ახალი ამბები

“ამ მოძრაობაში ვხედავ რეალურ ძალას, გავარღვიოთ მოჯადოებული წრე” – ნაცვლიშვილი

9 სექტემბერი, 2019 • 1218
“ამ მოძრაობაში ვხედავ რეალურ ძალას, გავარღვიოთ მოჯადოებული წრე” – ნაცვლიშვილი

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი ანა ნაცვლიშვილი ადასტურებს, რომ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას უერთდება. ის პირად ფეისბუკ-გვერდზე განმარტავს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და აღნიშნავს, რომ ის, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა, რეალური ცვლილებებისთვის საკმარისი არ არის.

“ყოველი დღე, რომელიც იკარგება არა წინსვლაში, განვითარებასა და გაძლიერებაში, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევაში, დაპირებების მოსმენაში, რომლებიც არ სრულდება, ყოველი დღე, რომელიც მოქალაქეებს სიღარიბესა და უიმედობაში ტოვებს, არა მარტო ჩვენი, არამედ ჩვენი შვილების ხარჯზე, მათი ჯანმრთელობის, სიცოცხლის და მომავლის ხარჯზე დაკარგული დროა. დღეს უამრავი ახალგაზრდა ფიქრობს, როგორ დატოვოს ეს ქვეყანა, რადგან ვერ ხედავს საკუთარი ნიჭის და უნარის აქ რეალიზების შესაძლებლობას. მე, როგორც დედას, როგორც მოქალაქეს, ამ ყველაფერთან შეგუების უფლება არ მაქვს, ამიტომ მოგმართავთ თქვენც – ძალების გაერთიანების დროა!”, – აღნიშნავს ნაცვლიშვილი.

მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი ასევე აღნიშნავს, რომ მაყურებლის როლში ყოფნა მისი არჩევანი ვერ იქნება:

“მოცემულობაში დიდი შეცდომაა ჩვენ შორის განსხვავებებზე ფიქრი, ნაცვლად იმისა, რომ დავინახოთ ფუნდამენტური საკითხები, რაც თითოეულს გვეხება, გვაღელვებს და რომლებსაც ცალ-ცალკე დგომით ვერავინ მოვაგვარებთ.

სწორედ ამ მოძრაობაში ვხედავ რეალურ ძალას და რესურსს, გავარღვიოთ შეცდომების და დანაშაულების მოჯადოვებული წრე და შევქმნათ თვისობრივად ახალი რეალობა: ადამიანის ღირსების აღიარებასა და დაცვაზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომელიც მოგვიშუშებს წარსულის იარებს და წინ წაგვიყვანს, საქართველოს და თითოეული ჩვენგანის გამარჯვებისკენ!”


ანა ნაცვლიშვილი წლების წინ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე იყო, შემდეგ კი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი. “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ის თავისი საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერად დღეს, 9 სექტემბერს დაასახელა.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით).

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლაა. სწორედ მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობდა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელიც პორტს აშენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი