ახალი ამბები

სოც. სამართლიანობა, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, სოლიდარობა – „ლელოს“ მიზნები

12 სექტემბერი, 2019 • 1900
სოც. სამართლიანობა, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, სოლიდარობა – „ლელოს“ მიზნები

მულტიმილიონერი მამუკა ხაზარაძის სამოქალაქო მოძრაობა „ლელოს“ მიზნებს შორის დასახელებულია ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და სამართლის უზენაესობის ხელშეწყობა; ასევე, „სიღარიბის სტრუქტურული მიზეზების დაძლევა სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და სოლიდარობის მისაღწევად“.

მამუკა ხაზარაძის დაანონსებული სამოქალაქო მოძრაობა „ლელო“ ოფიციალურად პოეტმა რატი ამაღლობელმა დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში. ორგანიზაციის დირექტორადაც თავად რატი ამაღლობელია დარეგისტრირებული.

ორგანიზაციის (ააიპ) წესდებაში წერია, რომ მოძრაობა „ლელოს“ მიზანია:

  • ისეთი სახელმწიფოს მშენებლობის ხელშეწყობა, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება განვითარების, წარმატების მიღწევისა და ღირსეული ცხოვრების რეალური შესაძლებლობა;
  • დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება და განვითარების ხელშეწყობა;
  • სამართლის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა;
  • მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა;
  • სიღარიბის სტრუქტურული მიზეზების აღმოფხვრის ხელშეწყობა სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და სოლიდარობის მისაღწევად.

ვინ იქნებიან „ლელოში“?

„ნეტგაზეთს“ რამდენიმე ადამიანმა დაუდასტურა, რომ „ლელოს“ უერთდება: ოქტაი ქაზუმოვმა, საბა ბუაძემ, ლევან ბოძაშვილმა და კახა კოჟორიძემ. „ლელოს“ პრესსპიკერი იქნება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი.

ოქტაი ქაზუმოვის თქმით, ის ძირითადად განათლების მიმართულებით იმუშავებს. იგი ლიტერატორი და მთარგმნელია, რომელსაც არაერთი ნაწარმოები აქვს თარგმნილი ქართულიდან აზერბაიჯანულ ენაზე და პირიქით.

საბა ბუაძემაც დაგვიდასტურა, რომ „ლელოში“ ერთიანდება და საჯარო მმართველობის მიმართულებით იმუშავებს. ის ანტიკორუფციული არასამთავრობო ორგანიზაციის „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი იყო.

„ნეტგაზეთს“ ლევან ბოძაშვილმაც დაუდასტურა, რომ „ლელოში“ ერთიანდება. მას 2017 წლამდე, ორი წლის განმავლობაში ეკავა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტი.

„ლელოს“ პრესსპიკერი იქნება ანა ნაცვლიშვილი, რომელიც ადრე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღანელი, შემდეგ კი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი იყო. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ „ამ მოძრაობაში ვხედავ რეალურ ძალას, გავარღვიოთ მოჯადოებული წრე“.

მოძრაობას უერთდება „საიას“ კიდევ ერთი ყოფილი თავმჯდომარე და მარგველაშვილის კიდევ ერთი ყოფილი მრჩევლი, კახა კოჟორიძე.


ხაზარაძე აცხადებს, რომ არცერთ პოლიტიკური პარტიასთან არ აპირებს თანამშრომლობას და მისი პოლიტიკური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ გაერთიანდება ხაზარაძის დაანონსებულ პოლიტიკურ პარტიაში. პარტიის დაფუძნება ოქტომბრისთვისაა ჩანიშნული. ჯერჯერობით უცნობია პარტიის სახელიც.

მან 12 სექტემბერს გამოაცხადა ოფიციალურად, რომ ახლად დაარსებულ საზოგადოებრივ მოძრაობას „ლელო“ ჰქვია. „ეს არის ძველი ქართული სახელი. ინსპირაცია მოგვცა გალაკტიონმა [ტაბიძემ]. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დადოს თავისი ლელო. დამთავრადა ქვეყანაში ერთი კაცის იმედად პროცესის ჩამოკიდება“, – ასე ახსნა მან მოძრაობის სახელწოდება.

ნახეთ ასევე:

„წითელი ხაზები“ უნდა გაქრეს, საძულველი ძალა ჩვენთვის არ არსებობს — ჯაფარიძე

ასევე, გირჩევთ, წაიკითხოთ:

რას უნდა ველოდოთ ხაზარაძის “საზოგადოებრივი მოძრაობისგან”

მასალების გადაბეჭდვის წესი