ახალი ამბები

ლევან კობერიძე მამუკა ხაზარაძესთან კონსულტაციებს არ ადასტურებს

9 ივლისი, 2019 • 1230
ლევან კობერიძე მამუკა ხაზარაძესთან კონსულტაციებს არ ადასტურებს

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უერთდება მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ საზოგადოებრივ მოძრაობას.

კობერიძის თქმით, ჯერ მეტი ინფორმაციაა საჭირო აღნიშნული მოძრაობისა და მამუკა ხაზარაძის გეგმების შესახებ.

“არანაირი კონსულტაციები [ხაზარაძესთან] არ ყოფილა. ჯერ საზოგადოებრივი მოძრაობა იქმნება. ეს არ არის არც პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკური [მოძრაობა]. მამუკა ხაზარაძემ, ალბათ, უნდა გააკეთოს უფრო მკაფიო განაცხადი, თუ რა მიზნები და გეგმები აქვს, აპირებს თუ არა პოლიტიკური დღის წესრიგით გაგრძელებას. შემდეგ შეიძლება დაისვას ზოგადად საკითხი, ვისთან შეიძლება იყოს თანამშორმლობა ან არ იყოს. მე 2020-ში ნამდვილად ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას, ეს დაზუსტებით ვიცი, ხოლო ვინმესთან ვითანამშრომლებ თუ არა, დამოკიდებული იქნება იმაზე, იმ კონკრეტულ ძალას, პიროვნებას თუ ჯგუფს რა გეგმები ექნება, რა ღირებულებებზე დაფუძნდება. ჯერჯერობით მსგავსი არაფერი ყოფილა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” კობერიძემ.

კობერიძის თქმით, როგორც კი მკაფიო გეგმა ექნება, მედიას და საზოგადოებას გააცნობს, რა სახით მიიღებს მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

ლევან კობერიძე იხსენებს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ეს პირადად არ გადაზრდილა მის პოლიტიკურ აქტივობაში.

“ახალი მემარჯვენეების” პარტიის ჩამოყალიბების წინ შეიქმნა საკმაოდ დიდი საზოგადოებრივი მოძრაობა და მამუკა ხაზარაძე იყო მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, თუმცა შემდგომ ეს მის პირად პოლიტიკურ აქტივობაში არ გადაიზარდა. ამიტომ, ჯერ, მე მგონი, ნაადრევია იმაზე საუბარი, ან მამუკა ხაზარაძემ თვითონ უნდა გააკეთოს განაცხადი, აპირებს თუ არა პოლიტიკურ დღის წესრიგში გადაზარდოს ეს საზოგადოებრივი მოძრაობა და თავის თავს ხედავს თუ არა აქტიურ ქართულ პოლიტიკაში. როცა პასუხები გვეცოდინება, შემდეგ ვიმსჯელოთ [თანამშრომლობაზე]”, – განაცხადა კობერიძემ.

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 9 ივლისს განაცხადა, რომ სექტემბერში, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად, საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას გეგმავს.

“რუსთავი 2”-ის დაუდასტურებელი ინფორმაციით, საზოგადოებრივ მოძრაობაში შესაძლოა გაერთიანდნენ  ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატები – ლევან კობერიძე და ლევან გოგიჩაიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი