“გაწევრიანებაზე კონკრეტული წინადადების განხილვა უნდა მოხდეს ნატოს ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მოსაზრების საპასუხოდ განაცხადა. რასმუსენის მოსაზრებით, საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსია გახდეს ალიანსის წევრი ისე, რომ კოლექტიური თავდაცვის მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს.
არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო აკმაყოფილებს ნატოს ძირითად სტანდარტებს და ალიანსში გაწევრიანების მზადყოფნაშია.
„ბუქარესტის სამიტზე ნატომ და ჩვენმა პარტნიორებმა ნათლად თქვეს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ჩვენი ქვეყანა არის სტრატეგიულ მზადყოფნაში გაწევრიანებისთვის და საქართველო აკმაყოფილებს ნატოს ყველა ძირითად მოთხოვნას. ჩვენი სისტემები, დემოკრატიული ინსტიტუტები უკვე თავსებადია ნატოს სტანდარტებთან. რაც შეეხება გაწევრიანების გადაწყვეტილებას, ასეთი გადაწყვეტილება და მასზე კონკრეტული წინადადების განხილვა უნდა მოხდეს ჩვენი ძირითადი სტრატეგიული პარტნიორების და ნატოს ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ განხილვა მოხდეს გაწევრიანების კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
აპატურაი: არარეალისტურია საქართველოს ნატოში გაწევრება მეხუთე მუხლის ნაწილობრივ მოქმედებით