ახალი ამბები

მალე დაყენდება 5 ათასი კამერა, მათგან 40% აფიქსირებს სახეს და ნომერს – გომელაური

5 სექტემბერი, 2019 • 3213
მალე დაყენდება 5 ათასი კამერა, მათგან 40% აფიქსირებს სახეს და ნომერს – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც ბოლო წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით უახლოეს მომავალში 5 ათასი კამერა ჩაირთვება.

“ეს ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის, კრიმინალთან ბრძოლისთვის, საქმის გახსნის შემთხვევაში დაგვახმარება, ასევე, ძალიან დაგვეხმარება პრევენციისთვის და ვეცდებით, რომ შემდეგ კიდევ გავაგრძელოთ ყველა ქალაქში, მთელი საქართველოს მასშტაბით. 5 000 კამერიდან თითქმის 40% არის “ჭკვიანი” კამერები, რომელიც აფიქსირებს ნომერს, სახეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან სერიოზული პროექტი გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება საპოლიციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია. მშენებლობის პროცესი გაგრძელდება 2020 წლისთვის”, – თქვა ვახტანგ გომელაურმა.

გომელაურმა ასევე ისაუბრა პოლიციის ახალი შენობების მშენებლობებზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ახალქალაქის სოფელ ვაჩიანში, ახმეტის სოფელ ძიბახევში (მიმდინარე წელს ჰესის გამო პანკისის ხეობის ამ სოფელში დაუპირისპირდა მოსახლეობა პოლიციას).

შს მინისტრობის კანდიდატის თქმით, სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ახალი საპოლიციო ციფრული პროდუქტების შექმნა, რომელთა საშუალებითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება საპოლიციო მომსახურების ხელმისაწვდომობა და რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებასა და პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. კერძოდ, დაინერგება ანონიმური შეტყობინებების პლატფორმა, რომლის საშუალებითაც პირი, რომელიც ფლობს მომხადარი ან დაგეგმილი დანაშაულის შესახებ რაიმე ტიპის ოპერატიულად საინტერესო ინფორმაციას, ინტერნეტის გამოყენებით, პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გარეშე, მიაწვდის ამ ინფორმაციას შესაბამის დანაყოფებს. როგორც გომელაური ირწმუნება, აღნიშნული განხორციელდება პირის ანონიმურობის სრული დაცვით.

“ეს ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნას და გააღრმავებს პოლიციასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ხარისხს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმიტომ, რომ უჭირს ადამიანებს თანამშრომლობა იქიდან გამომდინარე, რომ მერე უწევს მოწმის სახით სასამართლოში სიარული, პროკურატურაში სიარული და ამას არიდებენ თავს, თუმცა ამ შემთხვევაში აღარ მოუწევთ და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება მოწოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე, უსაფრთხოების სამსახურში და სხვა ძალოვან უწყებებში”, – თქვა გომელაურმა.

საქართველოს პარლამენტში მეორე დღეა, ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გრძელდება ახალი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცესი, რომელიც 8 სექტემბერს კენჭისყრით უნდა დასრულდეს.

დღეს, 5 სექტემბერს, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მინისტრობის 8 კანდიდატს მოუსმენენ.  მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენის განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი