თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელის და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავებული 11 წევრიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 7-ს უკვე შეეფარდა. დანარჩენი ბრალდებულების პროცესი უახლოეს საათებში გაიმართება.
როგორც საქმის პროკურორმა ჟურნალისტებს უთხრა, საქმეში მოიპოვება არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, ფოტოების ექსპერტიზის შედეგები. რაც შეეხება ბრალდებულებს, მათი ნაწილი ბრალს არ აღიარებს. მათი ადვოკატები კი აცხადებენ, რომ მშობლებმა არ იცოდნენ, თუ რა ტიპის ფოტოებს უღებდნენ ბავშვებს.
შსს აცხადებს, რომ ევროპოლთან, აშშ-ისა და ავსტრალიის საგამოძიებო უწყებებთან ერთად რამდენიმეთვიანი გამოძიების შედეგად გამოავლინეს არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.
გამოძიების თანახმად, საქმეში ბავშვების მშობლებიც არიან გარეული. საუბარია 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვან გოგოზე.
შსს აცხადებს, რომ დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები.
დაკავებული 11-დან ერთი აშშ-ის მოქალაქეა, ერთი — ავსტრალიის, 9 მათგანი კი – საქართველოს მოქალაქე. მათ 17-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
შსს-ს ვერსიით, აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, რომლებიც უკვე დაკავებულები არიან, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ.
ბავშვთა ტრეფიკინგის და პორნოგრაფიის დამზადების ბრალდებით 11 პირი დააკავეს