საზოგადოებასამართალი

პანკისელების ბრძოლა მოქალაქეობისთვის

19 ოქტომბერი, 2023 •
პანკისელების ბრძოლა მოქალაქეობისთვის

“ადამიანი ფიზიკურად არსებობს, მაგრამ არსად ფიქსირდება მისი არსებობა. არანაირი უფლება არ აქვს”, — რამდენჯერმე იმეორებს პანკისელი ნათელა ბაღაკაშვილი თავისი 36 წლის შვილის შესახებ. მათ პანკისში შევხვდით. 

ბესლანი 24 წელია, საქართველოში ცხოვრობს, თუმცა ამ ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვება ჯერ კიდევ ვერ შეძლო. მეოთხე წელია ბინადრობის უფლების გარეშეც დარჩა, შესაბამისად, ოფიციალურად ის მართლაც არ არსებობს, რაც რეალურ ცხოვრებაში შემდეგნაირად აისახება: ის ვერ შეძლებს საბანკო ანგარიშის გახსნას, საჭიროების შემთხვევაში ვერც სესხს გააკეთებს; სამსახურში ვერ გაფორმდება დასაქმებულად; საკუთარ შვილებს ვერ მისცემს გვარს; ოფიციალურად ვერ გააფორმებს ვერც ქორწინებას; ვერ ისარგებლებს დაზღვევით, მათ შორის, ვერც საყოველთაო დაზღვევით; ვერ გადაიფორმებს სახლს და მიწას და ვერ ისარგებლებს ვერც ერთი იმ სერვისით, რაც სხვა ადამიანებისთვის მარტივად ხელმისაწვდომია. 

ბესლანი არ არის ერთადერთი, ვისაც პანკისის ხეობაში მსგავსი პრობლემა აწუხებს. ხეობაში დაახლოებით 100 მოქალაქეობის არმქონე ადამიანი ცხოვრობს. ისინი ჩეჩნეთის მეორე ომის ლტოლვილები და მათი შვილები არიან. თუმცა ბესლანის შემთხვევა განსაკუთრებულია, რადგან მას არც ბინადრობის უფლება აქვს და არც — მოქალაქეობა.

მრავალი მცდელობის, დახარჯული წლებისა და ფულის მიუხედავად, მათ ამ დრომდე ვერ შეძლეს იმ ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვება, სადაც თითქმის მთელი ცხოვრება აქვთ გატარებული. ზოგიერთი მათგანი საქართველოში დაიბადა კიდეც. 

“ნეტგაზეთი” მათთან შესახვედრად პანკისის ხეობაში ჩავიდა. როგორც მათი მონაყოლიდან ირკვევა, მოქალაქეობის მოპოვებისას ორ ძირითად პრობლემას აწყდებიან: ბიუროკრატიულ ბარიერებს ან/და ამ ბარიერების გადალახვის შემდეგ უარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნის საფუძველზე იღებენ.

როგორ მოხვდნენ ჩეჩნეთიდან ლტოლვილები საქართველოში

1990-იანი წლების დასაწყისში ჩეჩნეთმა სუვერენიტეტი გამოაცხადა და რუსეთის ფედერაციიდან და საბჭოთა კავშირიდან გავიდა. ამ პროცესებს ჩეჩნეთის ეროვნული ძალების გენერალი, ჯოხარ დუდაევი ხელმძღვანელობდა. 

ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის პირველი ომი მალევე, 1994 წელს დაიწყო და 1996 წელს დასრულდა. მაშინ რუსეთი იძულებული გახდა, წინა წელს აღებული გროზნო დაეტოვებინა. მალევე ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, 1997 წელს ორ მხარეს შორის საზავო ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ომს ჩეჩნეთში ათობით ათასი მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა. 

სამშვიდობო ხელშეკრულების მიუხედავად, რუსეთი ჩეჩნეთში კონტროლის აღდგენას კვლავ ცდილობდა, 1999 წლის აგვისტოში კი, როცა დაღესტანში ჩეჩნეთის მხრიდან შეიარაღებული ფორმირებები შეიჭრნენ, რუსეთმა ჩეჩნეთს ხელშეკრულების დარღვევასა და აგრესიაში დასდო ბრალი. თუმცა არ არსებობდა არავითარი დამადასტურებელი საბუთი, რომ დაღესტანში შესვლასთან რაიმე კავშირი ჰქონდა იმჟამინდელ ხელისუფლებას. 

მალევე, 1999 წლის სექტემბერში, რუსეთი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე შეიჭრა “ტერორიზმთან ბრძოლის” სახელით, ამჯერად ბევრად მომზადებული როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური და პროპაგანდისტული თვალსაზრისით. ჩეჩნეთმა პარტიზანული ომი დაიწყო. დაიღუპნენ იმჟამინდელი პრეზიდენტი ასლან მასხადოვი და სხვა ლიდერები. რუსეთმა, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორა ჩეჩნეთის დედაქალაქი გროზნო.

გროზნო. ფოტო: GETTY IMAGE/BBC

ჩეჩნეთის მეორე ომისას დაიღუპა უამრავი მშვიდობიანი მოსახლე, ასევე, დიდმა ნაწილმა დატოვა ჩეჩნეთი და თავი სხვა ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს შეაფარა. 

ლტოლვილთა პირველი ნაკადი საქართველოში 1999 წელს შემოვიდა. მათი დიდი ნაწილი ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში ჩასახლდა, სადაც მათი მონათესავე ქისტები ცხოვრობდნენ.

ჩეჩნეთი. ფოტო GETTY IMAGE/BBC

“კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის” (KRDF) ინფორმაციით, 2000-იან წლებში პანკისში 10-12 ათასი ჩეჩნეთიდან შემოსული ადამიანი ფიქსირდებოდა, მათ შორის იყვნენ მებრძოლები და მათი ოჯახის წევრებიც. სწორედ ეს ორგანიზაცია უწევს იურიდიულ დახმარებას პანკისელებს და ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებაშიც ეხმარება. 

საქართველოს მაშინ არ ჰქონდა ლტოლვილთა მიღების გამოცდილება, შესაბამისად, არ არსებობდა არც სათანადო ეროვნული კანონმდებლობა, რის გამოც ჩეჩნეთიდან  შემოსულ ადამიანებს, როგორც KRDF-ის იურისტი, ანი იმედაშვილი განმარტავს, “სტიქიურად მიენიჭათ ლტოლვილის სტატუსი”. 

ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო მაშინვე ანიჭებდა სტატუსს იმ ადამიანებს, ვინც ამბობდა, რომ ომს გამოექცა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ამის არავითარი დამადასტურებელი საბუთი არ ჰქონდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ომის დროს ნაწილის საბუთები დაბომბვისას განადგურდა, ზოგს კი ისე მოულოდნელად მოუწია ჩეჩნეთის დატოვება, საბუთებზე ფიქრის დროც არ ჰქონია. 

ლტოლვილის სტატუსების გაცემისას მოქალაქეობის გრაფაში მათ იმ ქვეყანას უწერდნენ, რომლიდანაც გამოიქცნენ. ჩეჩნეთი არც მაშინ და არც ახლა საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი რესპუბლიკა არ არის, რის გამოც ლტოლვილთა მოქალაქეობად რუსეთი განისაზღვრა. 

2009 წლის მეორე ნახევარში საქართველოს იმჟამინდელმა მთავრობამ გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან ერთად ჩეჩნეთიდან ლტოლვილთათვის ინტეგრაციის პროცესი დაიწყო.

იმ პერიოდისთვის ქვეყანაში 860 ჩეჩნეთიდან ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი იყო რეგისტრირებული, მათი უდიდესი ნაწილი სწორედ პანკისის ხეობაში ცხოვრობდა. მათ ჰქონდათ დროებითი ბინადრობის მოწმობები და საბუთებში რუსეთის მოქალაქეობა ეწერათ. 

ე.წ. ნატურალიზაციის ფარგლებში ჩეჩნეთიდან ლტოლვილთა დიდმა ნაწილმა 2009-2012 წლებში საგამონაკლისო წესით მიიღო რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა, რაც მათთვის გამარტივებულ პროცედურებს გულისხმობდა. ამ წესის თანახმად, ლტოლვილებს მხოლოდ გასაუბრება უნდა გაევლოთ და არ იყვნენ ვალდებულნი, ჩაებარებინათ გამოცდები ქართულ ენაში, ისტორიასა და სამართალში. 

როგორც პანკისელები ჰყვებიან “ნეტგაზეთთან”, მაშინ წარმოუდგენლად მიაჩნდათ, რომ ერთ დღეს შეიძლება მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება იმგვარად გართულებულიყო, როგორც ეს ახლა ხდება. 

KRDF-ის განმარტებით, ჩეჩნეთიდან ლტოლვილთა მიმართ 2009 წელს დაწყებული ინტეგრაციის პოლიტიკა 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად შეიცვალა, მაგრამ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობა კიდევ რამდენიმე ადამიანს მიენიჭა “ინერციით” 2015 წლამდე. 

“პოლიტიკის ცვლილება გამოიხატა სახელმწიფოს პოზიციაში, რაც რამდენიმე ათეული ლტოლვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უპირობო უარის თქმას გულისხმობს. მათთვის გაუქმდა საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების უპირატესობა. ლტოლვილებისთვის სავალდებულო გახდა გამოცდების ჩაბარება, რაც მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს ბევრი მათგანისთვის”, — განმარტავს KRDF-ის იურისტი, ანი იმედაშვილი. 

ორგანიზაციის თანახმად, ამჟამად 100-ზე მეტი პანკისელია დარჩენილი მოქალაქეობის გარეშე, მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც საქართველოში დაიბადა, ან აქ ჩამოსვლისას ბაღის ასაკისაც არ იყო. მათ მთელი ცხოვრება საქართველოში აქვთ გატარებული, თუმცა ქვეყანა მოქალაქეობის მინიჭებაზე მაინც უარს ეუბნება. 

გაეროს მიერ “ნეტგაზეთისთვის” მიწოდებული ინფორმაციის თანახმად (შსს-ს მონაცემებზე დაყრდნობით), ამ დროისთვის 153 ადამიანს აქვს პრიმა ფასიე მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი და აგრძელებს პანკისის ხეობაში ცხოვრებას. გაეროს განმარტებით, მათ, ვისაც ლტოლვილის სტატუსი აქვს მინიჭებული, აქვთ რუსეთის მოქალაქეობა.

რატომ ვერ ახერხებენ პანკისელები მოქალაქეობის მოპოვებას 

ბიუროკრატიული ლაბირინთები

2019 წელს მთაში მწყემსად წასულ ბესლანს ბინადრობის უფლების გასაგრძელებლად მისვლა სამი დღით დააგვიანდა. მას ბინადრობის უფლება გაუუქმეს, შემდეგ კი აღდგენაზეც უარი უთხრეს. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო მისი და დედის, ნათელას 4-წლიანი ბრძოლა მოქალაქეობისთვის. 

ამ გზის შესახებ ბესლანის დედა ნათელა ბაღაკაშვილი გვესაუბრება, რადგან როგორც ის ამბობს, ბესლანი იმდენად დაღლილია ამ ყველაფრით, ლაპარაკიც კი აღარ სურს. 

რაც შეეხება ნათელას, მან შვილთან ერთად გაიარა ყველა ის ბიუროკრატიული ბარიერი, რომელიც ბინადრობის უფლების ჩამორთმევის დღიდან ოჯახის ყოველდღიურობად იქცა. 

ოთხი წლის განმავლობაში ნათელა და ბესლანი რამდენჯერმე იყვნენ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, შემდეგ – ახმეტის და თბილისის იუსტიციის სახლებში, ორჯერ- რუსეთის საკონსულოში [საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის საკონსულო სამსახური], სულ მცირე ორჯერ კი, ნათელას მარტო მოუწია ჩეჩნეთის დედაქალაქში წასვლა, რადგან ბესლანს საბუთის არქონის გამო საზღვრის კვეთაც არ შეუძლია. 

ერთი უწყებიდან მეორეში გზავნიდნენ, მეორიდან ისევ პირველში ან სხვაგან. თუმცა ვერც ქართული და ვერც რუსული უწყებები მათ დახმარებას და საფუძვლიან დაკვალიანებას ვერ ახერხებდნენ.

ბესლანის საბუთები. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

ნათელა იხსენებს, რომ თითოეულ უწყებაში უწევდა დახმარებისთვის ხვეწნა, ამ მხრივ განსაკუთრებულ სირთულეს კი რუსეთის საკონსულოში წააწყდა. სწორედ აქედან სჭირდებოდა მას გადამწყვეტი მნიშვნელობის საბუთი —  რომ ბესლანი რუსეთის მოქალაქე არ იყო, რადგან რუსეთის მოქალაქეობის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობას ვერ მიიღებდა. აღნიშნული საბუთი ნათელამ ბესლანს ჩეჩნეთიდან ჩამოუტანა, თუმცა იუსტიციის სამინისტროსთვის ეს საკმარისი არ არის. 

თუმცა, როგორც ნათელა ამბობს, საკონსულოდან  უარით გამოისტუმრეს და მოითხოვეს, რომ ოფიციალური წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის მიემართა, რაც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება:

“ტირილით გამოვედი საკონსულოდან. ვეხვეწებოდი, გთხოვთ, არ მოგისმენიათ, არ დახუროთ ფანჯარა-მეთქი. მითხრა: არა, თქვენი 15 წუთი გავიდა და უნდა დავკეტოო”, — იხსენებს ნათელა დეტალებს.

ის არ არის ერთადერთი, ვინც საკონსულოს მხრიდან უხეშ მოპყრობაზე საუბრობს. იმავეს ამბობენ “ნეტგაზეთის” სხვა რესპონდენტებიც:

“ვერ იტანენ ვერც ჩეჩნებს, ვერც ქართველებს. თუ რუსეთის სხვა ქალაქიდან ხარ, საბუთების გადამოწმებაც არ უნდათ, მაშინვე აგზავნიან. ჩეჩნებს სხვანაირად ექცევიან”, — ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

ბესლანის დედა. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

ამას ადასტურებს KRDF-იც. ორგანიზაციის ცნობით, პროცედურული და ფინანსური სირთულეების გარდა, რუსეთის საკონსულოს წარმომადგენლები გარკვეულ შემთხვევებში მოქალაქეობის არქონის ცნობის მსურველებს ავალდებულებენ, პირადად წავიდნენ რუსეთში და თავად აიღონ ასეთი ცნობა, თუმცა:

“საქართველოში მცხოვრები არაერთი ლტოლვილი დღემდე ძებნილია რუსეთის მიერ, მათი პირადი მონაცემის გაცემამ თუ რუსეთში ჩასვლამ, ლოგიკურია, რომ საფრთხე შეუქმნას მათი სიცოცხლის უსაფრთხოებას”, — განმარტავს ორგანიზაცია. 

იურისტი, ანი იმედაშვილი აკრიტიკებს იმ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, მოქალაქეობის მისაღებად ჩეჩნეთის ომს გამოქცეულებს რუსეთში უწევთ პერსონალური მონაცემების გაგზავნა და სხვაგვარად ვერ იღებენ შესაბამის საბუთს:

“ადამიანი, რომელიც რუსეთიდან ლტოლვილია, ნიშნავს, რომ გამოქცეულია ქვეყნიდან, სადაც მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. საქართველო კი მისი მიმღებია, ანუ შემფარებელი ქვეყანაა. ჩვენი სახელმწიფო ახლა ამ ადამიანებს ეუბნება, რომ წავიდნენ და საბუთი მოიტანონ იმ ქვეყნიდან, რომელმაც გამოაძევა”, — განმარტავს იმედაშვილი. 

რაც შეეხება ბესლანს, დაკარგული 4 წლისა და ათასობით ლარის მიუხედავად, კვლავ ოფიციალური დოკუმენტების გარეშე უწევს ცხოვრება, რის გამოც საკუთარ შვილებსაც კი ვერ აძლევს გვარს.

სუს-ის უარი და უსაფრთხოებაზე ბუნდოვანი ჩანაწერი კანონში

მოქალაქეობის მიღების მსურველები ორ ეტაპს გადიან: აქვთ გასაუბრება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთან და აბარებენ გამოცდებს ქართულ ენაში, ისტორიასა და სამართალში. 

გამოცდების წარმატებით ჩაბარების მიუხედავად, მოქალაქეობის არმინიჭების შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემულ დოკუმენტებში პანკისელებისთვის უარის თქმის საფუძვლად ხშირ შემთხვევაში მითითებულია საქართველოს ორგანული კანონის 16-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი,  რაც “საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე” მოქალაქეობაზე უარის თქმას გულისხმობს. ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნის საფუძველზე ხდება. 

ამ მოტივით უარი ეთქვა არაერთ ისეთ ახალგაზრდასაც, ვინც საქართველოში დაიბადა ან 1999 წელს მცირეწლოვანი იყო, მას შემდეგ კი ქვეყანა არც დაუტოვებია. 

მათ შორის არიან, 24 წლის მაგამედი და 21 წლის ირისი. ირისი საქართველოში დაიბადა, მაგამედი კი 3 თვის იყო, მისმა მშობლებმა ომს თავი აქ რომ შეაფარეს.

მაგამედი. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

საქართველოში დაბადების მიუხედავად, ირისს გასულ წელს სწორედ მე-16 მუხლის “გ” ქვეპუნქტით ეთქვა უარი მოქალაქეობის მინიჭებაზე, თუმცა მას შემდეგ, რაც მამობის დადგენის პროცედურა გაიარა, როგორც ამბობს, მოქალაქეობაც მიიღო, რადგან მამამისი საქართველოს მოქალაქეა, თავად კი 1993 წლის შემდეგ დაიბადა საქართველოში. ასეთ დროს განსხვავებული პროცედურების გავლა უწევთ მოქალაქეობის მსურველებს.

რაც შეეხება მაგამედს, მოქალაქეობის აღება სამჯერ სცადა, თუმცა, როგორც იურისტი ანი იმედაშვილი აცხადებს, მასაც მე-16 მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე უარი ეთქვა.

დააჭირეთ: ბავშვობიდან საქართველოში მოქალაქეობის გარეშე — ირისის და მაგამედის ამბავი

ირისი 21 წლისაა. მაგამედი 24-ის.

ირისი საქართველოში დაიბადა, მაგამედი კი 3 თვის იყო, მისმა მშობლებმა ომს თავი აქ რომ შეაფარეს. ორივე მათგანს სურდა საქართველოს მოქალაქეობა, ძირითადი მიზეზი სხვა “პრივილეგიებთან” ერთად პერიოდულად ევროპაში სამუშაოდ წასვლაა, ისე როგორც ამას მათი მოქალაქე მეგობრები აკეთებენ.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, პანკისის ხეობაში ევროპის ქვეყნებში სამუშაოდ წასვლა ახალგაზრდებს მასობრივად სურთ. ეს იმიტომ, რომ ჩვენი რესპონდენტების თანახმად, საქართველოში, განსაკუთრებით კი მათ რეგიონში, სამუშაო შესაძლებლობის სიმცირეა.

“საქართველოდან მე არსად წავიდოდი. იმდენად მიყვარს, გაგიჟებული ვარ ჩემს ქვეყანაზე, მაგრამ გვიჭირს”, — ამბობს ირისი.

სამუდამოდ საქართველოს დატოვება არც ირისს და არც მაგამედს არ სურს.

“აქ ხომ მაინც თავისუფლებაა”, — ამბობს ირისი.

“საქართველოში თავისუფალი ხარ ყველა მხრივ”, — რამდენჯერმე იმეორებს მაგამედიც.

ისინი იხსენებენ, რომ მოქალაქეობის მიღების შესახებ სურვილი პირველად მაშინ გამოხატეს, როცა უკვე სრულწლოვნები გახდნენ. ფიქრობდნენ, რომ მათთვის ეს პროცედურა არ გართულდებოდა ორი მიზეზის გამო — პირველი: გამოცდები, რომლის ჩაბარებაც მოუწიათ, აქ გაზრდილი ახალგაზრდებისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა და მეორე: მთელი ცხოვრება საქართველოში ჰქონდათ გატარებული ისე, რომ ქვეყნიდან გასულებიც არ იყვნენ.

მიუხედავად ამისა, მათი მოლოდინები არ გამართლდა და ორივე მათგანს “უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე” უარი მოუვიდა.

თუმცა, როგორც ირისმა გვითხრა, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება შეძლო, რადგან მამა საქართველოს მოქალაქე ჰყავს და ამის ოფიციალურად დადასტურება მოახერხა. საქართველოს კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ 1993 წლის 31 მარტის შემდეგ ადამიანი საქართველოში დაიბადა და მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქე იყო, მას შეუძლია ამ ქვეყნის მოქალაქე გახდეს.

მაგამედმა პირველი მცდელობის შემდეგ ბედი კიდევ ორჯერ სცადა, თუმცა, უშედეგოდ. ქვეყნიდან გასვლა რომ უნდოდა, მაგამედმა ე.წ. ლურჯი პასპორტი აიღო. ეს არის პასპორტი ლტოლვილებისთვის, თუმცა ამ დოკუმენტის მფლობელებს მხოლოდ იმ ქვეყნებში შეუძლიათ მოგზაურობა, სადაც რუსეთს უვიზო მიმოსვლა აქვს.

მაგამედს პოლონეთში უნდოდა წასვლა, მაგრამ საზღვარზე უარი მიიღო, რადგან ამ პასპორტში მოქალაქეობის გრაფაში რუსეთი ეწერა.

მაგამედი განმარტავს, რომ მოქალაქეობის არქონის გამო სულ აქვს შიშის შეგრძნება, რომ ერთ დღეს, თუ, მაგალითად, რაიმეს დაარღვევს, საქართველოდან რუსეთში გააძევებენ. რაც შეეხება რუსეთს, მაგამედი ამბობს, რომ იქ წასვლა არ სურს:

“ვერ წარმომიდგენია, რუსეთში რა უნდა გავაკეთო”, — ამბობს ის.

ირისი ამბობს, რომ რუსეთში წასვლაც უნდა, თუმცა აკონკრეტებს, რომ “არა მოსკოვში და სხვაგან”, არამედ გროზნოში, სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ და ახლა ნათესავები ჰყავს. მისი თქმით, ორი სამშობლო აქვს — ჩეჩნეთი და საქართველო.

ერთ-ერთი მათგანია აიშა ხანგოშვილიც, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ხუთჯერ უთხრეს.

ის რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანის, ზელიმხან ხანგოშვილის დისშვილია. ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მოკლეს. მის მკვლელობაში დამნაშავედ გერმანიის სასამართლომ რუსეთის მოქალაქე, ვადიმ კრასიკოვი ცნო და მიიჩნია, რომ მკვლელობის დამკვეთი სწორედ რუსული სახელმწიფო იყო. 

აიშა. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

აიშა 3 წლის იყო, ჩეჩნეთის მეორე ომისას მისი მშობლები საქართველოში რომ დაბრუნდნენ. მას შემდეგ ქვეყანა არ დაუტოვებია, ბაღშიც აქ იარა და სკოლაც აქ დაამთავრა. პირველად მოქალაქეობის არქონის გამო პრობლემას სწორედ სკოლის დამთავრებისას წააწყდა, რის გამოც საატესტატო გამოცდების ჩაბარების მიუხედავად, ორი წელი უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებდა. 

აიშამ რუსეთიდან გამოითხოვა საბუთი, სადაც დასტურდება, რომ ის არ არის რუსეთის მოქალაქე.

2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ყოველწლიურად შეჰქონდა საბუთები მოქალაქეობის მისაღებად, მაგრამ, უშედეგოდ. თავდაპირველად უარი რუსეთის მოქალაქეობის მოტივით უთხრეს, შემდეგ კი, “უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე”, რაც სასამართლოშიც გაასაჩივრა, მაგრამ, როგორც გვიყვება, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სასამართლომ ძალაში დატოვა იუსტიციის გადაწყვეტილება. 

დააჭირეთ: 5 უარი მოქალაქეობაზე — აიშა ხანგოშვილის ამბავი

საატესტატო გამოცდები რომ უნდა ჩაებარებინა, აიშას ბინადრობას ვადა ჰქონდა გასული და მოქალაქეობაზე შეტანილი განაცხადის პასუხს ელოდა. მიუხედავად ამისა, იურისტების ჩარევის შემდეგ გამოცდებზე დაუშვეს, თუმცა ატესტატის აღება ორი წლის განმავლობაში ვერ შეძლო. შესაბამისად, ამ ხნის მანძილზე, სურვილის მიუხედავად, ვერ მოახერხა სწავლის გაგრძელება.

“ორი წლის მერე რომ გავდიოდი ეროვნულებზე, მეშინოდა, ყველაფერი დავიწყებული მექნებოდა, მაგრამ ჩავირიცხე”, — ამბობს ის.

აიშამ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე 2015 წელს ჩააბარა.

აიშას თქმით, მის დაბადების მოწმობაში რუსეთის მოქალაქეობა მხოლოდ იმიტომ წერია, რომ ჩეჩნეთში დაიბადა, თავად კი ეს ჩანაწერი აღიზიანებს კიდეც.

იმის დასადასტურებლად, რომ ის რუსეთში, რუსეთის მოქალაქედ არ ითვლება, შესაბამისი დოკუმენტი გამოითხოვა, სადაც წერია, რომ მას “რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა არ შეუძენია და რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, არ არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე”.

“დაბადების მოწმობაში წერია: მოქალაქეობა — რუსეთი, ბინადრობაში დაბადების ადგილი — რუსეთი. სხვა [დამადასტურებელი] საბუთი მაგათგან არ მაქვს [რომ რუსეთის მოქალაქეა] და არც მინდა მაგათი საბუთი. დაბადების მოწმობაშიც რომ წერია, მაგაზეც ვბრაზდები. ეგეც არ მიყვარს.

საერთოდ არ მქონია სურვილი და წამითაც არ მიფიქრია იქ [რუსეთში] წასვლაზე. ვფიქრობ, იქ როგორ უნდა ჩავიდე… სხვა გამოსავალი რომ არ მქონდეს, რამეს ვიზამ, მაგრამ იქ ცხოვრებაზე, იმათ მოქალაქეობაზე არც მიფიქრია.

ჩემი სამშობლო კი არის [ჩეჩნეთი], მაგრამ ახლა ვინც მართავს ჩემს სამშობლოს, პირიქით, მტრად აღვიქვამ. [ჩეჩნეთის] ხელისუფლება რომ ცნობდეს მტერს [რუსეთს], მაშინ ვიფიქრებდი, მაგრამ შენი მტრის წინაშე მეომარ ხალხს თვითონ რომ თვლი მტრად და იმას, ვინც ხალხს გიკლავს და გიხოცავს, მაგას — არა, მაგ სამშობლოში ჯერჯერობით არაფერი მესაქმება”, — ამბობს აიშა და ამატებს, რომ ახლა მისთვის სამშობლო საქართველოა. სადაც მისი ერთ-ერთი პირველი მოგონებები იწყება და სადაც მეგობრები და ოჯახის წევრები ცხოვრობენ.

აიშა რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანის, ზელიმხან ხანგოშვილის დისშვილია. ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მოკლეს. მის მკვლელობაში დამნაშავედ გერმანიის სასამართლომ რუსეთის მოქალაქე, ვადიმ კრასიკოვი ცნო და მიიჩნია, რომ მკვლელობის დამკვეთი სწორედ რუსული სახელმწიფო იყო.

მოქალაქეობის არქონის მიზეზებზე საუბრისას აიშა 2016 წელს სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურში გამართულ გასაუბრებასაც იხსენებს. მაშინ სუს-ის თანამშრომელმა ყურადღება მის მიერ არაბულის ცოდნასა და თავსაბურავზე გაამახვილა:

“გასაუბრებაზე კომპიუტერის მონიტორი მომიტრიალა [ინტერვიუერმა] და მანახა ბინადრობის მოწმობის ფოტო, სადაც თავსაბურავის გარეშე ვიყავი. მეუბნება — ნახე, აქ როგორ კარგად ხარ, რად გინდა, თავშალი რომ გაფარია, იცი თქვენ, ხალხს რომ აშინებთ ასეო?!

ეს იყო ჩემი შეურაცხყოფა. იმდენად გულნატკენი ვიყავი, მინდოდა ყველას გაეგო, რაც მითხრა. ეს ჩემი თავისუფლებაა, ჩემი ნება და უფლება”, — ამბობს აიშა.

ამ გასაუბრების შემდეგ აიშამ მოქალაქეობის მისაღებად შესაბამისი გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა, თუმცა “უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე” [ორგანული კანონის 16-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი] მოქალაქეობა მაინც არ მიანიჭეს.

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 2021 წელს განცხადება კვლავ შეიტანა. გამოცდებიც წარმატებით გაიარა, თუმცა უარი ისევ იმავე მოტივით მიიღო. ამასთან, 2021 წლის გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების საფუძველზე დაკარგა. ამის საპასუხოდ, აიშამ რუსეთიდან ცნობა მოითხოვა, სადაც წერია, რომ ის რუსეთის მოქალაქე არ არის და არც არასდროს ყოფილა.

შესაბამისად, ის ამბობს, რომ ახლა არც ერთი ქვეყნის მოქალაქე არ არის.

ამ პერიოდის განმავლობაში  არაერთ იურისტთან გაიარა კონსულტაცია, თუმცა ნაწილი უარს ამბობდა მისი საქმის აღებაზე და ეუბნებოდა, რომ კიდევ ერთხელ გასაჩივრებას აზრი არ ჰქონდა, რადგან “უშიშროებიდანაა [სუს] დაბლოკილი” და დამატებით ფული დაეხარჯება ისე, რომ შედეგს ვერ მიაღწევს.

“ძალიან დავიღალე ამ ყველაფრით. იმდენჯერ ვიყავი შეხვედრებზე, ყოველთვის ერთი და იგივე იყო.

ერთ ადვოკატს რომ დაველაპარაკე, ჩემი საქმე რომ გავიარეთ, მითხრა, ვინც არ უნდა ჩამოვიდეს [პანკისში დასახმარებლად], რომც იტირონ და იყვირონ, არაფერი გამოვა, უშიშროებაში ხარ დაბლოკილი და არაფერს აზრი არ აქვსო.

ერთხელ რომ გავგზავნეთ მოთხოვნა, იუსტიციის სამინისტრომ უშიშროებამდეც არ გაუშვა საქმე. სუსიდან უარი რომ მოდიოდა ყოველ ჯერზე, გადაწყვიტეს, თვითონვე დაეფიქსირებინათ ნეგატიური პასუხი, რადგან უშიშროება მაინც არ დათანხმდებოდა. ჩემთვის ვფიქრობ, ნეტავ ისეთი რა დავაშავე, ამდენი წელია აქ ვცხოვრობ. მაგრამ რა ვიცი, გაურკვეველი რაღაცაა”, — ამბობს აიშა.

აიშას სურს, საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადი კიდევ ერთხელ შეიტანოს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს თანხებთან არის დაკავშირებული და მოქალაქეობის მინიჭების იმედიც დიდად არ აქვს, გარკვეული პერიოდი თავის შეკავებას გეგმავს.

მანამდე კი დროებითი ბინადრობის უფლებით სარგებლობს. ამის გამო სხვადასხვა დროს სხვადასხვა პრობლემას წააწყდა. მათ შორის ვერ ჩააბარა ერთ-ერთ კოლეჯში, სადაც უნივერსიტეტის პარალელურად სურდა სწავლა, საბანკო ანგარიშის გასახსნელად სხვებზე ხანგრძლივი ლოდინი უწევს, დროებითაც არ შეუძლია ქვეყნის დატოვება და ვერ იღებს იმ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას, რომელიც გათვლილია მხოლოდ მოქალაქეებზე:

 “აწარმოე საქართველოში” მინდოდა ჩემი იდეის შეტანა დასაფინანსებლად, მაგრამ ვერ შემაქვს. სხვის სახელზე ძნელია, რომ გავაკეთო, სხვასაც აწვალებ შენ გამო. ამიტომ თავს ვიკავებ ხოლმე.

იმდენი იდეა მაქვს, იმდენ პროექტს განვახორციელებდი, რა ვიცი… მეუღლემ თავის სახელზე შეიტანა და გავიმარჯვეთ. ახლა სამჭედლო სახელოსნოს ქმნის. მე დავრჩი ასე…”, — ამბობს აიშა.

რადგან პანკისის ხეობაში ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილები ნაკლებად მოიძებნება, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ დიდ ნაწილს ევროპაში უნდა სამუშაოდ წასვლა, ნაწილმა კი უკვე დატოვა ქვეყანა.

ევროპაში სამუშაოდ წასვლის მსურველთა შორის არის აიშაც, რომელსაც საქართველოდან ხანგრძლივად წასვლა არ სურს.

“იქ შევაგროვებ ამ დროში თანხას ისე, რომ აქ გამომადგეს და ჩამოვალ ისევ” — მეუბნებიან ისინი და შეკითხვაზე, რატომ ურჩევნიათ საქართველოში ცხოვრება, მპასუხობენ, რომ აქ თავისუფლებაა ისეთი, როგორიც სხვაგან არაა.

აღნიშნულ პრაქტიკაზე საუბრობს “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძეც. მისი თქმით, მოქალაქეობის მინიჭების საკითხში პრობლემურია სასამართლო პრაქტიკა და მისი კონტროლი ძალიან სუსტი და ფორმალურია: 

“მოსარჩელე მხარეს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ აქვს (ანუ რა საფუძვლით მიიჩნია სუს-მა, რომ ადამიანი საფრთხეს წარმოადგენს). მასზე წვდომა მხოლოდ სასამართლოს და მოსამართლეს აქვს. 

თუმცა სასამართლოს არ აქვს რეალური ბერკეტი, თავად გადაამოწმოს სუს-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნამდვილობა და რელევანტურობა. ამის გამო მოშლილი შეჯიბრებითობის სისტემა, რადგან მოსარჩელის ადვოკატებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ მისი ინტერესები დაიცვან, რადგან არ აქვთ წვდომა ინფორმაციაზე, რომელსაც ასაჩივრებენ”, — განმარტავს მიქელაძე. 

რაც შეეხება მოსამართლეს, მიქელაძის თქმით, სასამართლო ფორმალურად ამოწმებს ამ ინფორმაციას და, როგორც წესი, მიიჩნევს, რომ “სამართალდამცველი გულისხმიერების პრინციპით მოქმედებს და პირდაპირ საბუთად იღებს ამ ინფორმაციას”.

მოქალაქეობის მინიჭების პროცესში სხვადასხვა ბარიერის შესახებ ნეტგაზეთს ესაუბრნენ სხვა ადგილობრივებიც. ერთ-ერთია ნაირა ჩოფანაშვილიც:

“ორ წელში საპენსიო ასაკი მიწევს და არჩევნების ყუთთან მისვლაც არ მეღირსა”, — ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

ნაირა. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

როგორც ის ჰყვება, ამჟამად მოქალაქეობის მოთხოვნაზე განაცხადის არშეტანის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მის გარშემო სხვა ადამიანებისთვის დაუსაბუთებლად ნათქვამი უარებია, მათ შორის, მისი შვილისთვისაც, რომელმაც გამოცდების ჩაბარების მიუხედავად ორჯერ მიიღო უარი. 

დააჭირეთ: თითქმის მთელი ცხოვრება საქართველოში, მოქალაქეობის გარეშე — ნაირა ჩოფანაშვილის ამბავი

“ორ წელში საპენსიო ასაკი მიწევს და არჩევნების ყუთთან მისვლაც არ მეღირსა”, — ამბობს 58 წლის ნაირა ჩოფანაშვილი, რომელიც საქართველოდან ჩეჩნეთში მანამდე წავიდა, სანამ ჩეჩნეთში მეორე ომი დაიწყებოდა. ომის დაწყების შემდეგ კი 5 მცირეწლოვან შვილთან ერთად საქართველოში დაბრუნდა 1999 წელს.

“ღამე მოვდიოდით, დღე ვიმალებოდით. შატილის მთებამდე მოვედი 5 შვილთან ერთად, გზაში ავარიაც მოგვიხდა. ორი ტყუპი მაშინ ძალიან პატარები იყვნენ. შატილში თვითმფრინავი გამოაფრინა გაერომ და ისე ჩამოგვიყვანეს აქამდე”, — იხსენებს ნაირა.

საქართველოში ჩამოსულმა ლტოლვილის სტატუსი მოიპოვა. მოგვიანებით, როცა ჩეჩნეთიდან ლტოლვილები საქართველოს მოქალაქეობას გამარტივებული წესით იღებდნენ, თავად საბუთების მოწესრიგება ვერ მოასწრო. შემდეგ გართულებული პროცედურისა და უსახსრობის გამო მოქალაქეობაზე განაცხადი აღარც შეუტანია.

როგორც ის ყვება, მას შემდეგ მოქალაქეობის მოთხოვნაზე განაცხადის არშეტანის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მის გარშემო სხვა ადამიანებისთვის დაუსაბუთებლად ნათქვამი უარებია, მათ შორის მისი შვილისთვისაც, რომელმაც გამოცდების ჩაბარების მიუხედავად ორჯერ მიიღო უარი:

“ჩემმა ბიჭმა ორჯერ შეიტანა და ორივეჯერ უარი მოუვიდა. მე მქონდა ჩემთვის შეგროვებული 250 ლარი და მას მივეცი, მაგრამ უარი რომ მოუვიდა, ეგეც დაგვეკარგა. ამიტომ, რა ვიცი, ახლა კიდევ გაძვირებულია. ამხელა ვალი ავიღო და თუ არ გამოვა, უკან არავინ დაგიბრუნებს ამ ფულს.

მე გამოცდას ვერ ჩავაბარებ. ეს ზუსტად ვიცი. 8 კლასი მაქვს დამთავრებული, უკვე ასაკში ვარ. რასაც ვამბობ, ისიც მავიწყდება”, — ამბობს ის.

თავად დამლაგებლად მუშაობს სკოლაში. ჩვენი სტუმრობისას მისი ერთი შვილი მთაში იყო წასული. როგორც ნაირა გვიყვება, უსახსრობისა და უიმედობის გამო მოქალაქეობისთვის განაცხადის შეტანისგან თავს იკავებს მისი მეორე შვილიც.

პანკისის ხეობაში მოქალაქეობის არმქონე ადამიანებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ეს განწყობა საერთოა, რადგან დაკარგული წლების, დროის, ენერგიისა და ფულის მიუხედავად, მათ გარშემო კვლავ რჩებიან ადამიანები, ვინც ამ დრომდე, მათთვის დაუსაბუთებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო იმ ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვება, რომელშიც გაიზარდა და თითქმის მთელი შეგნებული ცხოვრება გაატარა.

ასეთია ნაირაც. ჩეჩნეთში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა, იქიდან ჩამოსულს კი, როგორც გვიყვება საბუთების არქონის გამო, საქართველო არასდროს დაუტოვებია. 58 წლის ქალი ღელავს, რომ თუ ორ წელიწადში მოქალაქეობის მიღებას ვერ შეძლებს არ დაენიშნება პენსიაც, რაც მისთვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, მუშაობის ხანგრძლივად გაგრძელებას ნიშნავს.

მოქალაქეობაზე უარი, როგორც სოციალური კონტროლის იარაღი

თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ პანკისის ხეობის მცხოვრებთათვის მოქალაქეობის მინიჭება-არმინიჭების საკითხი სახელმწიფოს მხრიდან სოციალური კონტროლის მექანიზმია. 

ის თავად ეხმარებოდა იურიდიული საკითხების მოგვარებაში პანკისის ხეობაში მცხოვრებ იმ პირებს, ვისაც მოქალაქეობაზე უარი უთხრეს. მისი თქმით, გარკვეულ შემთხვევებში კონკრეტული ადამიანების ისტორიისა და ბიოგრაფიის გათვალისწინებით, იმდენად დაუსაბუთებელია მოქალაქეობაზე უარი, რომ ჩნდება ეჭვი, ხომ არ არის ეს სახელმწიფოს თვითნებური პრაქტიკა.

“მრავალი წელია ვსაუბრობთ, რომ პანკისის ხეობა სახელმწიფოს გადაჭარბებული კონტროლის ქვეშაა. ეს რეგიონი მეტწილად დანახულია უსაფრთხოების ჭრილში და არა მოქალაქეობის, უფლებების და ინკლუზიის პერსპექტივით.

შეიძლება ითქვას, რომ ამ რეგიონზე კონტროლი მთლიანად სუს-ს აქვს და ამის განსახორციელებლად, თუ როგორ აკონტროლოს რეგიონი მიკროდონეზეც კი, მთელი სქემები აქვს განსაზღვრული. იქნება ეს მათი აგენტურისა და თანამშრომლების ქსელი, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ხეობაში, თუ იქნება ეს ადგილობრივ ლიდერებზე კონტროლის მოპოვების ინტერესი და ამ გზით გარკვეული პროცესების გაკონტროლება. 

ამიტომ, ვფიქრობთ, რომ გადაჭარბებული უსაფრთხოების პერსპექტივისა და კონტროლის პოლიტიკის ნაწილია მოქალაქეობის არმინიჭებაც, რათა უსაფრთხოების სამსახურმა შეინარჩუნოს მათი მართვისა და გავლენის ინსტრუმენტი”, — აცხადებს მიქელაძე. 

თამთა მიქელაძე. ფოტო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

მოქალაქეობის მინიჭების ნაწილში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავლენასა და ამ გზით სახელმწიფოს პოლიტიკური ინტერესების გატარებაზე საუბრობს “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” [TDI] იურისტი, შოთა თუთბერიძეც. 

TDI რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით უკვე მრავალი წელია მუშაობს. 

მისი თქმით, სუსი მუდმივად ცდილობს პანკისის ხეობის სტიგმატიზებას, რომ იქ მცხოვრები ადამიანები ტერორიზმთან არიან კავშირში, რასაც არ გააჩნია ფაქტობრივი საფუძველი, შემდეგ კი ეს სტიგმატიზება დანარჩენ მოსახლეობაში რეგიონის მიმართ მგრძნობელობას ამცირებს და სუს-ის ქმედებებს რეალური საფუძვლების გარეშეც მეტ ლეგიტიმაციას აძლევს. 

“შეიძლება კონკრეტული ადამიანები კონკრეტულ ქმედებებში იყვნენ შემჩნეული და ამისთვის გასამართლებულიც კი, თუმცა სუსი ამას იყენებს, როგორც მთელი რეგიონისა და იქ მცხოვრები ადამიანების წინააღმდეგ სტიგმატიზების იარაღს. მათ შორის, ამას აკეთებს საჯაროდ” ,— განმარტავს თუთბერიძე.

მისი თქმით, სწორედ ამ ყველაფრის ნაწილია იქ მცხოვრები ადამიანებისთვის უსაფრთხოების საფუძვლებიდან გამომდინარე მოქალაქეობაზე უარის თქმაც, როცა ამის ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობს. 

“ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ადამიანებისთვის მოქალაქეობაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი ყოფილა სუს-ის დასკვნა, რომელსაც არ აქვს დასაბუთება იმ მოტივით, რომ როგორც წესი, ასეთი დასკვნა საიდუმლოა. შემდეგ უსაფრთხოების სამსახურის პოზიცია ფაქტობრივად უაპელაციოდ არის გათვალისწინებული სასამართლოშიც”, — აცხადებს ის.

შოთა თუთბერიძე

აღნიშნული ბარიერებისა და სირთულეების გამო კი ადამიანები მოკლებული არიან იმ ფუნდამენტურ უფლებებს, რაც შემდეგ მათი სამართლებრივი დაცვის მექანიზმს უნდა წარმოადგენდეს.

ნეტგაზეთმა სტატიაში ჩამოთვლილი პრობლემების საპასუხოდ იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და რუსეთის საკონსულოს მიმართა. სტატიის გამოქვეყნების მომენტში პასუხი მათგან არ მიგვიღია.


მასალა მომზადდა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პროექტის “ეროვნული უმცირესობების ინკლუზიური და პლურალისტური გაშუქების გაძლიერება მედიაში” ფარგლებში, ეუთოს ეროვნული უმცირესობების საკითხებზე უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს ეუთოს ეროვნული უმცირესობების საკითხებზე უმაღლესი კომისრის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი