ახალი ამბები

ნათია აბრამია პრეზიდენტ ზურაბიშვილთან კონსულტანტად მუშაობს

27 აგვისტო, 2019 • 4054
ნათია აბრამია პრეზიდენტ ზურაბიშვილთან კონსულტანტად მუშაობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ნეტგაზეთს აცნობეს, რომ ჟურნალისტი ნათია აბრამია ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მართვის ეფექტურობის სპეციალისტად მუშაობს.

აბრამიასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას ნეტგაზეთმა კითხვით მიმართა.

“ნათია აბრამია არის მართვის ეფექტურობის სპეციალისტი. ამჟამად ნათია აბრამია კონსულტაციას უწევს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოწვეული სპეციალისტის რანგში”, – განუცხადეს ადმინისტრაციაში ნეტგაზეთს.

ნათია აბრამია 2007 წლიდან დიდ ბრიტანეთში ქმართან, ირაკლი იმნაიშვილთან ერთად წავიდა საცხოვრებლად და მუშაობდა BBC-ში.

ნათია აბრამია და ირაკლი იმნაიშვილი

2014 წელს ის მონაწილეობდა ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის ჩამოყალიბებაში.

მისი ქმარი ირაკლი იმნაიშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ 2019 წლის 26 აგვისტოს არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაასახელა.

აღნიშნულს წინ უძღოდა 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც “რუსთავი 2-ის” ერთპიროვნული მფლობელი ქიბარ ხალვაში გახდა. მენეჯმენტმა 20 აგვისტოს ტელეარხიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე, ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია. წასვლის შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა, ასევე პაატა იაკობაშვილმა. მათ თქვეს, რომ ტელეარხი მოექცა “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ და ამ პირობებში მუშაობა არ სურდათ. მალევე არხის დატოვების შესახებ 60-ზე მეტმა ჟურნალისტმა განაცხადა, მათ შორის არის “კურიერის” ძირითადი გუნდი.

“რუსთავი 2” კურიერის გუნდის ძირითადმა ნაწილმა დატოვა – სია

მთავარ ფოტოზე: ნათია აბრამია/Soundcloud

მასალების გადაბეჭდვის წესი