ახალი ამბები

სუბარის თქმით, გახარიას მხოლოდ “ანგაჟირებული ადამიანები” და “პოლიტიკოსთა მცირე ჯგუფი” ეწინააღმდეგებიან

14 სექტემბერი, 2019 • 1442
სუბარის თქმით, გახარიას მხოლოდ “ანგაჟირებული ადამიანები” და “პოლიტიკოსთა მცირე ჯგუფი” ეწინააღმდეგებიან

პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, სოზარ სუბარს, მიაჩნია, რომ საქართველოს საზოგადოებაში გიორგი გახარიას მიმართ დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვანია, მის წინააღმდეგ კი მხოლოდ მცირე ჯგუფი გამოდის. შესაბამისი განცხადებები მან “TV პირველის” ეთერში გაახმიანა.

წამყვანის კითხვაზე, ერთმნიშვნელოვანია თუ არა ამჟამინდელი პრემიერის მიმართ განწყობა, სუბარი პასუხობს:

“დიახ, ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა, თუ არ ჩავთვლით მცირე ჯგუფს პოლიტიკოსებისა თუ ანგაჟირებული ადამიანებისა”.

კითხვაზე, რის მიხედვით ითვლის გახარიას მოწინააღმდეგეთა რიცხვს, პრემიერის მრჩეველმა უპასუხა:

“იმით, ამდენკვირიანი მოწოდებების შემდეგ რამდენი ადამიანი მივიდა პარლამენტთან”.

“როცა საზოგადოებას რაღაც აწუხებს, ეს მაშინვე გამოიხატება. ისიც კი ვერ შეძლეს, პარტიული რესურსის მობილიზება გაეკეთებინათ იმ დღეს და იმ დღეებში. რამდენიმე კაცი საყვირით, ეს, ბოდიში მომითხოვია, მაგრამ არ არის საზოგადოებრივი განწყობა”.

გადაცემის წამყვანმა, ვახო სანაიამ სუბარს უთხრა, რომ აქციებს თავისი დინამიკა აქვს, 20 ივნისის ღამის მოვლენების შემდგომ დღეებში კი, როცა ორგანიზატორები გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს აყენებდნენ, პარლამენტთან გაცილებით მეტი ადამიანი იყო მისული.

“აქციის დაშლის შემდეგ ბევრი იდგა და იქ გახარია იყო მთავარი ფიგურა, ვის გადადგომასაც ითხოვდნენ. იმას რატომ არ ითვლით და შემდგომ დღეებს რატომ ითვლით?” – მიმართა წამყვანმა სუბარს, რის საპასუხოდაც მან იგივე გაიმეორა, რაც მანამდე:

“ისევ იმეორებ: როცა რამდენიმე კვირის მანძილზე ხდება მოწოდება ყველა ტრიბუნიდან და მოდის რამდენიმე საყვირიანი ადამიანი, ეს ნიშნავს საზოგადოების განწყობას”.


20 ივნისის ღამე გახარიას წინააღმდეგ პროტესტის მთავარ მამოძრავებლად იქცა. ამ ღამეს საქართველოს ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. ჯამში, ადმინისტრაციული წესით დააკავეს 305 პირი.

გიორგი გახარიამ აღნიშნული მოვლენების შემდეგ თქვა, რომ იმ ღამით განვითარებულ მოვლენებს თავად ხელმძღვანელობდა და ბრძანებაც მისი გაცემული იყო.

პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები და 20 ივნისის შემდეგ ჩამოყალიბებული მოძრაობა “სირცხვილია”, რომლებიც ჯერ აქციების, შემდეგ კი გადაცემების ფორმატში გამოხატავდნენ პროტესტს, გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომას 2 თვეზე მეტი ხნის მანძილზე ითხოვდნენ.

პროტესტის პირველ დღეებში ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციებში, ასევე, მსვლელობებში “ქართული ოცნების” ოფისის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის, მთავრობის ადმინისტრაციის შენობისა და სხვა ობიექტებისკენ.

როცა “ქართულმა ოცნებამ” ის პრემიერის პოსტზე წარადგინა, ორგანიზატორები ე.წ. სირცხვირის კორიდორებს აწყობდნენ საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან. მათ 20 სექტემბერს ადგილზე კვლავ საპროტესტო დემონსტრაცია აქვთ დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი