ლევან თევზაძე, რომელმაც 2019 წლის კონკურსიდან საკუთარი კანდიდატურა ნეპოტიზმთან დაკავშირებული ბრალდებების გამო მოხსნა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წელს მაინც შეარჩია პარლამენტისთვის წარსადგენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს წინააღმდეგობრივი მოსაზრებები აქვთ იმასთან დაკავშირებით, მოიხსნა თუ არა ბოლო წელიწად-ნახევარში ნეპოტიზმთან დაკავშირებული კითხვის ნიშნები.
რა ხდება?
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენად 9 კანდიდატი შეარჩია. მათ შორისაა მოსამართლე ლევან თევზაძეც, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ წინა კონკურსშიც მონაწილეობდა.
ლევან თევზაძე ამჟამად სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო აფასებს.
2019 წელს მიმდინარე კონკურსში, ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კითხვების მიუხედავად, ირაკლი შენგელია თავის ცოლის ძმასთან გასაუბრებაში მონაწილეობდა. აცილება არ უთხოვია ლევან თევზაძესაც. თუმცა მოგვიანებით თევზაძემ კანდიდატურა მოხსნა. თქვა, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, თუმცა არ სურდა პროცესისთვის ჩრდილის მიყენება.
ეს გარემოება დაბრკოლება არ გამხდარა თევზაძისთვის ახლა, როცა განმეორებით მონაწილეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში. ირაკლი შენგელია ამჯერად არ მონაწილეობდა შერჩევის პროცესში.
ნათელმირონობა — ინტერესთა კონფლიქტი?
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობდა და ნეპოტიზმი ამ პროცესში ყველაზე თვალსაჩინო პრობლემაა.
“მართალია, ირაკლი შენგელია არ მონაწილეობდა პროცესში, მაგრამ მისი ახლობლები და ნათესავები იყვნენ საბჭოში. მათ შორის არის ზაზა ხარებავა, რომელმაც თქვა, რომ შენგელიასთან ნათელმირონი აკავშირებს, და თამარ ღვამიჩავა, რომელიც შენგელიას ნათესავია. ეს ადამიანები საბჭოს წევრები შენგელიას დახმარებით გახდნენ. კლანურ მოდელზე და მმართველობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ყველა ეს ადამიანი არის ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვადასხვა გზებით და როდესაც გადაწყვეტილება მიიღება ამა თუ იმ თანამდებობაზე დანიშვნასა თუ წარდგენასთან დაკავშირებით, მიიღება ამ ფორმით”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობს, რომ ნათელ-მირონობა დადასტურებულიც რომ იყოს, აცილებისთვის საკმარისი საფუძველი არ არის.
“ნაზი ჯანეზაშვილი არაერთხელ გვიმხელია იმაში, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებს და მოსაზრებებს აფიქსირებდა. ამ შემთხვევაშიც შეკითხვა, რომელიც იყო დასმული თევზაძესთან დაკავშირებით, ამოწურული და პასუხგაცემულია იმით, რომ ირაკლი შენგელია სრულიად ჩამოშორდა შერჩევის პროცედურას. ზაზა ხარებავას რაც შეეხება, ჩვენი მოქმედი კანონმდებლობით, ნათელმირონობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აცილებულ იქნას ადამიანი.
ეს დადასტურებულია არა მხოლოდ კანონმდებლობით, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკითაც, როდესაც ერთ-ერთი ცნობილი ტელეკომპანიის საქმის განხილვისას მოსამართლემ მხოლოდ ამ საფუძვლით თვითაცილებაზე უარი განაცხადა. თუნდაც არსებობდეს ნათელმირონული ურთიერთობა, ამგვარი ნათესაობა, ინტერესთა კონფლიქტზე სასაუბროდ აუცილებელია კიდევ დამატებით ოჯახური და მეგობრული ურთიერთობას”, — ამბობს დიმიტრი გვრიტიშვილი.
ლევან თევზაძის გარდა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენად გიორგი გოგიაშვილის, გოჩა აბუსერიძის, ქეთევან მესხიშვილის, გიორგი შავლიაშვილის, რევაზ ნადარაიას, ბიძინა სტურუას, ეკა ზარნაძისა და ლაშა ქოჩიაშვილის კანდიდატურებს დაუჭირა მხარი.
სამოქალაქო სექტორი და დიპლომატები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, არ აირჩიოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმის გატარებამდე.