ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინმა აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების იმედი გამოთქვა

7 აგვისტო, 2019 • 1147
პუტინმა აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების იმედი გამოთქვა

სოჭში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგა.

აფხაზური მხარის ინფორმაციით, რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა აფხაზეთში 25 აგვისტოს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებაც, რომელშიც თავად ხაჯიმბაც მონაწილეობს.

“ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ არჩევნები დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად ჩატარდება და ხელს შეუწყობს რესპუბლიკის ეკონომიკურ და დემოკრატიულ სტაბილურობას”, – ნათქვამია აფხაზური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, შეხვედრის კიდევ ერთ თემად “სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების საკითხების განხილვა” დასახელდა.

“ის სამუშაოები, რომლებიც საინვესტიციო პროგრამის ხაზით მიმდინარეობს, დღეს უკვე დასრულების სტადიაშია. ეს სოციალურად მნიშვნელოვანი ობიექტებია – სკოლები, საბავშვო ბაღები. მიმდინარეობს ენერგოსისტემების რეკონსტრუქცია. რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების წყალობით შენდება გზები. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის სამუშაო, რომელსაც ჩვენ თავდაცვისა და სამართალდამცველ სტრუქტურებთან დაკავშირებით განვიხილავდით. ასევე, ის საკითხები რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო კომუნიკაციასთან, საზღვაო და საჰაერო მიმოსვლასთან”, – განაცხადა ხაჯიმბამ პუტინთან შეხვედრის დროს.

6 აგვისტოს, აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე [25 აგვისტო], დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსეთის ქალაქ სოჭში შეხვდა.

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს გაიმართება. რამდენიმე დღის წინ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვიც ჩავიდა და რაულ ხაჯიმბას შეხვდა. რაულ ხაჯიმბა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ მონაწილეობს.

რუსული ოფიციალური მხარის ღია შეხვედრები რაულ ხაჯიმბასთან, რომელიც კრემლის მიერ ხაჯიმბას მხარდაჭერად აღიქმება, აფხაზური საზოგადოების ოპოზიციურ ნაწილში უკმაყოფილებას იწვევს.

2008 წელს, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შემდეგ, ვლადიმერ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას შეხვედრები რეგულარულ ხასიათს ატარებს. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიების გარდა პუტინი და ხაჯიმბა ერთმანეთს სოხუმშიც ხვდებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი