ახალი ამბები

ბრაზილიის პრეზიდენტის თქმით, ამაზონის ხანძარს ვერ აქრობენ

23 აგვისტო, 2019 • 3846
ბრაზილიის პრეზიდენტის თქმით, ამაზონის ხანძარს ვერ აქრობენ

ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს თქმით, ამაზონის ტყეში გაჩენილ მასშტაბურ ხანძართან ბრძოლისთვის ქვეყანას რესურსები არ აქვს. ამ ფონზე ის საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს აკრიტიკებს, რომელიც ხანძარს საერთაშორისო კრიზისს უწოდებს და “დიდი შვიდეულის” სამიტზე  მისი განხილვის ინიციატივით გამოდის. ამასთან, ბოლსონარო ხანძრის გაჩენაში კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის შესაძლებლობას განიხილავს.

“ჩვენი სახლი იწვის. პირდაპირი მნიშვნელობით. ამაზონის ჯუნგლები – ფილტვები, რომელიც პლანეტის ჟანგბადის 20%-ს აწარმოებს, ცეცხლშია. ეს საერთაშორისო კრიზისია. დიდი შვიდეულის სამიტის წევრებო, მოდით, განვიხილოთ ეს გადაუდებელი საკითხი”, – აღნიშნავს ემანუელ მაკრონი “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ პოსტში. ორგანიზაციის სამიტი მიმდინარე წლის 24-26 აგვისტოსაა დაგეგმილი.

ბრაზილიის პრეზიდენტი, რომელსაც გარემოსდამცველები ამაზონის ტყესთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო ქმედებებში ადანაშაულებენ, კოლეგის განცხადებას პოლიტიკური ინტერესებით ხსნის.

“ვწუხვარ, რომ პრეზიდენტი მაკრონი ცდილობს, პერსონალური პოლიტიკური მიზნებისთვის სარგებელი მიიღოს იქიდან, რაც ბრაზილიისა და ამაზონიის სხვა ქვეყნების საშინაო საკითხია”, – დაწერა მან “ტვიტერზე”, მეორე პოსტში კი აღნიშნა:

“საფრანგეთის პრეზიდენტის შეთავაზება, განიხილონ ამაზონიის საკითხები დიდი შვიდეულის სამიტზე რეგიონის ქვეყნების მონაწილეობის გარეშე, გვახსენებს კოლონიალისტურ აზროვნებას, რომელიც XXI საუკუნეში მიუღებელია”.

მაკრონის, ისევე როგორც ამაზონის ხანძრის ირგვლივ საერთაშორისო გამოხმაურების მიმართ კრიტიკა არც ბრაზილიის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს დაუშურებიათ: ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა კამპანიას “ველური და უსამართლო” უწოდა. მისივე თქმით, კამპანია გაჩაღდა იმიტომ, რომ “პრეზიდენტ ბოლსონაროს მთავრობა ბრაზილიას ხელახლა აშენებს”. პრეზიდენტის შვილმა კი, რომელიც ასევე პოლიტიკოსია, ემანუელ მაკრონი იდიოტად მოიხსენია.

ემანუელ მაკრონის გარდა ამაზონის ტყის ხანძარს გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში, რომელმაც აღნიშნა, რომ ღრმად შეშფოთებულია მიმდინარე მოვლენებით და მათი გავლენით კლიმატის კრიზისზე. ლონდონის მერმა სადიქ ხანმა კი ბრაზილიის მთავრობა პროცესისთვის ხელის შეწყობაში დაადანაშაულა.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ხუთშაბათს, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ქვეყანას ამაზონის ტყეებში გაჩენილ ხანძართან გასამკლავებლად რესურსები არ აქვს.

“40 ადამიანი ცეცხლთან საბრძოლველად? რესურსები არ არის. ქაოსია”, – ციტირებს ბოლსონაროს BBC.

ხანძრის გაჩენის მიზეზებზე საუბრისას პრეზიდენტმა ისევ არასამთავრობო ორგანიზაციებზე მიანიშნა. მისი თქმით, შესაძლოა, ცეცხლი მათ გაეჩინათ, რათა მთავრობაზე NGO-ებისთვის დაფინანსების შემცირების გამო ეძიათ შური.

“ინდოელები, გინდათ, ინდოელები დავადანაშაულო? გინდათ, მარსელები დავადანაშაულო? ყველა ეჭვმიტანილია, თუმცა ყველაზე დიდი ეჭვმიტანილი არასამთავრობოები არიან”, – ასე უპასუხა მან ჟურნალისტებს.

როგორც მანამდე, ბოლსონარომ ვერც ახლა წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება ზემოაღნიშნულის დასასაბუთებლად:

“მე არასამთავრობოებს პირდაპირ ვადანაშაულებ? მე მხოლოდ ეჭვს გამოვთქვამ”.

ხანძარი ამაზონის ჯუნგლებში

ბრაზილიაში, ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძრების ინტენსივობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. ქვეყნის კოსმოსური კვლევის ცენტრის თანახმად, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ჯუნგლებში, რომელიც მილიონამდე ადგილობრივი მკვიდრის საცხოვრებელიცაა, ხანძართა რიცხვი, გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით, 80%-ით არის გაზრდილი.

სტიქია იმდენად ძლიერია, რომ მისი ეფექტი სატელიტიდან გადაღებულ მასალაშიც კარგად ჩანს. როგორც CNN ევროკავშირის სატელიტურ პროგრამაზე დაყრდნობით იუწყება, კვამლი ქვეყნის თითქმის ნახევარს ფარავს.

გარემოსდამცველი ორგანიზაციები, რომლებიც ამაზონის ტყის გადასარჩენად მუშაობენ, ვითარების გაუარესებაში ქვეყნის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს და მთავრობას ადანაშაულებენ. მათი თქმით, პრეზიდენტმა, რომელმაც პოსტი მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა, გარემოს დაცვის კონტროლი შეამსუბუქა, ტყის გადარჩენის ნაცვლად კი ბიზნესის ინტერესების სამსახურში ჩადგა. ორგანიზაციები ასევე აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტი პირდაპირ უწყობს ხელს ფერმერებსა და სხვებს, საკუთარი საქმიანობისათვის ამაზონის ტერიტორიები “გაასუფთაონ”.

ივლისში ჟაირ ბოლსონარომ ზემოხსენებული კოსმოსური კვლევის ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც “ტყუილად” შეაფასა უწყების მონაცემები ამაზონის ტყის განადგურების მასშტაბების შესახებ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ცენტრმა ივნისში გაავრცელა ცნობა ტყის განადგურების მაჩვენებლის 88%-ით ზრდის შესახებ 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამაზონის ტყეებში შექმნილი ვითარება ბოლო რამდენიმე დღეა, მსოფლიო მედიისა და სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა. მრავალმა მომხმარებელმა მოიყარა თავი საერთო ჰეშთეგის გარშემო: “ვილოცოთ ამაზონიისთვის”(#PrayForAmazonia).

ფოტო: AFP

მასალების გადაბეჭდვის წესი