ახალი ამბები

ირაკლი შოთაძე: ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილას სხვა დნმ-ის კვალიც აღმოჩნდა

19 თებერვალი, 2015 • • 1396
ირაკლი შოთაძე: ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილას სხვა დნმ-ის კვალიც აღმოჩნდა

“გამოძიებამ თავიდანვე იცოდა, რომ დნმ-ის კვალი აღმოაჩინეს. ვისი კვალი იყო, ეს არ ვიცოდით. ამ მიმართულებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება. სოსანაშვილამდე შემოწმებული იყვნენ სხვა მოქალაქეებიც დნმ-ის შესაბამისობაზე. სასაფლაოზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღმოჩენილია სხვა DNM-ის კვალიც”, – ამბობ ირაკლი შოთაძე.

 

მთავარი პროკურორის მოადგილის განცხადებით, გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას ვერ გასცემს. 

 

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით, დაკავებულია ყოფილი პოლიციელი გია სოსანაშვილი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 თებერვალს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

იური ვაზგააშვილი წლების მანძილზე იბრძოდა 2006 წლის 2 მაისს სპეცოპერაციის შედეგად მოკლული შვილის – ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯისთვის. იგი 2015 წლის 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში სწორედ მისი შვილის საფლავზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

 

2015 წლის 8 თებერვალს პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის გია სოსანაშვილს ბრალი სსკ 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმელ გარემოებაში) და 236-ე მუხლებით (საბრძოლო მასალის მართლსაწინაღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა.

 

პროკურატურის ცნობით, გამოძიებამ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღო საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. „ფალიის სახელური“, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით სოსანაშვილის დნმ-ის კვალი აღმოაჩინეს.

 

თავად სოსანაშვილი ბრალს არ აღიარებს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში სოსანაშვილს 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ირაკლი შოთაძე
ირაკლი შოთაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი