ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, შეთანხმდნენ, რომ კლინიკები დადებენ ხელშეკრულებას დასუფთავების კერძო სამსახურებთან, რომლებიც შემდგომ პასუხისმგებლნი იქნებიან ეზოების დასუფთავებაზე.
ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, კლინიკების ეზოების დასუფთავების მონიტორინგი ხვალ, 18 თებერვალს იწყება. სამინისტროს წარმომადგენლები საავადმყოფოში, როგორც სტომატოლიგიური კლინიკების შემთხვევაში, სპეციალური კითხვარებითა და ჩექ–ლისტებით მივლენ, რითაც ისინი საავადმყოფოების ეზოებში არსებულ მდგომარეობას შეაფასებენ. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მინისტრის მოადგილის თქმით, კლინიკებს მდგომარეობის გამოსასწორებლად 1–თვიანი ვადა ექნებათ.
“1 თვის შემდეგ უკვე შედის დადგენილება ძალაში, ეს არის დადგენილება სალიცენზიო პირობების შესახებ, სადაც უკვე ყველა სხვა პირობებთან ერთად მითითებულია, რომ ერთ–ერთი სალიცენზიო პირობა იქნება ეზოების წესრიგში მოყვანა. ვინც დაარღვევს უკვე ამ სალიცენზიო პირობას, ის, რა თქმა უნდა, დაჯარიმდება. ჯარიმის ზომას სასამართლო განსაზღვრავს,”– განმარტავს ვალერი კვარაცხელია.
მინისტროს მოადგილემ კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, რომ სამინისტროს მიზანი ვინმეს დაჯარიმება არ არის და შემოწმებას პირველ ეტაპზე მხოლოდ მონიტორინგის სახე ექნება. 1–თვიანი ვადის გასვლის შემდეგ კი რეგულირების სააგენტოს ექნება შესაძლებლობა, რომ კლინიკები შეამოწმოს და შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს.
გასულ თვეში ჯანდაცვის სამინისტრომ სტომატოლოგიური კლინიკების, ტატუსა და სილამაზის სალონების მონიტორინგი დაიწყო.