ახალი ამბები

ხაზარაძე განმარტავს, “ტერორის” მიუხედავად, რატომ არ მოვიდა პოლიტიკაში სააკაშვილის დროს

12 სექტემბერი, 2019 • 1186
ხაზარაძე განმარტავს, “ტერორის” მიუხედავად, რატომ არ მოვიდა პოლიტიკაში სააკაშვილის დროს

მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ  2003-2012 წლებში, მიხეილ სააკაშვილის დროსაც, ხელისუფლება “ატერორებდა”, თუმცა მაშინ პოლიტიკური საქმიანობის დაწყება არ მოისურვა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა.

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ მას ჰკითხა, რა იყო ამის მიზეზი.

“ვერ გამოვდიოდი და ვერ ვხმაურობდი. არ ვნანობ იმიტომ, რომ ჩემი მოთმინებით, ჩემს მეგობრებთან ერთად ბევრ რამეს გავუძელი, სამართლებრივად არავის არაფერი არ დავუთმე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დაახლოებით 6 წელი ვიყავი სასამართლო პროცესში ნაციონალების დროს, რომლებიც ქონებას მართმევდნენ.

მე პრინციპულად არ დავუთმე. მთავარია, ჩემი პრინციპები დავიცავი და მე ჟურნალისტებთან რომ მესაუბრა, დავაზიანებდი უფრო მნიშვნელოვანს, იმ ადამიანების კეთილდღეობას, ვინც ჩემს კომპანიებში მუშაობდნენ. ამას ვერ ავცდი ამ ხელისუფლების დროს”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ ასევე განმარტა, რომ ახლა აღმოჩნდა უფრო მძიმე მდგომარეობაში:

“ჩვენ ვიცით ის ტერორი, რაც ბიზნესებს ჰქონდათ იმ პერიოდში [სააკაშვილის მმართველობისას]. დღევანდელმა ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, შელამაზების გარეშე გადმოიბარა ის სტრუქტურები, რომლებიც ჩვენზე ახორციელებს ერთი წლის განმავლობაში შეტევას. მსგავსი შეტევა მე არ მქონია 1990-იან წლებში და არც წინა ხელისუფლების პირობებში.

მქონდა პრობლემები, მაგრამ ასე ორკესტრირებულად, ყველა უწყება ჩართული, პოლიტიკოსების მხრიდან ასეთი ნარატივებით და მწვანე შუქის  მიცემით, აი, ეს არის სამიზნე და ბიჭებო, მიხედეთ.”

“ლელოს” დამფუძნებელი ასევე ამბობს, რომ ბანკის გარდა ათეულობით კომპანიას აშენებდა და წლების განმავლობაში მილიონობით ინვესტიცია შემოიტანა საქართველოში.

“უბრალოდ, ბანკირს რომ მეძახიან, კი ბატონო, რაც გინდა დამიძახეთ, უარესსაც მეძახიან, ამით მე მდგომარეობიდან ვერ გამომიყვანს ვერავინ და ნერვებს ვერ ამიშლის. რატომ? იმიტომ, რომ ვაკეთებდი საქმეს ჩემს მეგობრებთან ერთად, ვქმნიდი სამუშაო ადგილებს, შემომქონდა ინვესტიცია და ხომ შეიძლება, არ გინდოდეს პოლიტიკა? ვერ გამოვდიოდი და ვერ ვხმაურობდი”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ ტვ “პირველის” ეთერში.

ხაზარაძისვე თქმით, “წინა ხელისუფლებას ფული სჭირდებოდა და დატერორება კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა: მეტი ფული და კონტროლი. დღეს ფულის ამოღება არ არის პრობლემა. დღეს არის კონტროლის პრობლემა. თავისუფალი ბიზნესი როგორც კი გაიზრდება რაღაც ზომამდე, ამ ხელისუფლებას არ აწყობს.”

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა დღეს, 12 სექტემბერს, მოძრაობა “ლელო” დააფუძნა. მან ასევე დააანონსა პოლტიიკური პარტიის შექმნა და 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი