პარლამენტში “ევროპული საქართველოს” დეპუტატების ნაწილს არ უშვებენ

განახლება: 12:05 – ყველა დეპუტატი, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა საკანონმდებლო ორგანოში შესვლას, პარლამენტში შეუშვეს. 

პარლამენტში, სადაც საშემოდგომო სესია უნდა დაიწყოს, არ უშვებენ პარლამენტარებს: ელენე ხოშტარიას, გიორგი კანდელაკს, ხათუნა გოგორიშვილსა და სხვებს.

საკანონმდებლო ორგანოს დაცვის სამსახურმა დეპუტატებს კარი ცხვირწინ მიუხურა და შიგნით არ უშვებს. ისინი უშედეგოდ ითხოვენ პარლამენტში შესვლას. მაშინ, როცა ხოშტარია და კანდელაკი პარლამენტში შესვლას უშედეგოდ ცდილობდნენ, სხვა დეპუტატები უპრობლემოდ შევიდნენ, მათ შორის, ლადო კახაძე.

პარლამენტის ყველა შესასვლელთან ამ წუთებში აქცია “სირცხვილიას” მონაწილეებს “სირცხვილის კორიდორები” აქვთ მოწყობილი. ისინი გიორგი გახარიას პრემიერის კანდიდატად წარდგენას აპროტესტებენ.

ნეტგაზეთს პარლამენტის პრესსამსახურში უთხრეს, რომ შეზღუდვები საშვების გაცემაზე “შექმნილი ვითარების გამო” დროებით დაწესდა, დეპუტატებს კი საკანონმდებლო ორგანოში შესვლის პრობლემა არ ექნებათ.

როგორც “სირცხვილიას” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნეტგაზეთს უთხრა, აქციის ხუთ მონაწილეს ჰქონდა პარლამენტის საშვი, თუმცა არც ისინი შეუშვეს. როგორც რუხაძე ამბობს, დაცვის სამსახურის განმარტებით, საშვის აპარატს აქვს “სისტემური ხარვეზი”, რაც არის მათი დაბრკოლების საბაბი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.