ახალი ამბები

პრეზიდენტმა RMG-ს მადლობა გადაუხადა

16 სექტემბერი, 2019 • 2778
პრეზიდენტმა RMG-ს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კომპანია RMG-ს მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტმა თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გახსნა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ფორუმს არაჩვეულებრივი წამოწყება უწოდა და აღნიშნა, რომ “ასეთი საქმიანობა ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას”.

სწორედ აღნიშნული ფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორია RMG. მასთან ერთად ფორუმის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს საყდრისის კომიტეტმა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ. ფორუმი, მისი ორგანიზატორების განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის საქმეში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნეს-სექტორის დაინტერესებასა და გააქტიურებას ისახავს მიზნად.

სალომე ზურაბიშვილმა ძეგლთა დაცვის სააგენტოს გაწეული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა და მისი მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა.

“მე ვიქნები სააგენტოსა და იმ მუნიციპალიტეტების გვერდით, რომლებიც დაიწყებენ კულტურაში ფინანსური რესურსის ჩადებას და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებლობის აღებას. ეს მხოლოდ სააგენტოს საქმე არ არის, ეს მთელი ქართული საზოგადოების საქმე და პასუხისმგებლობაა, რადგან ეს ჩვენი ისტორიაა, რომლითაც უნდა გავიდეთ ევროპაში”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ​სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა კომპანია “არ-ემ-ჯის” გარემოს დაცვისა და ძეგლთა დაცვის საქმეში ჩართვისათვის, “რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი და საჭიროა ქვეყნისა და რეგიონისათვის”.

“RMG – წარსულში ყველა ვუშვებთ შეცდომებს თუ არაშეცდომებს, ამას მე თვითონ ვერც გავარკვევ, მაგრამ მთავარია, წარსულიდან ჩვენ ვიცოდეთ წინ ყურება და გამოსწორება იმის, რაც შეიძლება არასწორად გაკეთდა და ამიტომ მე მინდა, რომ RMG-ის გადავუხადო აქ მადლობა, რომ შეძლო წინ ყურება, დახმარება და იმის გაკეთება, რომ ჩაერთოს იმ საქმეში, რომელსაც ჰქვია გარემოს დაცვა თუ ძეგლთა დაცვა, რომელიც ამ ქვეყნისა და რეგიონისთვის ძალიან საჭიროა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საქმეს კიდევ უფრო აქტიურად, ეფექტურად გააგრძელბენ. ასე უნდა მოიქცეს ყველა, ვინც ფიქრობს, რომ რაღაც შეიძლება მთლად ისე არ იყო გაკეთებული თავის დროზე და ამით აშენდება ქვეყანა. ამიტომ თქვენც დიდი მადლობა”, – განაცხადა პრეზიდენტმა. RMG აცხადებს, რომ 4 წლის განმავლობაში კომპანია შვიდი ძეგლის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონამდე ლარს დახარჯავს.

კომპანია RMG-მ 2013 წლის 26 აპრილს მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართა, რომ საყდრისის მაღარო არა ოქროს, არამედ სპილენძის მომპოვებელი მაღარო იყო და მის მიმართ გეოლოგებსა და არქეოლოგებს ცალსახა დამოკიდებულება არ ჰქონდათ.

2013 წლის 5 ივლისს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნა იმ მოტივით, რომ მას კანონის დარღვევით ჰქონდა ძეგლის სტატუსი მინიჭებული.

2014 წლის მარტში კულტურის სამინისტრომ მისცა RMG-ის ამ ადგილას სამუშაოების წარმოების უფლება. ანგარიშში, რომელსაც სააგენტოს დირექტორმა ნიკა ანთიძემ მოაწერა ხელი, აღნიშნულია, რომ საყდრისში უძველესი ოქროს მაღაროს არსებობა არ დასტურდება. სააგენტოს მიაჩნია, რომ მეცნიერების, ირინე ღამბაშიძისა და თომას შტოლნერის მიერ ჩატარებული კვლევების დოკუმენტაცია არ არის სარწმუნო, რადგან პრეისტორიულ ხანაში ოქროს მოძიება, მისი მოპოვება წარმოუდგენელი იყო.

საყდრისის საკითხი პოლიტიზებული იმითაც გახდა, რომ მასთან დაკავშირებულ დისკუსიაში ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო, რომელიც უკვე აღარ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ივანიშვილმა 2014 წლის 18 მარტს იმედის ეთერით განაცხადა, რომ ოდიშარია სუსტი კულტურის მინისტრი იყო, რომელსაც გადაწყვეტის დროულობა აკლდა. ივანიშვილის შემდეგი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამტკიცებდა, რომ საყდრისი უძველესი ოქროს მაღარო არ იყო. 2014 წლის 13 დეკემბერს, კომპანია “RMG-Gold”-მა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე საყდრისი-ყაჩაღიანის უძველს ოქროს მაღაროზე აფეთქება განახორციელა. კომპანია RMG-იმ მაღაროში აღმოჩენილი არტეფაქტებისთვის ბოლნისში მუზეუმის აშენება დაიწყო.

იმ დროისთვის საყდრისის აფეთქების საკითხთან დაკავშრებით კრიტიკული პოზიცია საჯაროდ სალომე ზურაბიშვილმაც დააფიქსირა ფეისბუკის მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი