ახალი ამბები

დაიღუპა ირანელი ქალი, რომელმაც თავი დაიწვა სტადიონზე შესვლის მცდელობის გამო ბრალის წარდგენის შემდეგ

11 სექტემბერი, 2019 •
დაიღუპა ირანელი ქალი, რომელმაც თავი დაიწვა სტადიონზე შესვლის მცდელობის გამო ბრალის წარდგენის შემდეგ

ირანში დაიღუპა ახალგაზრდა ქალი, რომელმაც გასულ კვირას სასამართლოს შენობის წინ თავი დაიწვა. მანამდე მას ბრალი წაუყენეს მას შემდეგ, რაც საფეხბურთო სტადიონზე შესვლა სცადა საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ. ის ორშაბათს, 9 სექტემბრის დილას, საავადმყოფოში  გარდაიცვალა.

ირანის კანონმდებლობით, ქალებს სტადიონებზე შესვლა ეკრძალებათ. “ამნესთი ინთერნეიშენალის” თანახმად, ხოდაიარიმ მიმდინარე წლის მარტში სცადა, “კაცის ტანსაცმელში გადაცმული” შესულიყო მოედანზე და თავისი საყვარელი გუნდისათვის ეგულშემატკივრა. მას შემდეგ, რაც დაცვამ აღმოაჩინა, რომ ქალი იყო, საჰარს ორი დღის გატარება მოუწია ციხეში, რომელიც, ორგანიზაციის თანახმად, არაჰიგიენური პირობებით არის გამორჩეული. მას “ჰიჯაბის საჯაროდ მოხდას” ედავებოდნენ.

ქალის სასამართლო პროცესი 2 სექტემბერს იყო დანიშნული, თუმცა თეირანის სასამართლოში მისულმა აღმოაჩინა, რომ პროცესი მოსამართლის არყოფნის გამო გადაიდო. მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, მან ყური მოკრა, რომ 6-თვიანი პატიმრობა ელოდა, თუ ბრალდებას დაუმტკიცებდნენ. ქალმა სწორედ ამის შემდეგ გადაისხა ბენზინი სასამართლოს შენობის წინ და თავი დაიწვა. ის 90%-იანი დამწვრობით საავადმყოფოში მიყვანიდან 1 კვირაში დაიღუპა.

“შემაშფოთებელია ის, რაც საჰარ ხოდაიარის შეემთხვა. მისი ერთადერთი “დანაშაული” ქალად ყოფნა იყო ქვეყანაში, სადაც ქალების დისკრიმინაცია კანონით არის განმტკიცებული და ხორციელდება ყველაზე შემზარავი გზებით, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ მათი ცხოვრების ყველა ასპექტში”, – წერს “ამნესთი ინთერნეიშენალი” და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის “ფიფას”, მიიღოს ზომები დისკრიმინაციული შეზღუდვის დასასრულებლად ირანში.

შემთხვევას სოციალურ ქსელში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. მას “ლურჯი გოგონა” უწოდეს მისი საყვარელი გუნდის სიმბოლიკის ფერიდან გამომდინარე. სოლიდარობის განცხადება, სხვებთან ერთად, იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა “რომამ” გაავრცელა და მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო.

“მშვენიერი თამაში უნდა გვაერთიანებდეს და არა – გვყოფდეს”, – წერს კლუბი “ტვიტერზე”.


ქალებს ირანის სტადიონებზე შესვლა 1981 წლიდან აეკრძალათ – ისლამური რესპუბლიკის დამყარებიდან 2 წლის შემდეგ. “ფიფას” 31 აგვისტომდე ჰქონდა მიცემული ქვეყნისთვის ვადა, დისკრიმინაციული შეზღუდვა გაეუქმებინა, თუმცა ის კვლავ ძალაში რჩება.

“ფიფა უსამძიმრებს ოჯახსა და მეგობრებს სარაჰის გამო და კვლავ მოუწოდებს ოფიციალურ პირებს ირანში, უზრუნველყონ თავისუფლება და უსაფრთხოება ნებისმიერი ქალისა, რომელიც ჩართულია ლეგიტიმურ ბრძოლაში სტადიონებზე აკრძალვის დასასრულებლად”, – აცხადებს “ფიფა”.

აგვისტოში არაერთი ირანელი შეუერთდა ონლაინ-კამპანიას, რომელიც მოუწოდებდა მსოფლიო სპორტის ორგანიზაციებს, არ დაეშვათ ირანი სპორტულ შეჯიბრებზე მანამ, სანამ “სპორტში სახელმწიფოს ჩარევა” არ დასრულდებოდა.

გარეკნის ფოტო აღებულია Radio Farda-ს ვებგვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი