ახალი ამბები

ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში კარადა ჩააშენეს

18 აგვისტო, 2019 •
ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში კარადა ჩააშენეს

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსში მორიგი უნებართვო ქმედება გამოვლინდა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ მოქალაქეებისგან ფოტომასალა მიიღეს, სადაც მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო ფიქსირდება, რომელიც ინტერიერში თვითნებურადაა დამონტაჟებული.

მიწოდებული ფოტომასალაზე სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასებით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების მქონე სათავსო ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე უძრავი ძეგლის ინტერიერის ვიზუალურ მხარესთან სრულ შეუსაბამობაშია და მის კულტურულ ღირებულებას ხელყოფს:

“უნებართვოდ განხორციელებული სამუშაოების შედეგების სამართლებრივი შეფასებისა და აღკვეთის უზრუნველსაყოფად სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი სოფ. ტიმოთესუბანში 20 აგვისტოს გაემგზავრება. მონიტორინგის ვიზიტის მსვლელობაში სხვა სასულიერო პირებთან ერთად ჩაერთვება ადგილობრივი ეპარქიის მღვდელმთავარი, რომლის განმარტებით აღნიშნული ქმედების შესახებ არც ეპარქიას და არც საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაცია არ ჰქონია. სამუშაო ჯგუფის სპეციალისტები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების ზეგავლების ხარისხს შეისწავლიან და ადგილობრივ სასულიერო პირებს მის დემონტაჟს მოსთხოვენ” – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

სააგენტოში ამბობენ, რომ ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს.

კარადა ტიმოთესუბნის მთავარ ტაძარში

მასალების გადაბეჭდვის წესი