მამუკა ხაზარაძემ მოძრაობა, რომელიც 2020 წლის არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, დღეს დააფუძნა. ხაზარაძის თქმით, მათი მიზანი არჩევნებში გამარჯვებაა. ხაზარაძის მოძრაობაში იქნებიან იურისტები, ანა ნაცვლიშვილი და კახა კოჟორიძე.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ უნდა დასრულდეს წითელი ხაზების გავლების პრაქტიკა. მისი თქმითვე, მათი მოძრაობისთვის/პოლიტიკური პარტიისთვის არ არსებობს „საძულველი პოლიტიკური ძალა ან საძულველი პიროვნება“.
„საზოგადად, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში წითელი ხაზების გავლების პრაქტიკა უნდა დამთავრდეს, როდესაც ადამიანები სიძულვილის ხაზებს ავლებენ ერთმანეთს შორის. ეს უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა შევძლოთ ახალი ტალღის შემოტანა, როდესაც პირიქით, ადამიანები ერთიანდებიან საერთო მიზნის ირგვლივ და არა ის, როდესაც ადამიანები ერთიანდებიან ვიღაცის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ 12 სექტემბერს ჟურნალისტების კითხვაზე, არსებობს თუ არა მათთვის წითელი ხაზები პოლიტიკაში.
„ჩვენ არ ვერთიანდებით კონკრეტული პიროვნების ან ვინმეს წინააღმდეგ. ჩვენ ვერთიანდებით საქართველოს მომავლისთვის. აქედან გამომდინარე, წითელი ხაზები, ვინმე საძულველი პოლიტიკური ძალა ან საძულველი პიროვნება ჩვენთვის არ არსებობენ, ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ გავარღვიოთ ეს წლების განმავლობაში [არსებული პრაქტიკა]“, — თქვა მან.
ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, „არ გამორიცხავთ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას“, ჯაფარიძემ უპასუხა: „[მე ვთქვი, რომ] არ უნდა არსებობდეს ქართველებს შორის ისეთი გამყოფი ხაზი, რომელიც ადამიანებს დააშორებს ერთმანეთისგან. მე არ მიხსენებია რომელიმე პარტია“.
კითხვაზე, გამართავენ თუ არა ისინი „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრებს, ჯაფარიძემ უპასუხა: „არ უნდა არსებობდეს საქართველოში ადამიანი, რომელსაც არ უნდა შეხვდე და არ უნდა ესაუბრო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი ღირებულებები გაიზიარო. პირიქით. ჩემი აზრით, აუცილებელია, დავამკვიდროთ დიალოგის კულტურა“.
„ლელოს“ თანადამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ არცერთ პოლიტიკური პარტიასთან არ აპირებს თანამშრომლობას და მისი პოლიტიკური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა.
„არავისთან არ ვითანამშრომლებთ ამ ეტაპზე… როდესაც მოვხვდებით პარლამენტში, იქ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც სახელმწიფოებრიობისთვის იქნება მნიშვნელოვანი“, — განაცხადამ მან.
ხაზარაძემ 12 სექტემბერს გამოაცხადა, რომ მის საზოგადოებრივ მოძრაობას „ლელო“ ჰქვია. “ეს არის ძველი ქართული სახელი. ინსპირაცია მოგვცა გალაკტიონმა. თოთოეულმა ჩვენგანმა უნდა დადოს თავისი ლელო. დამთავრადა ქვეყანაში ერთი კაცის იმედად პროცესის ჩამოკიდება”, – ასე ახსნა მან, როგორ შეარჩიეს მოძრაობის სახელწოდება.