ახალი ამბები

ძალადობით ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

5 მარტი, 2015 • • 1258
ძალადობით ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-ს განცხადებით, აღნიშნული პირი ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით არის დაკავებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა 4 მარტს, საღამოს, თბილისში, ვარდების მოედანზე მიმდინარე აქციის დროს ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ფოტოკორესპონდენტმა სხეულის დაზიანებები მიიღო, ასევე დაზიანდა მისი ფოტოაპარატი.

 

“დაკავებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაზარალებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე დააკავეს.

გამოძიება ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანება ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გუშინ, როდესაც ირაკლი გედენიძეს სცემეს, შსს-ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ 125-ე მუხლის (ცემა) შესაბამისად დაიწყო, თუმცა დღეს შსს-ს მიერ გავრცელებული ცნობით, დაკავებულს ბრალი 154-ე მუხლით წაუყენეს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი