ახალი ამბები

საქართველოს შეეძლო, რუსეთისთვის არ გადაეცა ეთნიკურად ჩეჩენი ახიადოვი – EMC

20 სექტემბერი, 2019 • 2634
საქართველოს შეეძლო, რუსეთისთვის არ გადაეცა ეთნიკურად ჩეჩენი ახიადოვი – EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს, რომ რუსეთში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკების არსებობის ფონზე, საქართველოს შეეძლო, „რამზან ახიადოვის მხრიდან ტერორიზმის დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში თავად ეწარმოებინა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების ნაცვლად“.

EMC-ის თანახმადვე, რუსეთში ექსტრადირებული ეთნიკურად ჩეჩენის, რამზან ახიადოვის საქმეში საქართველოს სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა რუსეთის ფედერაციაში ექსტრადაციას დაქვემდებარებული პირის მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის რისკები და ამ პირობებში ექსტრადიციის დაუშვებლობის პრინციპი და წამებისგან და არაადამიანური მოპყრობისგან დაცვის აბსოლუტური უფლება დაარღვია.

რამზან ახიადოვი, რომელიც 2017 წლიდან ქუთაისში ცხოვრობდა, 2018 წლის დეკემბერში დააკავეს მას შემდეგ, რაც არასწორი პარკირების გამო პოლიციამ გააჩერა და აღმოაჩინა, რომ ის რუსეთის ფედერაციის მიერ ინტერპოლის მეშვეობით იძებნებოდა. მას ბრალად ედებოდა ტერორისტული დანაშაულში მონაწილეობა — როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, „ისლამური სახელმწიფოს ინტერესებში ხალხის მობილიზება და ბრძოლა 2013-15 წლებში“.

საქმის გარემოებები

EMC წერს: „ამის საპირისპიროდ, რამზან ახიადოვმა დაკავებისთანავე განმარტა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგან 2013-2017 წლებში იგი თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრობდა და მუშაობდა, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულები მან სასამართლოს წარუდგინა კიდეც. ამასთან, დაკავებული განმარტავდა, რომ ის იდევნებოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის კრიტიკის გამო, რის გამოც ის იძულებული გახდა საცხოვრებლად თურქეთში გადასულიყო. გასაუბრების ოქმში ახიადოვი კადიროვის მხრიდან შევიწროების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე უთითებდა და ამ ფაქტების დასადასტურებლად, მისი ოჯახის წევრების გამოკითხვას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა“.

EMC წერს, რომ ახიადოვი და მისი ადვოკატი, ალექსანდე თათელიშვილი ამტკიცებდნენ, რომ ექსტრადირების შემთხვევაში რამზან ახიადოვი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდებოდა, რის გამოც მისი გადაცემა რუსეთის ხელისუფლებისთვის დაუშვებელი იყო. „აღნიშნულის გათვალისწინებით ახიადოვმა საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მიღება ითხოვა. თუმცა მოთხოვნა ჯერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, მოგვიანებით კი ორივე ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა“.

„რ. ახიადოვის მიმართ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ დავის წარმოების პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა მისი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების დასაშვებობის საკითხი და ის დასაშვებად მიიჩნია. სასამართლოს განმარტებით, რ. ახიადოვის შემთხვევაში ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ იგი ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევის მსხვერპლი გახდებოდა. ამასთან ერთად, სასამართლომ მიუთითა, რომ რ. ახიადოვის მიმართ უფლებების დარღვევის რისკი არ არსებობდა, რამდენადაც წარმოდგენილი იყო რუსეთის გენერალური პროკურატურის გარანტია, რომ ახიადოვი არ დაექვემდებარებოდა წამებასა და არასათანადო მოპყრობას, აქვე სასამართლომ მიუთითა, რომ რუსეთის ფედერაციას აღებული აქვს საერთაშორისო და ევროპული ვალდებულები ადამიანის უფლებების სფეროში და ეს ვალდებულებები ქმნიან გარანტიებს, რომ რუსეთის ფედერაციაში დაცული იქნება ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ და 2019 წლის 19 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რ. ახიადოვის ექსტრადირება განახორციელა იმავე დასაბუთებით, რომ რუსეთის მხრიდან წარმოდგენილია გარანტია რ. ახიადოვის უფლებების დაცვის თაობაზე“.

EMC აცხადებს, რომ ახიადოვის მიმართ მიღებულ სასამართლო აქტებში და იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებაში „სათანადოდ არ არის დასაბუთებული რამზან ახიადოვის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მაღალი რისკის არარსებობა“.

„სასამართლო და იუსტიციის სამინისტრო ეყრდნობიან მხოლოდ ფორმალურ მითითებებს, რომ რუსეთის ფედერაციას აღებული აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საერთაშორისო ვალდებულები და წარმოადგინეს უფლების დაცვის შესახებ გარანტია. საქართველოს კომპეტენტური უწყებების ამგვარი განმარტებები განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო დონეზე განსაკუთრებით ხშირად მახვილდება ყურადღება რუსეთის ფედერაციაში ადამიანთა უფლებების მასობრივ, მძიმე დარღვევებზე და საპატიმრო დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე“, — წერს ორგანიზაცია.

ორგანიზაცია მიუთითებს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაზე, როდესაც რუსეთის ციხეებში ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის პრაქტიკაზე არაერთი გადაწყვეტილებაა გამოტანილი ევროპული სასამართლოს მიერ, მაგალითად, მაგნიტსკისა და სხვების საქმეებს რუსეთის წინააღმდეგ (ნომრით 32631/09 and 53799/12, 27.08.2019).

EMC ასევე ეყრდნობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშს, რომლის თანახმადაც, „პატიმრებზე ძალადობა ციხის თანამშრომლების/სხვა პატიმრების მხრიდან, ჯანდაცვის სერვისებზე მიუწვდომლობა, საკვებისა და სანიტარული პირობების უკმარისობა საერთო მახასიათებელია ყველა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებისთვის რუსეთში“.

„ხშირია შემთხვევები, როცა ციხის ადმინისტრაცია პატიმრებს იყენებს სხვა პატიმრების მიმართ ძალადობისთვის. კვირების განმავლობაში ვენტილაციის, საპირფარეშოს, წყლისა და საკმარისი განათების გარეშე მატარებლებით ტრანსპორტირების პრაქტიკას „ამნესთი ინთერნეიშენელის“ 2017 წლის ანგარიშში „გულაგების ერის მემკვიდრეობად“ არის მოხსენიებული. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან და ხშირია მათ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების (როგორიცაა სამარტოო საკანსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა) გამოყენების შემთხვევები. პატიმრები დასჯის შიშის გამო არ მიმართავენ ციხეების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებათა გასაჩივრების მექანიზმს. Human rights Watch 2019 წლის world report-ში რუსეთის შესახებ იხსენიებს ნოვაია გაზეტას მიერ გავრცელებულ ვიდეოს (მაკაროვის საქმე), ასევე, ათობით არაადამიანური მოპყრობის ფაქტს, რომელშიც დადანაშაულებული არიან სახელმწიფოს წარმომადგენლები, პოლიციელები, ციხის ზედამხედველები, გამომძიებლები“, — წერს EMC.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ რუსეთის ციხეებში მძიმე პირობებისა და სასტიკი მოპყრობის გავრცელებული პრაქტიკების მიღმა, ამ ქვეყნის სასჯელაღსრულების სისტემა გაცილებით „მკაცრი და დაუნდობელია ჩეჩენი წარმოშობის პირების მიმართ, რომლებიც ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის ავტორიტარულ პოლიტიკური სისტემაში პოლიტიკურ ან რელიგიურ „მტრებად“ განიხილებიან. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ რამზან ახიადოვის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში ხაზგასმით არის მითითებული, რომ ის ,,ვაჰაბიზმის“ მცდარი იდეოლოგიის ჭეშმარიტებაში დარწმუნებული პირია და ტერორიზმთან არის დაკავშირებული“.

ზემოთ აღნიშნული შეფასებების გათვალისწინებით, გაუგებარია, რომელ წყაროზე დაყრდნობით მიიჩნია საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საერთო სასამართლოებმა, რომ  რუსეთის ფედერაციის სასჯელაღსრულებით სისტემაში დაცულია ადამიანის უფლებები და აგრეთვე დაცული იქნება რამზან ახიადოვის ფიზიკური უსაფრთხოება და უფლებები“, — წერს EMC.

„შეეძლოთ, არ გადაეცათ“

EMC ასევე მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ „უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ საზღვარგარეთ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ბრალდების ხასიათის გათვალისწინებით, შესაძლებელია პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოში განხორციელდეს, თუ ეს გათვალისწინებულია კონკრეტულ დანაშაულებზე საერთაშორისო ხელშეკრულებით და  თუ პირის მიმართ ექსტრადირების მომთხოვნ სახელმწიფოში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკები არსებობს“.

ამასთან, EMC მიუთითებს, რომ ახიადოვის მიმართ ტერორიზმის ბრალდებისა და რუსეთის ფედერაციაში ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტების გათვალისწინებით, საქართველოს ჰქონდა, შესაძლებლობა ახიადოვის მხრიდან ტერორიზმის დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში თავად ეწარმოებინა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების ნაცვლად.

უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „რამზან ახიადოვის საქმეში საქართველოს მხრიდან რუსეთის ფედერაციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკების სათანადოდ შეუფასებლობა და დაკავებული პირის დაუყოვენებლივი გადაცემა (რის გამოც ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა ამ საქმეში საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენება), არღვევს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტურ უფლებას“.

EMC მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, გაიაზროს ამგვარი გადაწყვეტილებების პრობლემურობა და ყველა სხვა მსგავს საქმეში უზრუნველყოს საერთაშორისო თუ ეროვნული კანონმდებლობის პრინციპების განუხრელი დაცვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი