ახალი ამბები

იუსტიციის საბჭოს წევრი ირაკლი შენგელია ცოლისძმასთან გასაუბრებაში მონაწილეობს

24 ივლისი, 2019 • 3201
იუსტიციის საბჭოს წევრი ირაკლი შენგელია ცოლისძმასთან გასაუბრებაში მონაწილეობს

ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კითხვების მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი ირაკლი შენგელია თავის ცოლისძმასთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლევან თევზაძესთან გასაუბრებაში მონაწილეობს.

შენგელია აცხადებს, რომ ამით კანონს არ არღვევს, აცილება არ უთხოვია ლევან თევზაძესაც.

“ხომ არ გიქმნით რაიმე დისკომფორტს, რომ თქვენი სიძე ზის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელმაც უნდა შეგაფასოთ? თქვენი პროფესიული რეპუტაციისთვის ხომ არ სჯობდა, რომ მას არ მიეღო მონაწილეობა ამ გასაუბრებაში?”, – მიმართა ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, რაზეც თევზაძემ უპასუხა, რომ კანონმდებლობას გაეცნო და არ არსებობს არცერთი მუხლი, რომელიც ირღვევა შენგელიას გასაუბრებაში მონაწილეობით.

“მე ვიქნები აქ და დავესწრები ამ პროცესს. დამისახელეთ ნორმა, რომელსაც ვარღვევ”, – განაცხადა, თავის მხრივ, ირაკლი შენგელიამ, რაზეც ჯანეზაშვილმა უპასუხა, რომ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ნორმას არღვევს.

“დავით უსუფაშვილი ნდობას რომ უცხადებდა თინა ხიდაშელს, რამე განაცხადეთ მაშინ? ცოლ-ქმარი არ იყვნენ? შერჩევითი რატომ არის თქვენი მიდგომები”, – მიმართა ჯანეზაშვილს სხდომის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მისი თქმით, კონსტიტუციური ორგანოს მიერ ექსკლუზიური კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების დროს ინტერესთა კონფლიქტი კლასიგური გაგებით არ მოქმედებს. მაგალითად დაასახელა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევნები, რომელშიც ზაზა თავაძემ საკუთარ თავს მისცა გადამწყვეტი ხმა.

ამავე თემაზე:

გვერდიდან თუ შევხედავთ, ცოტა უხერხულობას იწვევს – თავაძე საკუთარ თავისადმი ხმის მიცემაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი