ახალი ამბები

გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი პანკისში დაკრძალეს

29 აგვისტო, 2019 • 2040
გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი პანკისში დაკრძალეს

რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გერმანიაში მოკლეს, 29 აგვისტოს პანკისის ხეობაში, მშობლიურ სოფელ დუისში დაკრძალეს.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიაში, რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე და ერთ-ერთი საველე რაზმის მეთაური იყო. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) თანახმად,  მის მიმართ რუსეთის სპეციალური სამსახურების ინტერესი ყოველთვის მაღალი იყო.

ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით გერმანელმა სამართალდამცავებმა რუსეთის მოქალაქე დააკავეს, თუმცა, როგორც Deutsche Welle წერს, მკვლელობის მოტივს პოლიცია ამ დრომდე სწავლობს. Euronews-ის ცნობით, გერმანელი სამართალდამცავები განიხილავენ ვერსიას, ხომ არ არის მკვლელობა პოლიტიკურად მოტივირებული.

გერმანული მედიის ნაწილი წერს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა დასჯის მიზნით ჩადენილ ქმედებას ჰგავს და სავარაუდოდ, შეკვეთილია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  მკვლელი მეჩეთში მიმავალ ხანგოშვილს ზურგიდან მიუახლოვდა და ორჯერ ესროლა, შემდეგ კი ველოსიპედით გაიქცა. მოგვიანებით სამართალდამცავებმა მდინარეში, სავარაუდოდ, მკვლელობის იარაღი და ველოსიპედი იპოვეს. Tagesspiegel daily წერს, რომ დაკავებულის სახლის ჩხრეკისას დიდი რაოდენობით თანხაა ნაპოვნი.

ხანგოშვილის სახელი 2012 წლის 28–29 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციასაც უკავშირდება. კონკრეტულად, ის მაშინ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და ლოპოტის ხეობაში აღნიშნული მოვლენების დროს ახმედ ჩატაევთან ერთად მოლაპარაკებებს აწარმოებდა. 2015 წელს ხანგოშვილი თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან დაჭრეს.

მოსკოვი აცხადებს, რომ კრემლს ან რუსეთის ხელისუფლებას არაფერი აქვს საერთო ხანგოშვილის მკვლელობასთან.

გარეკანის ფოტო: სულხან ბორძიკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი