პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი არ აკონკრეტებს, მართავს თუ არა კონსულტაციების მამუკა ხაზარაძის მიერ დაფძნებულ მოძრაობაში გაწევრიანების შესახებ. გოგიჩაიშვილი ხაზარაძეს დადებითი დახასიათებისთვის მადლობას უხდის, რაიმე სახის თანამშრომლობაზე საუბარს კი ნაადრევად მიიჩნევს.
“მადლობა [ხაზარაძეს] დადებითი დახასიათებისთვის, მაგრამ ამ ეტაპზე საუბარი რამე სახის თანამშრომლობაზე არის ნაადრევი”, – უთხრა გოგიჩაიშვილმა “ნეტგაზეთს” მამუკა ხაზარაძის განცხადების საპასუხოდ.
მამუკა ხაზარაძემ გუშინ, 15 სექტემბერს “მთავარი აქცენტებში” სტუმრობისას ისაუბრა “ქართული ოცნებიდან” წასულ პოლიტიკოსებზე, რომელიც მის სიმპათიას იწვევს.
“არის რამდენიმე ახალგაზრდა ძალიან ნიჭიერი ადამიანი, “ოცნების” ყოფილი ხალხი. ლევან კობერიძე ძალიან საინტერესო ადამიანია. ლევან გოგიჩაიშვილი ძალიან საინტერესოა. სიმართლეს ამბობს და მომწონს ადამიანი, რომელიც სიმართლეს ამბობს”, – განაცხადა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ მათ მომავალ პარტიაში იწვევს.
“მე გიდასტურებთ, რომ ჩვენ პოლიტიკოსებს ვესაუბრებით, მაგრამ არ ვიწვევთ. ეს არ არის მოწვევა”, – აღნიშნა მან.
ხაზარაძის თქმით, მომავალი პარტიის ლიდერების არჩევა მოხდება პრაიმერის გზით, გაზაფხულზე კი “ლელო” ჩრდილოვან კაბინეტს წარადგენს.
“ნეტგაზეთმა” სცადა ლევან კობერიძესთან დაკავშირებაც, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მიმდინარე წლის ივლისში მან არ დაადასტურა ინფორმაცია ხაზარაძესთან თანამშრომლობის შესახებ კონსულტაციების გამართვის თაობაზე. ამავდროულად აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თუმცა ვისთან ითანამშრომლებს, დამოკიდებული იქნება კონკრეტული პოლიტიკური ძალის გეგმებზე და ღირებულებებზე.
ლევან კობერიძე მამუკა ხაზარაძესთან კონსულტაციებს არ ადასტურებს