ახალი ამბები

აქტივისტთა ჯგუფმა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება გააპროტესტა

1 სექტემბერი, 2019 •
აქტივისტთა ჯგუფმა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება გააპროტესტა

აქტივისტთა ჯგუფმა ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან, სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალება გააპროტესტა. მათ ადგილზე სტიკერები გააკრეს, წარწერით: “კრიმინალების პრეზიდენტი; შეიწყალა პოლიციელის მკვლელი”.

აქტივისტების თქმით, ხვალ, 2 სექტემბერს, ამავე ადგილას აქციაზე შეიკრიბებიან და პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოსთხოვენ პასუხს მისი გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე.

“ხვალ, 11:00-ზე, ვიკრიბებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ათონელზე. გვინდა, პრეზიდენტს მოვთხოვოთ პასუხები იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მან ჩაიდინა, როცა 22 წლის პოლიციელის მკვლელი შეიწყალა. მან უპრეცენდენტო შემთხვევა დაუშვა მსოფლიოში და ამით კრიმინალს მწვანე შუქი აუნთო”, – უთხრა მედიას ნიკა ნოზაძემ, აქცია-პერფორმანსის ერთ-ერთმა მონაწილემ.

სტიკერები აქტივისტებმა პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებასთან და თბილისის რამდენიმე ქუჩაზეც დაარიგეს.

აქტივისტები ათონელის რეზიდენციასთან სტიკერებს ტოვებენ ატივისტებმა სტიკერები თბილისის რამდენიმე ქუჩაზე დაარიგეს

პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულ 34 მსჯავრდებულს შორის ერთ-ერთი რამაზ დევაძეა. იგი ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულის შემდეგ, 29 აგვისტოს, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ იტყვის, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობისთვის გასამართლებული პირი.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/225359/

 

მასალების გადაბეჭდვის წესი