ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური არჩევნები – გზის რეაბილიტაციიდან ეთნიკურ საკითხამდე

22 სექტემბერი, 2019 • 3000
აფხაზური არჩევნები – გზის რეაბილიტაციიდან ეთნიკურ საკითხამდე

ავტორი: ზურა წურწუმია, მედიევისტი, ისტორიის მაგისტრი


დე ფაქტო არჩევნებმა აფხაზური პოლიტიკური სისტემის, საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტების არაერთი ნაკლი წარმოაჩინა. ამჯერად წინასაარჩევნო კამპანიასა და მის შედეგებზე გავამახვილებთ ყურადღებას.

ადმინისტრაციული რესურსი, სახელმწიფო ბიუჯეტი და რუსეთის მხრიდან გამოყოფილი საინვესტიციო თანხა მოქმედი დე ფაქტო ლიდერის მთავარი საარჩევნო მესიჯი გახდა.

ხაჯიმბამ დე ფაქტო ხელისუფლების ვალდებულება და საქმიანობა მისი კანდიდატურის პიარისთვის გამოიყენა. თუმცა, როგორც ჩანს, პოლიტიკური ტექნოლოგიები იმდენად დახვეწილი არ არის, რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტებს გაეჯიბროს. ჩვენი პოლიტიკური ელიტები თვისებრივად უფრო მაღალ დონეზე მოქმედებენ: ინფრასტრუქტურული სამუშაოები ზედმეტი აჩქარების გარეშე, რატომღაც წინასაარჩევნო პერიოდში სრულდება, ხოლო გზის, ხიდის, ქარხნისა თუ რაიმე ახალი ბიზნესის გახსნას ლამის მთელი მთავრობა ესწრება. სოხუმში კი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იმდენად დააჩქარეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომ ხარისხსა და საჭიროებაზე არავის უზრუნია.

სოციალურ ქსელის აქტიურ წევრებს არ გამოპარვიათ ეს ლაფსუსები: ერთ-ერთ უბანში ასფალტის ნაცვლად ბეტონი დააგეს, თანაც ისე, რომ ადგილობრივების ავტოფარეხების კარები და საკანალიზაციო ჭებიც ამოქოლეს; სოხუმის ერთ-ერთ ქუჩაზეც ასფალტის ნაცვლად კვლავ ბეტონი დააგეს, ოღონდ ამჯერად ავტომანქანა „იმსხვერპლეს“. მის ამოსაყვანად ჯერ ბეტონის გაშრობას დაელოდნენ, ხოლო შემდეგ ევაკუატორი გახდა საჭირო. კურიოზული ვითარება შეიქმნა როდესაც ერთ-ერთ საღამოს ალხაზ კვიწინიას საარჩევნო შეხვედრაზე ბეტონის თვითმცლელმა ახლოს ჩაიარა და მცირე დროით, თავისი ხმით გადაფარა კვიწინიას საუბარი. პიარის უფრო „დახვეწილ“ ფორმას მიმართეს არჩევნების წინა დღეს, როდესაც სოხუმის რამდენიმე კორპუსის მაცხოვრებლებს საარჩევნო მოსაწვევი და ყვავილი დახვდათ კარებთან.

ომის შემდგომმა სოციალურმა კრიზისმა მძიმე ვითარებაში ჩააგდო დე ფაქტო მთავრობები. არძინბას ლიდერობა საზოგადოებაში აღიარებული იყო. მაგრამ როგორც კი მის ნაცვლად საშუალო დონისა და ავტორიტეტის ლიდერები გამოჩნდნენ – პოლიტიკური კრიზისი ლამის ყველა არჩევნების აუცილებელი ნაწილი გახდა. რუსული ინვესტიცია რეფორმებისა და რეაბილიტაციისთვის საკმარისი იქნებოდა, რომ არა კორუფციისა და უკანონობის ის მაღალი დონე, რაც სოხუმშია. მსგავსი ფუნდამენტური პრობლემები პოლიტიკური ოპოზიციისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. მაგრამ რა იყო ოპოზიციური კანდიდატების მთავარი გზავნილები წინასაარჩევნოდ? სოციალური პრობლემები, კორუფცია, კრიმინალი – ყველაფერი მიეწერა დე ფაქტო მთავრობას.

სოხუმი, აფხაზეთი; 2017; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

ვითარებიდან გამოსავალი კი მხოლოდ ლამაზ სლოგანებად დარჩა: არა კორუფციას, არა კრიმინალს.. ამ ფრაზებს იქით ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შექმნა ახალი ნარატივი, ე.წ პოზიტიური საარჩევნო კამპანია. ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ ასლან ბჟანიას, მართალია, გასულ წელს „მზად“ ჰქონდა კრიზისული ვითარებიდან გამოსასვლელი გეგმა, მაგრამ მისი მხარდაჭერილი გუნდი ხაჯიმბას ნაკლზე აპელირებდა, ხოლო საკუთარ გეგმებზე ნაკლებს საუბრობდა.

ერთადერთმა კანდიდატმა, რომელიც ადგილობრივმა საზოგადოებამ სამოქალაქო აქტივისტობით გაიცნო და ანტიკორუფციული კანონმდებლობის მიღებას ლობირებდა, არჩევნები ბოლო ადგილზე დაასრულა. ასტამურ კაკალიამ 841 ხმა მიიღო.შედარებისთვის: ცეცხლსასროლი იარაღით მოქალაქის დაჭრისთვის ყოფილმა მსჯავრდებულმა კანდიდატმა არტურ ანქვაბმა 1 403 ხმა მიიღო.

აფხაზური პოლიტიკური ძალების ქცევა, ბუნებრივია, მათი აფხაზობით არ არის განპირობებული. პოლიტიკური ცხოვრების ამბიცია პრობლემებს აწყდება ადამიანური, ინტელექტუალური რესურსების ნაკლებობის სახით. ამასთანავე, ადგილობრივი პოლიტიკური ძალები მოქმედებაში შეზღუდულები არიან: მათ სურვილის შემთხვევაშიც კი არ შეუძლიათ რუსულ ორბიტას, სააზროვნო სივრცეს დააღწიონ თავი. ეს საარსებო სივრცე კი კორუფციის, ქრთამის, თანამდებობის მისაკუთრების გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომაც აფხაზი პოლიტიკოსებიც ირჩევენ უფრო ნაცად, კომფორტულ და ეფექტიან პოლიტიკას, როგორიცაა ოპონენტის კრიტიკა, ომის ვეტერანობაზე მუდმივი ხაზგასმა და ა.შ. ხელისუფლებაში მყოფ ძალას კი, ბუნებრივია, იაფფასიანი პიარის უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს: სახელმწიფო მედლები, ჯილდოები, ხელფასის ზრდა რუსული ინვესტიციის გამოყენებით, ფასადის შეღებვა თუ გზის დაგება. საბოლოო ჯამში, ოპოზიციასა და ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალები მაინც ერთი დონის პოლიტიკურ კულტურას ავლენენ. ეს კულტურა კი დაბალია, უშინაარსო და უუნარო.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას იმ მიზეზით სურდა ცვლილებები, რომ პოლიტიკურ და ფინანსურ რესურსებს მხოლოდ ხაჯიმბას გარემოცვა აკონტროლებდა, ამ სიკეთეებს კი სხვა დანარჩენს არ უზიარებდა.

საზოგადოებისთვის გაუგებარია ხაჯიმბას ასეთი ჩაკეტილი ქცევის მიზეზი. აფხაზებისთვის ეს რეგიონი, ადამიანების ცხოვრების ყველა სფერო ექსკლუზიურად მათ საკუთრებად მიაჩნიათ: კანონი აფხაზმა უნდა დაწეროს, პრეზიდენტი მხოლოდ აფხაზი უნდა იყოს, ბიუჯეტის ხარჯვაც მათ ნებაზე უნდა იყოს დამოკიდებული. სოციალურ ქსელშიც კი ძირითადი დისკუსიები დახურულ ჯგუფებში მიმდინარეობს. ამ ჯგუფებში მოსახვედრად კი აფხაზეთის აღიარება და ამ გზით მათდამი ლოიალურობის დამტკიცებაა საჭირო.

ასეთ ჩაკეტილ სივრცეში ხელისუფლებამ და მასთან დაახლოებულმა გვარებმა ხელში ჩაიგდეს რესურსებზე წვდომა და სხვა აფხაზებისთვის ეს არხი სრულად გადაკეტეს.

უფრო მეტიც. პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართულმა ჯგუფმა ადგილობრივი სომხების მხარდაჭერა გამარჯვებისთვის გამოიყენა. დამარცხებული მხარისთვის კი ეს ფარული აღშფოთების მიზეზი გახდა. ნათლად გამოჩნდა განსხვავება აფხაზების სურვილს აფხაზეთის მისაკუთრებასა და რეალობას შორის.

უცხო ჯგუფების პრობლემა მათ წლების წინ „მოაგვარეს“, როდესაც ათასობით ადგილობრივ ქართველს უბრალოდ ხმის უფლება ჩამოართვეს და საკანონმდებლო ბარიერებით პასპორტის გაცემაზე უარი უთხრეს. მაგრამ ლოიალური სომხური საზოგადოება და მათი ხმები უბრალოდ ვერ დაიმალა. ამ საზოგადოების ლოიალურობა ეჭვებს არ აჩენს, უბრალოდ, აფხაზებისთვის უსაიმოვნო იყო იმის განცდა, რომ მხოლოდ ისინი არ წყვეტენ პოლიტიკურ ცხოვრებას. რეალობა ადრე თუ გვიან გამოავლენდა თავის თავს, მრავალეთნიკურ საზოგადოებას აუცილებლად მოუწევს ინტეგრაციასა და ასიმილაციას შორის არჩევანის გაკეთება. თუკი ქართველების შემთხვევაში ასიმილაციის პოლიტიკაზე სოხუმს წინააღმდეგობა არ შეხვდა, მსგავსი მიდგომა ადგილობრივ სომხებთან ძნელი წარმოსადგენია.

შესაძლოა, აფხაზური პოლიტიკური ელიტების უმთავრესი საზრუნავი ისევ ე.წ. ეთნიკური უმცირესობების საკითხი გახდეს. „დამოუკიდებლობა“ და „დემოკრატიული წყობა“ რეგულარულ არჩევნებს მოითხოვს. რაც იმას ნიშნავს, რომ ეთნიკური საკითხი ყოველ ჯერზე შექმნის პრობლემებს, და ყოველ ჯერზე იტყვის მთავარ სათქმელს: აფხაზეთში საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრება ექსკლუზიურად მხოლოდ აფხაზების საკუთრება არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი