ახალი ამბები

რ2-ის საინფორმაციოს უფროსად ირაკლი იმნაიშვილი წარადგინეს

26 აგვისტო, 2019 • 2587
რ2-ის საინფორმაციოს უფროსად ირაკლი იმნაიშვილი წარადგინეს

„რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსად და აღმასრულებელ დირექტორად წარადგინეს ირაკლი იმნაიშვილი, რომელიც ბოლო წლებია დიდ ბრიტანეთში, BBC-ში მუშაობს. იმნაიშვილმა თქვა, რომ აქვს „ამბიცია, „რუსთავი 2“ გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტებისა და თანამშრომლების ტელევიზია”.

იმნაიშვილი 26 აგვისტოს საღამოს რ2-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ წარადგინა არხის ნიუსრუმიდან [არხზე საინფორმაციო გადაცემები 20 აგვისტოდან აღარ გადის]:

„ჩვენ კარგა ხანია, ირაკლისთან გვაქვს საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩადგომოდა ტელევიზიის როგორც საინფორმაციო, ისე „პროდაქშენის“ ნაწილს და მისი ხელმძღვანელობით, როგორც აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით, წარმართული ტელევიზიის საქმიანობა. ირაკლისთან ეს მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. ვიმედოვნებთ, ის ძალიან მალე გახდება ჩვენი გუნდის წევრი“.

წარდგენისას სალიამ თქვა, რომ იმნაიშვილი არის „ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი, რომელმაც თავისი კრიტიკულობით თავი დაამახსოვრა საზოგადოებას“ და რომელსაც წინა ხელისუფლების ზეწოლის შედეგად მოუწია ქვეყნის დატოვება.

პაატა სალიას თანახმად, იმის მიუხედავად, რომ არხი ბევრმა ჟურნალისტმა დატოვა, „რუსთავი 2-ზე“ ახლა 800-მდე თანამშრომელია დარჩენილი. „ეს არის პოზიტიური სიახლე, რაც ძალიან კარგად მიიღო რუსთავი 2-ის გუნდა, იმ ადამიანებმა, ვინც ბოლომდე ამ ტელეკომპანიის ერთგულები არიან“.

ირაკლი იმნაიშვილმა განაცხადა, რომ რ2-ის ნიუსრუმი ცარიელი არ არის და „ნაწილს იმ ჟურნალისტებისა, ვინც წავიდნენ, დაბრუნება სურს“. მას არ დაუსახელებია, კონკრეტულად, ვის.

„მე 14 წლის წინ მომიწია ოჯახთან ერთად საქართველოს დატოვება ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის გამო. ჩემთვის ძალიან გასაგებია, რამდენად მძიმეა ჟურნალისტისთვის, წავიდეს იმ ტელეკომპანიიდან, რომელიც არ არის მისთვის მხოლოდ სამსახური და არის ოჯახი და ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი. გამიმართლა, რომ დღესაც ვმუშაობ მსოფლიოში ყველაზე გავლენიან და ავტორიტეტულ მედიასაშუალებაზე, და ამ 14 წლის განმავლობაში მინდოდა, საქართველოში ჩამომეტანა როგორც საოპერაციო და ჟურნალისტური სტანდარტი, ასევე უპრეცედენტო გარანტია სარედაქციო დამოუკიდებლობის, რაც დასავლურ მედიაში არსებობს“, — თქვა იმნაიშვილმა.

საინფორმაციო სამსახურის წინა უფროსი, ნოდარ მელაძე, რ2-ის ახალმა მენეჯმენტმა წინა კვირას დაითხოვა სამსახურიდან. ამ ნაბიჯს მოჰყვა ათეულობით ჟურნალისტის მიერ არხის დატოვება, რადგან მიიჩნევდნენ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრებოდა. მათი ნაწილი, რ2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თანახმად, გადადის მის მიერ ახლადდაარსებულ „მთავარ არხზე“.

რ2-ზე საკადრო ცვლილებები – ახალი მენეჯმენტის მიერ გაბუნიას, მელაძის, ჟორჟოლიანისა და გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი ლაფერაშვილის გათავისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარყოფითად შეაფასეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი