გახარიას მხარდაჭერა სტაბილურობის მყარი გარანტიაა – მაღრაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გუგული მაღრაძეს, მიაჩნია, რომ პრემიერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მხარდაჭერა “ქვეყნის სტაბილურობის მყარი გარანტიაა”. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

მაღრაძე რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ ომზე საუბრობს და ამ ფონზე, “ნაციონალურ მოძრაობას” “არასტაბილურობის განცდის” შექმნაში ადანაშაულებს.

“გახარია პრემიერად საუკეთესო არჩევანია საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ. ქვეყანაში ფაქტიურად მიმდინარეობს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან ჰიბრიდული ომი, რომლის ქრესტომატიული გამოვლინება არის ის, რასაც აკეთებს ნაცმოძრაობა, ცდილობს რა შექმნას არეულობის და არასტაბილურობის განცდა მოსახლეობასა თუ უცხოელებში. ამასთან ბრძოლა ყველაზე კარგად შეუძლია გიორგი გახარიას. მან ეს უკვე დაამტკიცა. ამდენად მისი მხარდაჭერა ქვეყნის სტაბილურობის მყარი გარანტიაა”, – წერს მაღრაძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადადგომის შესახებ 2 სექტემბერს ფეისბუკზე დაპოსტა, 3 სექტემბერს კი პრემიერობის ახალ კანდიდატად “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაასახელა.

პრემიერის გადადგომით გადაყენებულად ითვლება მთავრობის მთელი შემადგენლობა. შესაბამისად, პარლამენტმა უნდა განიხილოს და მოუსმინოს მთავრობის ახალ შემადგენლობას, მოისმინოს მათ სტრატეგია და შემდეგ კენჭი უნდა უყაროს.

მთავრობის ახალ შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრის პოსტს გიორგი გახარია დაიკავებს, შს მინისტრისას – სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრი კი – ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობაში სხვა ცვლილება არ იგეგმება.

მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების მოსმენა მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 8 სექტემბერს, კვირას, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მიზნით კენჭისყრით უნდა დასრულდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან