ახალი ამბები

იწერს თუ არა iPlus ქუჩაში გამვლელების საუბარს? – სახელმწიფო ინსპექტორმა შესწავლა დაიწყო

29 აგვისტო, 2019 • 1589
იწერს თუ არა iPlus ქუჩაში გამვლელების საუბარს? – სახელმწიფო ინსპექტორმა შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აიპლიუსის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას სწავლობს.

საქმე ეხება კომპანიის მიერ 27 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელზეც მცირეწლოვან ბავშვზე თავდასხმაა ასახული, თუმცა ჩანაწერში ისმის ხმაც, მათ შორის ქუჩაში გამვლელ პირთა საუბრი.

“ვინაიდან პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებამ მათზე აღბეჭდილ პირებს შესაძლოა მიაყენოს როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი, კანონი ადგენს წესებსა და პრინციპებს, რომლებიც მათი შეგროვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელებისას უნდა იქნეს დაცული. კანონით დადგენილი წესების დარღვევით მონაცემთა დამუშავება იწვევს პასუხისმგებლობას.

იმის გასარკვევად, ახორციელებს თუ არა კომპანი მოქალაქეთა პირადი საუბრების შინაარსის არამართლზომიერ ჩაწერას და იცავს თუ არა ვიდეოჩანაწერების შეგროვების/გადაღების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელებისას კანონით დადგენილ წესებსა და პრინციპებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომელიც წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების კონტროლის სახელმწიფო ორგანოს, დაუყოვნებლივ დაიწყო საკითხის შესწავლა”,-აცხადებენ ინსპექტორის სამსახურში.

აიპლიუსში ამტკიცებენ, რომ ბრალდებულის იდენტიფიცირება მათი კამერების დამხარებით მოხდა. რაც შეხება პერსონალური მონაცემების გავრცელების შესაძლო ფაქტს, მათი ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მაღაზიაში ძარცვის რამდენიმე შემთხვევა იყო. ამის გამო კომპანია “იძულებული გახდა უსაფრთხოების დამატებითი ზომები” მიეღო. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ “უსაფრთხოების ზომების შესუსტებით” მათი მაღაზია უფრო მეტად დაუცველი გახდება.

“აიპლიუსი”, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, სრულად იცავს კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს, მათ შორის ახორციელებს პერსონალური უფლებების დაცვას. აიპლიუსის სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებით მოხერხდა მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის გამოვლენა.

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე აიპლიუსის ფილიალზე განხორციელდა როგორც შეიარაღებული თავდასხმა, ასევე, არაერთი ძარცვის ფაქტი, უმრავლეს შემთხვევაში “აიპლიუსმა” მიიღო როგორც მატერიალური, ასევე, მორალური ზიანი. “აიპლიუსი” ამ ფაქტების გამო იძულებული გახდა მიეღო უსაფრთხოების დამატებითი ზომები, რადგან ჩვენ მიმართ განხორიცელებულმა ძალადობამ და მატერიალურმა ზიანმა მიიღო პერმანენტული სახე.

აიპლიუსი ახორიცელებს ფილიალების მონიტორინგს სამეთვალყურეო კამერების მეშევობით. რომელშიც გვეხარჯება როგორც ფინანსური, ასევე, ადამიანური რესურსები. ჩვენი სამეთვალყურეო კამერების დახმარებით მოხდა არაერთი დანაშაულის ფაქტის გახსნა. თუ სახელმწიფო უწყება გვთავაზობს ჩვენს დაცვას იმგვარად, რომ აღარ გახდება საჭირო დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღება, ცხადია, ეს ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნება ჩვენთვის. მაგრამ ჩვენზე არაერთი თავდასხმა გვაფიქრებინებს, რომ უსაფრთხოების სისტემების შემცირება მოგვაყენებს უფრო დიდ ზიანს.

სრულად ვაცნობიერებთ პერსონალური მონაცმების დამუშავებასა და შენახვას მაღალი, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად და ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის უსაფრთხოების შესუსტების მცდელობა, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ძალადობის წახალისებას, რაც ასე მომრავლებულია ჩვენ წინააღმდეგ”,-აცხადებენ კომპანიაში.

27 აგვისტოს თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვან ბავშვი დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, ქალმა ბავშვს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა. მედიის ნაწილმა მომხდარის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ბავშვზე თავდასხმაა ნაჩვენები.

მათ შორის აიპლიუსის Facebook გვერდზეც არის ატვირთული მსგავსი ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, მაღაზიის სათვალთვალო კამერის მიერ არის გადაღებული. კომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისმის ხმა მათ შორის გამვლელების საუბარიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი