ახალი ამბები

ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებზე 2 სექტემბერს, თოქ-შოუების წამყვანებთან ისაუბრებს

1 სექტემბერი, 2019 • 2049
ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებზე 2 სექტემბერს, თოქ-შოუების წამყვანებთან ისაუბრებს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე “ქართული ოცნების” 1-ელ სექტემბრის სხდომაზე განხილულ სამთავრობო ცვლილებებზე ხვალ, 15:00-ზე ისაუბრებს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს.

უწყების თანახმად, ბახტაძე თბილისში, ტექნოპარკში, სატელევიზიო თოქ-შოუების წამყვანებს შეხვდება.


“ქართული ოცნების” ოფისში გამართულ სხდომაზე სამთავრობო ცვლილებებზე იმსჯელეს. ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ, სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა საუბარი ზემოაღნიშნულ თემაზე, ვოლსკიმ ჟურნალისტებს უთხრა:

“ამ თემაზე მსჯელობა იყო. ამ თემაზე მსჯელობა გაგრძელდება კიდევ პოლიტსაბჭოზე. ეს მოხდება სამშაბათს. მაგრამ ვფიქრობ, ხვალ დილას საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია გექნებათ და შესაბამის განცხადებას გააკეთებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე”.

აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ (IPN) წერდა, რომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, ამ პოსტზე კი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ძველი სახე, ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება.

მამუკა ბახტაძე მხოლოდ ერთი წელიწადი და ორი თვეა, პრემიერ-მინისტრია. მანამდე ის ჯერ საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორად, შემდეგ კი  ფინანსთა მინისტრად მუშაობდა. თუკი გახარიას მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშნავენ, ის „ქართული ოცნების“ მთავრობაში რიგით მე-5 პრემიერ-მინისტრი იქნება. პრემიერის გადადგომა ნიშნავს, რომ მინისტრთა კაბინეტიც დაიშლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი