ახალი ამბები

CIA-მ ჯაშუში მტრედების შესახებ ცივი ომის დროინდელი მასალები გაასაჯაროვა

14 სექტემბერი, 2019 • 1964
CIA-მ ჯაშუში მტრედების შესახებ ცივი ომის დროინდელი მასალები გაასაჯაროვა

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა (CIA) ცივი ომის პერიოდის ფაილები გაასაჯაროვა, რომელიც ჯაშუშობის მიზნით მტრედების გამოყენებას ეხება.

დეკლასიფიცირებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ მტრედებს სპეციალურად წვრთნიდნენ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ობიექტების გადასაღებად. საიდუმლო ოპერაციებში იყენებდნენ ყორნებსაც, რომლებიც ფანჯრის რაფებზე მოსასმენ აპარატურას აგდებდნენ, ხოლო დელფინებს წყალქვეშა ოპერაციებისთვის წვრთნიდნენ.

როგორც “ბიბისი” წერს, 1970-იან წლებში, ოპერაციას “ტაკანის” მიმდინარეობისას აშშ-ის სპეცსამსახურებმა შეისწავლეს მტრედებზე პატარა კამერის დამაგრების ტექნოლოგია, რომელიც ავტომატურად იღებდა ფოტოებს. მტრედები იდეალურები იყვნენ ასეთი მისიებისთვის თავიანთი უნარის გამო, ნებისმიერი წერტილიდან დაბრუნებულიყვნენ სახლში. მათზე დამაგრებული კამერის მიერ გადაღებული ფოტოები უფრო მაღალი ხარისხის იყო, ვიდრე მაშინ თანამგზავრიდან გადაღებული კადრები.

გამოცემა წერს, რომ მტრედებს კომუნიკაციისთვის უხსოვარი დროიდან იყენებდნენ, თუმცა სპეცსამსახურები ამ ფრინველით პირველად პირველი მსოფლიო ომის დროს დაინტერესდნენ.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 1960-იან წლებში CIA განიხილავდა დელფინების გამოყენებას პორტში შეღწევის მიზნით, თუმცა ერთ-ერთი პრობლემა იყო დელფინთან მომუშავე მწვრთნელიდან საველე აგენტზე კონტროლის გადაცემა.

1967 წლისთვის CIA დაახლოებით 600 ათას დოლარს ხარჯავდა სამ პროგრამაზე: 1. ჩიტების, 2. დელფინებისა და 3. ძაღლებისა და კატების მონაწილეობით. ყველაზე ეფექტური ჯაშუშური მისიითვის მტრედი გამოდგა, და 1970-იანი წლებში დაიწყო სატესტო მისიების განხორციელება.

1976 წლის ჩანაწერებიდან გამოიკვეთა მიზანი – გემთსაშენი ლენინგრადში, რომელიც ყველაზე თანამედროვე საბჭოთა წყალქვეშა ნავებს აგებდა. ოპერაცია განხორციელებადი ჩანდა, თუმცა უცნობია, როგორ განვითარდა მოვლენები, ვინაიდან შემდგომი ფაილები დეკლასიფიცირებული არ არის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი