ახალი ამბები

ბახტაძის თქმით, გახარიას პრემიერობა ჯერ გადაწყვეტილი არ არის

2 სექტემბერი, 2019 • 1123
ბახტაძის თქმით, გახარიას პრემიერობა ჯერ გადაწყვეტილი არ არის

“რატომ უსწრებთ მოვლენებს წინ?” – ასე უპასუხა გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას პრემიერად გიორგი გახარიას შესაძლო დანიშვნაზე.

TV პირველის ჟურნალისტმა, თამარ ჩიხლაძემ, ბახტაძეს შემდეგი კითხვით მიმართა:

“როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა დააჯეროთ მოსახლეობა, რომ 20-21 ივნისის ღამის ფაქტებს გამოიძიებთ ობიექტურად, თუ გახარია გახდება პრემიერ-მინისტრი, და როცა საუბრობთ პოლარიზაციაზე და ამაში ძირითადად ოპოზიციის პასუხისმგებლობას ხედავთ, ამ ტიპის გადაწყვეტილება პოლარიზაციას ხელს უწყობს, თუ პირიქით?”

გადამდგარი პრემიერის პასუხი აღნიშნულზე შემდეგი იყო:

“…ბუნებრივია, ამის შესახებ [20 ივნისის აქციის დარბევა] არ ვიცოდი და არც მეცოდინებოდა, ვინაიდან ეს სამწუხარო განვითარება ხდებოდა ძალიან სწრაფად და ყოველწუთიერ რეჟიმში იცვლებოდა ვითარება. ჩვენ ვიცით შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტება ამის შესახებ და პრინციპში, ეს კადრებშიც ძალიან კარგად ჩანს, რა და როგორ მოხდა.

რაც შეეხება პოლარიზაციას: მე მინდა, გითხრათ, რომ რასაც მე პირადად ვგრძნობ და ამას ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყველა წევრი იზიარებს, არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა ამის მცდელობა, სამწუხაროდ, ეფექტურად წინ ვერ აღვუდექით ამ ნეგატიური დღის წესრიგის თავზე მოხვევას და იმ პოლარიზაციას, რომელიც მივიღეთ”.

ვინაიდან ჩიხლაძემ გახარიას კანდიდატურასთან დაკავშირებით პასუხი ვერ მიიღო, ჟურნალისტსა და ყოფილ პრემიერს შორის შემდგომ ამგვარი საუბარი წარიმართა:

ჩიხლაძე: გახარიას პრემიერად დანიშვნა რა პასუხია ადამიანებისთვის, რომლებიც ელიან ობიექტურ გამოძიებას და ეს გააღრმავებს თუ არა პოლარიზაციას?

ბახტაძე: “რატომ უსწრებთ მოვლენებს წინ?”

ჩიხლაძე: თქვენ გამორიცხავთ, რომ ხვალ გახარია პრემიერი არ იქნება?

ბახტაძე: ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს. გადაწყვეტილება რომ იყოს მიღებული, გარწმუნებთ, თქვენ იქნებოდით პირველი, რომელიც დღეს ამის შესახებ შეიტყობდით. კონსულტაციები გრძელდება და მე გიდასტურებთ, რომ ეს იქნება არა მარტო ხვალ დილით, არამედ იქნება დღესაც და ეს არის ნორმალური პროცესი.


მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრობის პოსტის დატოვების შესახებ დღეს, 2 სექტემბერს, სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც მან შემდგომ, თოქ-შოუების წამყვანებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, გაზაფხულის ბოლოს ჰქონდა საუბარი.

სავარაუდოდ, 3 სექტემბერს დაზუსტდება პრემიერობის კანდიდატის ვინაობა. სანამ ბახტაძე გადადგებოდა,  ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“(IPN) საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ მას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, ამ პოსტზე კი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ძველი სახე, ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი