ახალი ამბები

“მთავარი არხის” სიგნალი უკვე გაშვებულია – მაუწყებლობა 21 საათზე დაიწყება

9 სექტემბერი, 2019 •
“მთავარი არხის” სიგნალი უკვე გაშვებულია – მაუწყებლობა 21 საათზე დაიწყება

“რუსთავი 2-დან” გათავისუფლებული და წამოსული თანამშრომლების დაფუძნებული “მთავარი არხი” მაუწყებლობას დღეს, 21 საათზე მთავარი საინფორმაციო გამოშვებით იწყებს. მაუწყებლობის სიგნალი უკვე გაშვებულია და ეთერში ამ დროისათვის არხის პრომო ვიდეორგოლი ტრიალებს.

  • “მაგთის” ტელევიზიაში მთავარი არხის პოვნა შეგიძლიათ 55-ე ღილაკზე;
  • “მაგთისატი” – 112-ე ღილაკი;
  • “სილქნეტი” – 281-ე ღილაკი
  • სახლის ანტენა (მეორე მუქსი) – 23-ე ღილაკი.

სხვა ოპერატორების აბონენტებმა მთავარი არხის სიგნალის მოსაძებნად უნდა მიმართონ თავიანთ ოპერატორს.

უკვე ამუშავებულია “მთავარი არხის” გვერდი ფეისბუკზე, რომელსაც 150 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, არხის წარმომადგენლების თქმით კი მათი ვებსაიტი იქნება მისამართზე mtavari.tv


„მთავარი არხი“ გვარამიამ მას შემდეგ დააფუძნა, რაც „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს. ეს მოხდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 18 ივლისის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რომლის შემდეგაც აღსრულდა საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ მფლობელი გახდა ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში.

ახალმა მენეჯმენტმა დაახლოებით ერთ თვეში, 20 აგვისტოს, ტელეარხიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და სხვა ცენტრალური ფიგურები არხზე: ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი ლაფერაშვილი და გიორგი გაბუნია. ამ გადაწყვეტილებას სხვადასხვა თანამშრომლის პროტესტი მოჰყვა — არხი ათობით ჟურნალისტმა დატოვა.

20 აგვისტოს შემდეგ „კურიერი“ ეთერში არ გადის. 26 აგვისტოს რ2-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საინფორმაციო სამსახურის ახალ ხელმძღვანელად წარადგინა ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი. იმნაიშვილმა თქვა, რომ არხიდან ჟურნალისტების წასვლის მიუხედავად, „ნიუსრუმი“ ცარიელი არ არის და არხზე 800-მდე თანამშრომელია დარჩენილი.

“მთავარ არხზე” გადასულები ამბობენ, რომ ისინი შექმნიან ცენზურისგან და სახელისუფლებო გავლენებისგან თავისუფალ ტელევიზიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი