ახალი ამბები

თანაბარი აღრიცხვიანობის პირობებში დანაშაულის რიცხვი 17.23%-ით გაიზარდა – IDFI

11 სექტემბერი, 2019 • 1453
თანაბარი აღრიცხვიანობის პირობებში დანაშაულის რიცხვი 17.23%-ით გაიზარდა – IDFI

IDFI-ის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ივლისში  38 748 დანაშაული დარეგისტრირდა, რაც 17.23%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამასთანავე, ორგანიზაცია ამბობს, რომ დანაშაულის რიცხვის ზრდასთან ერთად, შემცირდა დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი. ეს მონაცემი წინა წელთან შედარებით 4%-თაა გაუარესებული.

ანგარიშში, რომელიც ორგანიზაციამ მოამზადა, წერია, რომ 2018 წლის საწყისი 7 თვის სტატისტიკური მონაცემებით, დანაშაული, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55.8%-ით იყო გაზრდილი, გახსნის პოტენციური მაჩვენებელი კი 17.2%-ით შემცირებული. IDFI ამბობს, რომ ამის ერთ-ერთ მიზეზად მაშინ ხელისუფლებამ დაასახელა წინა წლებში ე.წ. “შელამაზებული“ სტატისტიკის წარმოება.

გაზრდილი მაჩვენებელი შესწორებული მეთოდოლოგიის პირობებში

სამინისტრო ამბობდა, რომ წინამორბედი მინისტრების პირობებში სტატისტიკის დამალვაზე ნაკლებად მიუთითებდნენ და დანაშაულის მკვეთრ მატებას ძირითადად უკავშირებდნენ გარკვეულ მეთოდოლოგიურ ცვლილებებს და პოლიციისადმი გაზრდილ მიმართვიანობას.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2019 წლის 5 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ნათია მეზვრიშვილმა გამართა ბრიფინგი, სადაც 2018 წელს გაზრდილი დანაშაულის სტატისტიკა შემდეგი ძირითადი ფაქტორებით ახსნა:

– 2018 წელს დანაშაულის გაუმჯობესებული აღრიცხვიანობა, რომლის თანახმად რეგისტრირდება ყველა ის შემთხვევა, სადაც დანაშაულის მცირედი ნიშანი მაინც იკვეთება ან პოლიციას გააჩნია დანაშაულის ჩადენის მცირედი ეჭვი მაინც;

– საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პოლიციისადმი გაზრდილი ნდობა და, შესაბამისად, გაზრდილი მიმართვიანობა.

“ამ მოცემულობით თუ დავუშვებთ, რომ 2018 წლიდან შეიცვალა დანაშაულის სტატისტიკის აღრიცხვიანობის სისტემა, მაშინ დანაშაულის ტენდენციების რეალურ სურათს მხოლოდ 2019 წლის და 2018 წლების შესაბამისი პერიოდების მაჩვენებლების შედარება გვაჩვენებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში სულ დარეგისტრირდა 38 748 დანაშაული, რაც 17,23% ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2019 წელს ასევე უარყოფითი ტენდენციაა დანაშაულის გახსნის თვალსაზრისით, რომლის მაჩვენებელი, 2018 წელთან შედარებით, დაახლოებით 4%-ით გაუარესდა. შესაბამისად, თანაბარი მეთოდოლოგიის და აღრიცხვიანობის პირობებშიც დანაშაულის რიცხვი კვლავ ზრდას განაგრძობს, ხოლო მისი გახსნის მაჩვენებლები- შემცირებას,“ – ნათქვამია IDFI-ის ანგარიშში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ  2018 და 2019 წლების შედარება განვლილ წლებთან მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს, წინა წლებში დანაშაულის რეგისტრირებული მაჩვენებელი რამდენად იყო განპირობებული მხოლოდ მეთოდოლოგიურად არაეფექტიან აღრიცხვასთან და არ იყო კავშირში სასურველი შედეგის მიღების მიზნით სტატისტიკის ფალსიფიკაციასთან:

“მაგალითად, 2019 წლის მხოლოდ 7 თვის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა უკვე აღემატება 2014-2017 წლებში მთელი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ მაჩვენებელს. ხოლო შესაბამის პერიოდებთან (საწყისი 7 თვე) შედარებით 2019 წელს აღრიცხული მაჩვენებელი დაახლოებით გაორმაგებულია. ასევე, აღრიცხვიანობის სისტემის შეცვლამ, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გახსნის მაჩვენებლის სიზუსტეზე. მაგალითად, 2017 წლის 7 თვეში გახსნის მაჩვენებელი 53,82%-ს შეადგენდა, რაც 2019 წელს 32,28%-მდე არის შემცირებული,“.

ფოტო: IDFI

ფოტო: IDFI

ცალკეული დანაშაულების დინამიკის ანალიზი

IDFI წერს, რომ 2019 წელს რეგისტრირებული დანაშაულის საერთო მაჩვენებლის გაურესების მიზეზების სრულფასოვანი ანალიზისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცალკეული დანაშაულების მიხედვით არსებული დინამიკის ანალიზი.

სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით, მხოლოდ სატრანსპორტო და სამოხელეო დანაშაულთა ჯგუფების მაჩვენებელი შემცირდა. სხვა რეგისტრირებულ დანაშაულთა ჯგუფის ზრდის მაჩვენებელი 4%-დან  33%-მდე მერყეობს.

სხვა სახის დანაშაულებთან ერთად, გაიზარდა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 33%-ით არის გაზრდილი, რაც უმეტესწილად მუქარის მუხლით გამოვლენილი დარღვევების 393 შემთხვევით მატებამ განაპირობა.

ასევე, წინა წელთან შედარებით, 26%-ით არის გაზრდილი ნარკოტიკული დანაშაულების რიცხვი. მათ შორის, ნარკოტიკების შეძენა, შენახვა ან გასაღების მუხლით რეგისტრირებულია 257-ით მეტი შემთხვევა, ნარკოტიკული ნივთიერებების განმეორებითი მოხმარებაზე – 227-ით მეტი შემთხვევა. ამ კატეგორიის დანაშაულების მატება გარკვეულწილად შესაძლებელია აიხსნას წინა წელთან შედარებით კონტროლის გამკაცრებით.

2019 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში წინა წელთან შედარებით 97%-ით გაუარესდა სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა ჯგუფში გაერთიანებული დანაშაულების მაჩვენებელი. მათ შორის აღსანიშნავია, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრული საქმეების რაოდენობის 15.5%-ით (168 შემთხვევით) მატება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განზრახ მკვლელობების რიცხვი 54%-ით (25 შემთხვევით ნაკლები) შემცირდა, თუმცა, ამავდროულად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობების რიცხვი 43,7%-ით (7 შემთხვევით მეტი) გაიზარდა.

“2019 წელს კვლავ მნიშვნელოვნად (19,6%-ით) გაიზარდა საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რიცხვი. საიდანაც ყველაზე დიდი ზრდა კვლავ (+2265 შემთხვევა) ქურდობაზე მოდის. ქურდობის მაჩვენებლის მსგავსი ზრდის ფონზე აღსანიშნავია ყაჩაღობის შემთხვევების 8%-ით კლება.

მიმდინარე წელს, ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი (+305 შემთხევა, +10,38%), გაუპატიურების მაჩვენებელი (+18 შემთხევა, +36%) და კომპიუტერული დანაშაულის მაჩვენებელი (+610 შემთხვეა, +130%), რომელიც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას, კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენებას და ხელყოფას“, – ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება დანაშაულების გახსნის მაჩვენებელს, IDFI ამბობს, რომ დანაშაულის რიცხვის ზრდამ დანაშაულის ჯგუფების მიხედვით გახსნის მაჩვენებელზე უარყოფითად იმოქმედა. მაგალითად, საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი 27.77%-დან 19.74%-მდე ჩამოვიდა, ნარკოტიკული დანაშაულის კი – 84.8%-დან 77.04%-მდე.

“თუმცა ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც დანაშაულის რაოდენობის ზრდასთან ერთად, მისი გახსნის მაჩვენებელი, პირიქით, გაუმჯობესდა. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი 33%-ით გაიზარდა, მისი გახსნის მაჩვენებელი დაახლოებით 7%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი ყოველწლიურად იკლებს იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროს დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება,“.

2019 წლის საწყის 7 თვეში ცალკეული დანაშაულების (ოჯახში ძალადობა, მუქარა და სხვა) ზრდის მიზეზად, განვლილი წლების მსგავსად, შესაძლებელია განხილულ იქნას სამინისტროს მიერ დასახელებული ერთ-ერთი ფაქტორი, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და, შესაბამისად, პოლიციისადმი მიმართვიანობის მატებას უკავშირდება.

თუმცა, წინა წლის ანალოგიური მეთოდოლოგიით, სტატისტიკის აღრიცხვიანობის პირობებში, ისეთი დანაშაულების მატება, მაგალითად, როგორიცაა ქურდობა, ძარცვა, გაუპატიურება, კრიმინოგენური მდგომარეობის გარკვეულ გაუარესებაზე მიუთითებს. ასევე, კრიმინალთან ბრძოლის კონტექსტში სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ეფექტიანობის ზრდას მნიშვნელოვნად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის კლების ტენდენცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი