიდა ძალაში.
“2019 წელს საქართველოს მოსახლეობის 42%-მა უპასუხა, რომ სმენია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე. თუმცა საგულისხმოა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის ეს წილი მხოლოდ 14%-ია. ზოგადად, რაც უფრო მაღალია განათლების დონე, მით უფრო დიდია მოსახლეობის წილი, ვინც იცის ამ შეთანხმების შესახებ. მაგალითისთვის, ასოცირების შეთანხმების შესახებ სმენია მათ 60%-ს, ვისაც მაგისტრის ხარისხი აქვს მიღებული. საქართველოს მოსახლეობის ინფორმირების ყველაზე მაღალი დონე ამ საკითხის შესახებ ევროპის ფონდის გამოკითხვების 2015 წლის ტალღის შედეგებში დაფიქსირდა – ოთხი წლის წინ 63%-მა უპასუხა, რომ სმენია ამ დოკუმენტის შესახებ. ეს შედეგი ლოგიკურია, რამდენადაც სწორედ 2015 წლის ტალღის წინა პერიოდში ეს შეთანხმება განსაკუთრებული ინტენსივობით შუქდებოდა”, – ნათქვამია კვლევის ანგარიშში.
მხოლოდ მათ შესახებ თუ ვისაუბრებთ, ვისაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე სმენია, 81%-ის აზრით, შეთანხმება დადებითად აისახება ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გაყიდვის შესაძლებლობაზე.
“ინტერვიუების დროს განხილული სფეროებიდან დადებითი მოლოდინის სიძლიერით გამოირჩევა ჯანდაცვა და უმაღლესი განათლების ხარისხი (78% – 78% ელის მდგომარეობის გაუმჯობესებას ამ ორ სფეროში). ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მოლოდინები ქართულენოვანი მოსახლეობის მოლოდინების მსგავსია.
სხვა სფეროებთან დაკავშირებით არსებული მოლოდინებიც საკმაოდ მაღალია: მათი უმრავლესობის აზრით, ვისაც სმენია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე, ეს შეთანხმება დადებითად აისახება საჯარო სამსახურების ანგარიშვალდებულებაზე მოსახლეობის წინაშე (ასე უპასუხა 70%-მა), ენერგორესურსების ეფექტურად გამოყენებაზე (69%), სასამართლოების დამოუკიდებლობაზე საქართველოში (68%) და საქართველოს მოსახლეობის დასაქმებაზე (66%). მათი წილი, ვინც პასუხობს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შედეგად არ გაუმჯობესდება ვითარება ამა თუ იმ სფეროში, არასოდეს აღემატება 25%-ს, ხშირად კი ბევრად უფრო მცირეა”, – ნათქვამია კვლევაში.
2019 წელს მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა გასცა სწორი პასუხი კითხვას, თუ რამდენი ქვეყანაა ამჟამად ევროკავშირის წევრი; ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში კი საუბარია მხოლოდ 17%-ზე.
“აღსანიშნავია, რომ 2013 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი უმნიშვნელოდ მერყეობს. 2017 წელთან შედარებით შემცირებულია სწორი პასუხების წილი კითხვაზეც, არის თუ არა საქართველო ევროსაბჭოს წევრი (43%-დან 37%-მდე). 2017 წლის შემდეგ მცირედით, მაგრამ გაზრდილია სწორი პასუხების წილი კითხვაზე, თუ რას საქმიანობს ევროკავშირის მონიტორინგის მისია საქართველოში: 2017 წელს მოსახლეობის 19%-მა უპასუხა, რომ ეს მისია ხელს უწყობს სიტუაციის დარეგულირებას 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ ადგილებში, ხოლო 2019 წელს შესაბამისი წილი 25%-მდე გაიზარდა. ამასთან, შემაშფოთებელია, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მხოლოდ 3%-მა გასცა სწორი პასუხი ამ კითხვას.
ევროპის ფონდის გამოკითხვის უახლესი შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობის ცოდნის დონე ევროკავშირისა და მისი სტრუქტურების შესახებ 2017 წელს დაფიქსირებული დონის ანალოგიურია. მოსახლეობის უმრავლესობა სწორად პასუხობს კითხვებს ევროკავშირთან დაკავშირებული საკვანძო ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ამავდრულად, გამოკითხვის შედეგები უჩვენებს, რომ მოსახლეობა გაცილებით უკეთაა ინფორმირებული საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ, ვიდრე ევროკავშირის, როგორც ორგანიზაციის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქართულენოვან მოსახლეობასთან შედარებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა კვლავინდებურად ნაკლები იციან ევროკავშირის შესახებ”, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
ინფორმაციის წყაროები
კვლევის მიხედვით, წინა წლების ანალოგიურად, ევროკავშირის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმაციის ძირითად წყაროდ ტელევიზია რჩება.
“5-ბალიანი სკალის გამოყენებით, სადაც „5“ შეესაბამებოდა პასუხს – „ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიღებ“ და „1“ – „არ ვიღებ არანაირ ინფორმაციას“, 2019 წელს მოსახლეობის 29%-მა უპასუხა, რომ ბევრ ან ძალიან ბევრ ინფორმაციას იღებს ევროკავშირის შესახებ ტელევიზიით (შეთავაზებული სკალის მე-4 და მე-5 პოზიციების ჯამი), და 22%-მა – რომ არ იღებს არანაირ ინფორმაციას ამ წყაროს მეშვეობით (სკალის 1-ლი პოზიცია). სიხშირით მეორე ინფორმაციის წყაროდ სოციალური ქსელები დასახელდა – მოსახლეობის 13% იღებდა ბევრ ან ძალიან ბევრ ინფორმაციას ამ წყაროდან.
განსხვავებული სურათია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში, თუმცა ყველაზე ხშირად დასახელებული ინფორმაციის წყარო მათ შემთხვევაშიც ტელევიზიაა. უმცირესობების 20% პასუხობს, რომ ევროკავშირის შესახებ ბევრ ან ძალიან ბევრ ინფორმაციას იღებს ამ წყაროდან. თითქმის ორჯერ მეტი კი (37%)პასუხობს, რომ ევროკავშირის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ იღებს ტელევიზიიდან”, – ნათქვამია კვლევის ანგარიშში.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობა უაღრესად იშვიათად ასახელებს ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის წყაროდ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრს, სხვა სამთავრობო სტრუქტურებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ისევე როგორ რადიოს, გაზეთებსა და ჟურნალებს.
“2013 წლიდან მოყოლებული მოსახლეობის თითქმის ნახევარს სტაბილურად სურს მეტი ინფორმაციის მიღება ევროკავშირის შესახებ. კერძოდ, 2019 წლის მონაცემების მიხედვით, მოსახლეობას განსაკუთრებით აინტერესებს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობები (34%), ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამები (30%) და ევროკავშირის როლი ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებაში (30%). ხოლო ისეთი საკითხები, როგორებიცაა ევროკავშირის ინსტიტუტები (სტრუქტურები) (4%), ევროკავშირის კულტურული პროგრამები(10%) და ვიზის მიღების გზები ევროკავშირის ქვეყნებში (11%), ნაკლებ ინტერესს იწვევს.
მათ შორის, ვინც აცხადებს, რომ მეტი ინფორმაციის მიღება სურს ევროკავშირის შესახებ, 72% ამ ინფორმაციის მიღებას ტელევიზიის მეშვეობით ისურვებდა. დასახელების სიხშირით მეორე ადგილზეა სოციალური ქსელები (30%)”, – ნათქვამია კვლევაში.
მეთოდოლოგია
ევროპის ფონდის გამოკითხვის მეექვსე ტალღა ჩატარდა 2019 წლის პირველი მარტიდან 20 მარტამდე. ავტორების თქმით, სხვადასხვა ტალღის შედეგები მაქსიმალურად შედარებითი რომ იყოს, 2013 წლის შემდეგ ფაქტობრივად არ შეცვლილა კითხვარი და შერჩევის დიზაინი. გამოკითხვების შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს ზრდასრული მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის გარდა. ზოგადად, საქართველოს მოსახლეობის მასშტაბით წარმომადგენლობითობასთან ერთად, გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია აგრეთვე ოთხი ძირითადი სტრატის მოსახლეობისთვის: დედაქალაქის, სხვა ქალაქების, სოფლებისა და იმ დასახლებული პუნქტების, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები(აზერბაიჯანელები და სომხები). შედეგების საშუალო ცდომილება +/-2.0%-ია.
ავტორების განცხადებით, თითოეულ სტრატაში პირველადი შერჩევის წერტილები შეირჩა ალბათურად, დარეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობის პროპორციულად, შინამეურნეობები- სამარშრუტო შერჩევის მეთოდით, ხოლო რესპონდენტები – ამ შინამეურნეობებში კიშის ცხრილის საშუალებით.
2019 წელს 2,746 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა პლანშეტური კომპიუტერების მეშვეობით (CAPI მეთოდი). გამოპასუხება საქართველოს მასშტაბით 49% იყო. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ პირველადი შერჩევის წერტილებში ინტერვიუების ენა შეიძლება ყოფილიყო ქართული, აზერბაიჯანული ან სომხური, რესპონდენტების არჩევანის მიხედვით. კვლევა CRRC-ის მიერ არის ჩატარებეული.