თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა მიუხედავად იმისა, რომ მისმა ადვოკატმა სასამართლოსგან გირაოს – 500 ათასი ლარის – შეფარდება მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით.
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა.
გარდა ამისა, ირაკლი ოქრუაშვილს თავდებში უდგებოდნენ ჟურნალისტები: ინგა გრიგოლია და ნანუკა ჟორჟოლიანი, ასევე, პოლიტიკოსი პაატა დაავითაია. თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობაც არ გაითვალისწინა.
ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა პროცესზე განმარტა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არაპროპორციული ზომაა. მისი თქმით, არ არსებობს საფრთხე, რომ ოქრუაშვილი მოწმეებზე მოახდენს ზეგავლენას, ვინაიდან მის წინააღმდეგ მხოლოდ 6 პოლიციელის ჩვენებაა წარმოდგენილი. რაც შეეხება მიმალვის საფხრთეს, ადვოკატმა განაცხადა, რომ პატიმრობა ამისთვის აუცილებელი ზომა არაა, ვინაიდან ოქრუაშვილს შესაძლოა უბრალოდ ჩამოერთვას პასპორტი ან დაევალოს დროთა განმავლობაში სამართალდამცავ ორგანოებთან გამოცხადება.
მოსამართლე გიორგი ჭაშაკაშვილმა ეს მოსაზრება არ გაიზიარა. მან პატიმრობაში დატოვა 20 ივნისის საქმეზე დაკავებული კიდევ ორი ადამიანი: გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი. შემდგომი პროცესი 2 ოქტომბერს ჩაინიშნა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით 20-21 ივნისის მოვლენებზე დააკავეს. ეს მუხლი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.