ახალი ამბები

თბილისიდან რუსთავში, გორსა და ზოგ სხვა ქალაქში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა

20 აგვისტო, 2019 • 1607
თბილისიდან რუსთავში, გორსა და ზოგ სხვა ქალაქში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა

თბილისიდან საქართველოს ზოგიერთ ქალაქში — სულ მცირე, რუსთავში, გორსა და ზესტაფონში — მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა. რუსთავში ფასი 20%-ით გაძვირდა, გორსა და ზესტაფონში — 33.3%-ით.

თბილისი-რუსთავის მარშრუტზე მგზავრობის ფასი ახლახანს გაიზარდა — მგზავრებს 1.50 ლარის ნაცვლად, ახლა უკვე 1.80 ლარის გადახდა უწევთ. ფასმა 20%-ით მოიმატა [30 თეთრით].

თბილისსა და გორს შორის მიკროავტობუსეთ მგზავრობა ერთი ლარით [მესამედით, ანუ 33.3%-ით] გაიზარდა და ახლა 4 ლარს შეადგენს. ეს ცვლილება 17 ივნისიდან მოქმედებს იმ მიკროავტობუსებზე, რომლებიც დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩერდებიან.

სააქციო საზოგადოება „დიდუბის ავტოვაგზალის“ სალარო, სადაც გორის მიმართულებით ბილეთებს ყიდულობენ. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

ეს მიკროავტობუსები ოპერირებენ სააქციო საზოგადოება „დიდუბის ავტოვაგზლის“ ქვეშ; როგორც გამოცემა qartli.ge წერს, ცვლილების პერიოდში სადგურზე, სალაროსთან გამოკრული განცხადება მგზავრებს აუწყებდა, რომ გაძვირების მიზეზი იყო „საწვავ-საპოხი მასალების გაძვირება და დამატებითი სკამების ამოღება“.

მგზავრობა 2 ლარით გაძვირდა ზესტაფონის მიმართულებით და 8-ის ნაცვლად 10 ლარი ღირს.

რის გამო გაიზარდა ფასები?

„დიდუბის ავტოვაგზლის“ დირექტორმა, ნესტორ მიქატაძემ „ნეტგაზეთს“ აღნიშნულ ხაზებზე ფასის ცვლილება ასე განუმარტა:

„მიკროავტობუსები ავტოსადგურს არ ეკუთვნის. ისინი ეკუთვნის გადამზიდველებს, კერძო მფლობელებს. ამასთან, მანქანის მფლობელი შეიძლება სხვა იყოს, მძღოლად სხვა ჰყავდეს გამწესებული და მას უხდის ფულს. უმეტეს შემთხვევაში სწორედ ასეა. ჩვენ მათ ვემსახურებით ბაქანით, სალაროებით, დასასვენებელი ოთახით, დარბაზით, ბილეთების რეალიზაციით და ა.შ… ამისთვის ჩვენ გვრჩება ბილეთის ღირებულების 20%. ესაა სადგურის შემოსავალი. დანარჩენი — 80% — ეკუთვნის მძღოლებსა და მანქანის მეპატრონეებს“.

სააქციო საზოგადოება „დიდუბის ავტოვაგზალის“ სადგური დიდუბის მეტროსთან. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

მიქატაძე ამბობს, რომ ზოგიერთ მარშრუტზე მგზავრობის ღირებულებამ მძღოლებისა და მანქანების მეპატრონეების მოთხოვნის შემდეგ მოიმატა „ბოლო პერიოდში [სხვადასხვა საქონელზე] ფასების მატების გამო, ასევე, ეროვნული ვალუტის კურსის დაცემის გამო“.

„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო [იმ ფასად ოპერირება]. თვითღირებულება — ანუ საწვავის, მანქანის შენახვის, ხელფასი, — იყო მეტი, ვიდრე ბილეთის ფასი“, — გვითხრა მიქატაძემ. მისი თქმით, ყველა მძღოლი და ყველა მანქანის მეპატრონე, რომელიც მათთან მუშაობას, „არის საგადასახადო აღრიცხვაზე და არის გადასახადის გადამხდელი, შესაბამისად, ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებები მათაც აქვთ“.

ბილეთების რეალიზაციიდან თანხას ვაძლევთ, ვიტოვებთ მხოლოდ 20%-ს. ამ 80%-ში შედის ბენზინის, საწვავის, ბიუჯეტის გადასახადი, სხვა ხარჯები.

რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსები. 20/08/2019. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მასალების გადაბეჭდვის წესი