ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარება მორიგი უკანონო ქმედებაა – სამინისტრო

25 აგვისტო, 2019 • 937
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარება მორიგი უკანონო ქმედებაა – სამინისტრო
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე არჩევნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.
სამინისტროში თანახმად, აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ არჩევნებს რაიმე სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება, რადგან რეგიონში ჩატარდა ეთნიკური წმენდა, ხოლო ადგილზე ვითარებას საოკუპაციო ძალა აკონტროლებს.
ამასთან, უწყება რუსეთს მოუწოდებს პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას.

იმ ფონზე, როცა აფხაზეთის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ხოლო ადგილზე ვითარებას სრულად აკონტროლებს საოკუპაციო ძალა, ბუნებრივია, ე.წ. არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, სრულად ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

ცხადია, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას. საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების მცდელობას ისევე, როგორც იმ უკანონო ნაბიჯებს, რასაც რუსეთის ფედერაცია დგამს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების აღმართვის, მილიტარიზაციისა და ადგილზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის კუთხით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესაჩერებლად,”-წერია სამინისტროს განცხადებაში.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დღეს, 25 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. მოსკოვის დროით დილით 8 საათიდან აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე 152 საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათ შორის გალის რაიონში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

პუტინმა აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების იმედი გამოთქვა

მასალების გადაბეჭდვის წესი