ახალი ამბები

“რათა ჩრდილი არ მიადგეს ამ ისტორიულ პროცესს” – ლევნ თევზაძე განმარტავს, რატომ მოხსნა კანდიდატურა

4 სექტემბერი, 2019 • 1284
“რათა ჩრდილი არ მიადგეს ამ ისტორიულ პროცესს” – ლევნ თევზაძე განმარტავს, რატომ მოხსნა კანდიდატურა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ლევან თევზაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ხსნის, თუ რატომ მოხსნა თავისი კანდიდატურა.

“როგორც საზოგადობისათვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს წევრთა შერჩევის პროცესი. შერჩევის პროცესში კონკრეტულმა პირებმა, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთმა არამოსამართლე წევრმა, საზოგადოებას მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია, თითქოს საბჭოს წევრ ირაკლი შენგელიასთან ჩემი ნათესაური კავშირი აცილების საფუძველს წარმოადგენდა, რაც პროცესის მიზანმიმართული დისკრედიტაციაა. ორგანული კანონით პირდაპირ არის განსაზღვრული აცილების კონკრეტული საფუძვლები, რაც ჩემს შემთხვევას საერთოდ არ ეხება.

 მიმაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის დადგენილ ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებ და მაქვს ლეგიტიმური უფლება, მონაწილეობას ვიღებდე კონკურსში, თუმცა მხედველობაში მივიღე მიმდინარე პროცესის მნიშვნელობა სასამართლო სისტემისთვის და მიზანშეწონილად მივიჩნიე, მიმემართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის კანდიდატურის მოხსნის თაობაზე, რათა ჩრდილი არ მიადგეს ამ ისტორიულ პროცესს”, – აცხადებს თევზაძე.

ლევან თევზაძე ამჟამად სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლისძმაა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო აფასებს. ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, ამ პროცესში ინტერესთა კონფლიქტი იკვეთებოდა. ამ მოსაზრებას ირაკლი შენგელია არ იზიარებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი